ლენინგრადის ბლოკადა და თინა ხიდაშელი

თინა ხიდაშელის მიერ ლენინგრადის ბლოკადასთან დაკავშირებულ განცხადებას საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ლენინგრადის ბლოკადა იყო გმირობის მაგალითი და ის ხელშეუხებელია.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლებისგან რბილ განცხადებებს არ უნდა ელოდოს, თუმცა მას არ სჯერა, რომ თინა ხიდაშელს ასეთი რამ ეთქვას ლენინგრადის ბლოკადის თაობაზე.

თავის მხრივ, რუსული მხარე საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ანტირუსული რიტორიკით უკმაყოფილოა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი უკმაყოფილებას გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის, პირველ რიგში, თინა ხიდაშელის მხრიდან მკაფიო ანტირუსული პოლიტიკის გამო, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთისთვის სანქციები სულ ერთია, რადგან ეს ხალხი მიჩვეულია 900 დღე ძაღლების და კატების ჭამას. კარასინის თქმით, აქ იგულისხმება ლენინგრადის ბლოკადა და ეს უკვე აღემატება ყველა ზღვარს.

მოგვიანებით, თინა ხიდაშელი შეეცადა, უკეთ გამოეხატა სათქმელი და განმარტა, რომ „ტანჯვის გაგება სრულიად განსხვავებულია რუსეთსა და დანარჩენ მსოფლიოში და ამის მაგალითია ლენინგრადის ბლოკადა“.

რას ნიშნავდა ფაშისტებთან მებრძოლი ხალხისთვის ლენინგრადის ბლოკადა, რომელიც 1941 წლის 8 სექტემბერს დაიწყო და 1944 წლის 18 იანვარს დამთავრდა?

ეს იყო გერმანელთა მიერ ლენინგრადზე განხორციელებული სამხედრო ოპერაცია, კოდური სახელწოდებით, „ნორდლიხტი“ (ანუ ჩრდილოეთის ნათება). ალყაშემორტყმულ ლენინგრადში მიმდინარეობდა ბრძოლა გადარჩენისთვის.

ქალაქში დარჩენილი იყო 2 544 000 ადამიანი (მათ შორის, 400 000 ბავშვი), მეომრები, რომლებიც იცავდნენ ქალაქს, სურსათის მარაგი კი ქალაქს მხოლოდ 1-2 თვე ჰყოფნიდა. ამას დაემატა ისიც, რომ დაბომბვის შედეგად დაიწვა საწყობები, სადაც ინახებოდა სურსათ-სანოვაგის მარაგები. ქალაქში გაჩერდა ყველა სახის ტრანსპორტი, რადგან საწვავი ფაქტიურად არ დარჩა. ქალაქს არ მიეწოდებოდა წყალი და არ ფუნქციონირებდა კანალიზაციის სისტემა, რადგან დაბომბვამ ინფრასტრუქტურა დაანგრია.

შესაბამისად, შემოიღეს ბარათები- 400 გ. პური მუშებზე და ინჟინერ-ტექნოლოგებზე, ხოლო დანარჩენზე 250-გრამი ერთ სულ ადამიანზე. ცოტა ხანში რესურსების შემცირების გამო, რაციონი კიდევ უფრო შემცირდა და 200-150 გრამი გახდა. დაიწყო შიმშილობა, ხალხი მარადიორობდა, გახშირდა მკვლელობები, ერთი ნაჭერი პურისა და ბარათისთვის კლავდნენ ადამიანს. ესხმოდნენ და არბევდნენ მაღაზიებს, საცხობებს. ხალხი პირდაპირ ქუჩაში ეცემოდა და კვდებოდა. სასოწარკვეთილი ადამიანები ჭამდნენ ყველაფერს – ცხოველებს, ძაღლებს, კატებს, ვირთხებს, ფრინველებს. წებოსგან ხარშავდნენ სუფს, ყლაპავდნენ წამლებს – გლიცერინს, ვაზელინს.

