პარლამენტის წევრი ლერი ხაბელოვი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით, სასამართლოში საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
“ინფო 9”-სთან საუბარში ოლიმპიური კომიტეტის მოქმედი პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი აცხადებს, რომ მისთვის საკითხის შესახებ სასამართლოს არც შეტყობინება გაუგზავნია და არც მიწვეული ყოფილა.
“არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ვერ გეტყვით, სასამართლომ გადაწყვეტილება ასე როგორ მიიღო, ეს მიკვირს. არ დავუბარებივარ და ინფორმაცია ოლიმპიურ კომიტეტში არ აქვთ”, – განაცხადა ხაბელოვმა.
თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2016 წლის 23 დეკემბერს ჩატარებული ოლიმპიური კომიტეტის არჩევნების შედეგები ბათილად სცნო. საქმის განხილვა პრეზიდენტობის კანდიდატის ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელის საფუძველზე მიმდინარეობდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოლიმპიური კომიტეტი იმ მდგომარეობას დაუბრუნდა, რომელშიც არჩევნებამდე იმყოფებოდა და 2016 წლის 23 დეკემბრის შემდეგ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ბათილად ითვლება. სარჩელის საფუძველი დელეგატთა რეგისტრაციის წესს უკავშირდება.