და ამ შემთხვევაშიც, ისევე, როგორც უკრაინული „ჰოლოდომორის“ (შიმშილით სიკვდილის) დროს, იყო კანიბალიზმის შემთხვევებიც. ხალხმა დაიწყო მკვდარი ადამიანების ჭამა, რომლითაც სავსე იყო ქალაქი.

თუმცა, გადმოცემით, მიუხედავად შიმშილისა და დაბომბვისა, ძალაგამოცლილი ხალხი მიდიოდა ტაძარში, სადაც მსახურობდა ალყაშემორტყმული ქალაქის საყვარელი მწყემსი, მეუფე ალექსი, რომელიც ლენინგრადის ზეციური მეოხის – წმინდა ალექსანდრე ნეველის იმედით ამხნევებდა ხალხს.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, თუ ხიდაშელმა ლენინგრადის ბლოკადის შესახებ ასეთი რამ მართლაც თქვა, პრემიერ-მინისტრი ვალდებულია, ან საჯაროდ გაკიცხოს, ან გადააყენოს თანამდებობიდან, რადგან აქ პუტინი არაფერ შუაშია და ნახევარი მილიონი ადამიანი შიმშილით დაიღუპა ბლოკადაში.

„რუსეთში სწავლების დროს მინახავს ადამიანები, რომლებსაც პასპორტში ბეჭედი ერტყათ იმის დასამტკიცებლად, რომ ლენინგრადის ბლოკადა გადაიტანეს. ისინი უამრავი პრივილეგიით სარგებლობდნენ. ეს წარმოუდგენელი გმირობა იყო. იყო მომენტი, როცა დღიურად 40 გრამი პური ხვდებოდა ადამიანს, წყალი არ იყო, ყინულს ამტვრევდნენ და იქიდან ამოჰქონდათ წყალი. ამიტომ ხიდაშელის განცხადება ჩვენი წინაპრების ხსოვნის შეურაცხყოფაა. ეს მაგონებს ოქრუაშვილის უტაქტო განცხადებას, ფეკალიაც გაიყიდება რუსეთშიო. დაკნინდა ჩვენი საზოგადოება, რომ ასეთი რამ რეაქციის გარეშე გაატაროს იმ იმედით, მერე რა, თინა ხიდაშელმა ეს ხომ რუსეთზე თქვა და არა -ამერიკელებზე, ევროპელებზე?! ბოლოს და ბოლოს, ომის პირველ წლებში ინგლისშიც იყო კანიბალიზმი, როცა ლონდონისთვის ბრძოლა მიმდინარეობდა. ამაზე ფილმიც იყო გადაღებული, იმ დღეებს გავლილი ხალხი ისე მიეჩვია ადამიანის ხორცს, რომ ომის დამთავრების შემდეგაც იტაცებდნენ ადამიანებს. როდესაც მოსკოვზე შეტევა უშედეგოდ დასრულდა, ჰიტლერმა გადაწყვიტა, ბლოკადით აეღო ლენინგრადი. სტალინმა დასავლეთის ფრონტიდან გამოიძახა ჟუკოვი და ლენინგრადის დაცვის მთავარსარდლად დანიშნა. მაშინ ჟუკოვმა არაადამიანური ბრძანება გასცა, დაეხვრიტათ იმ ჯარისკაცის ოჯახის წევრები, რომელიც გერმანელებს ტყვედ ჩაბარდებოდა. თუმცა ცეკას მდივანმა, სტალინთან დაახლოებულმა მალენკოვმა ეს ბრძანება ძლივს გადაათქმევინა თავნება ჟუკოვს. ძალაში დარჩა მხოლოდ ის, რომ ტყვედ ჩაბარებულის ოჯახის წევრებს აღარ აძლევდნენ პურის ბარათებს, რაც შიმშლით სიკვდილს ნიშნავდა“,-აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

მისივე თქმით, ინტელიგენტი ოჯახები დისტროფიკები, ჭლექიანები ხდებოდნენ, იხოცებოდნენ, მაგრამ კატისა და ძაღლის ხორცს არ ჭამდნენ, მაგრამ იყვნენ უბრალო ადამიანებიც, რომლებსაც სხვა გზა არ ჰქონდათ. ისინი იპარავდნენ პურის ბარათებს, რადგან ბარათზე სახელი და გვარი არ ეწერა. სოსო ცინცაძე თვლის, რომ ხიდაშელი და რესპუბლიკელები ახლა გრძნობენ, რომ იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც იმედგაცრუება აქვთ გაევროპელების ჭრილში. ამიტომ შესაძლოა, თინა ხიდაშელს მართლაც სურს, რუსეთთან ისე დაძაბოს ურთიერთობა, კონფლიქტამდე მიიყვანოს საქმე, ეგებ, მაშინ მაინც მიგვიღონ ნატოში, მაგრამ ამის იმედად ყოფნა სისულელეა.

„ხიდაშელს მუხრუჭები არ აქვს და ახლა, როგორც არ უნდა იმართლოს თავი, რისი გაფუჭებაც შეეძლო, უკვე გააფუჭა. არსებობს ზნეობისა და ეთიკის ზღვარი. რესპუბლიკელებს, ეტყობა, ორი წიგნი არ აქვთ ომზე წაკითხული. მაშინ რაღას ვალაპარაკებთ ზურაბ აბაშიძეს კარასინთან? ზურაბ აბაშიძემ აუცილებლად უნდა გააკეთოს განცხადება თინა ხიდაშელის ნათქვამის თაობაზე“.

For.ge რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესაც დაუკავშირდა, თუმცა მან გვითხრა, რომ თბილისში არ იმყოფებოდა და კომენტარისთვის არ ეცალა.

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთება არ შეიძლება და სახელმწიფო მოხელეები ფრთხილად უნდა იყვნენ, როცა ცალკეული ხალხის გაჭირვების თემით აპელირებენ. ისტორიკოსი ფიქრობს, რომ დიდი ხანია, რუსი ერის სიძულვილით იზრდებიან მომავალი თაობები. არადა, შეიძლება რუსული პოლიტიკა არ მოგწონდეს, მაგრამ ეს ერების სიძულვილში არ უნდა გადაიზარდოს. მით უმეტეს, დღეს ყველანაირად გვჭირდება ურთიერთობის მოგვარება რუსეთთან.

„ლენინგრადის ბლოკადა მეორე მსოფლიო ომის გმირული ბრძოლის ფურცელია, როცა გაუსაძლის პირობებში მყოფი ხალხი ფაშისტებისაგან იცავდა თავის ქვეყანას. ფაშიზმი არავის გაუმართლებია დედამიწის ზურგზე, ვის წინააღმდეგაც არ უნდა ყოფილიყო ის მიმართული. ლენინგრადის ბრძოლებს დიდი მნიშვნელობა რომ ჰქონდა, ეს იქიდანაც ჩანს, რომ ამდენ ხანს გაგრძელდა და ამდენი ხნის განმავლობაში გერმანელები არ მოეშვნენ ლენინგრადელებს. ადამიანი ყველაზე დიდი ცხოველია დედამიწის ზურგზე და, როდესაც გაუსაძლის მდგომარეობაში ჩავარდება, ყველაფერს კადრულობს. ამიტომ ამის მარტო რუსებზე განზოგადება არ შეიძლება. საშინელებები გაუკეთებიათ ყველა ქვეყანაში. მსოფლიოს ნებისმიერი ადამიანი მოიქცევა უღირსად, თუკი ის ჩავარდება გაუსაძლის მდგომარეობაში. ამის მაგალითია ჰოლოდომორიც“, – აცხადებს გიორგი ოთხმეზური.

წყარო
for.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.