ლევან ბერძენიშვილი: თუ გია გაჩეჩილაძეს ვახტანგ ხმალაძეზე უკეთესი იურისტი ჰყავს, საზოგადოებას ნუ დაუმალავს

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ლევან ბერძენიშვილმა კოალიცია „ქართული ოცნების“ რიგებში „მწვანეთა პარტიისა“ და „სოციალ-დემოკრატების“ შესაძლო გამოჩენაზე გაზეთ `კვირის პალიტრასთან” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ევროპასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კოალიციაში ახალი წევრების მიღების საკითხს პოლიტსაბჭო წყვეტს. ლევან ბერძენიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აღნიშნულ პარტიებს რეალურად არც იცნობს, ამის საპასუხოდ გია გაჩეჩილაძემ მას „მწვანეთა“ და „რესპუბლიკური“ პარტიების ათეულის შედარება ურჩია.

„რად გვინდა ეს საუბრები? როგორ შევადარო ჩემი პარტიის პირველი ათეული, როდესაც გაჩეჩილაძის ათეულზე ინფორმაციაც კი არ მაქვს. შეიძლება ბევრად უკეთესები არიან, მაგრამ გაგვაცნოს, რა პრობლემაა?! ჩვენ კოალიციის სრულუფლებიან პარტიას წარმოვადგენთ და არა მგონია, ყველა ძალის პოლიტიკურ ინიციატივას აუცილებლად გულმხურვალედ უნდა შევხვდეთ. შესაძლოა, მსგავსი წინადადებები სხვა 50 პარტიასაც ჰქონდეს, მაგრამ ჩემს პოზიციას ყოველთვის დავაფიქსირებ. კი ბატონო, კოალიციას ახალი ძალები და სახეები სჭირდება, ამაზე თანახმა ვარ, მაგრამ ვინ იქნება მისი წევრი, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. მეტიც, ჩემს მოსაზრებას განსაკუთრებულ ყურადღებას არც არავინ მიაქცევს.

შესაძლოა, კოალიციაში მო­მხრეები იპოვონ კიდეც, მაგრამ სხვა პარტიებსაც ჰკითხონ, იქნებ ყველას არ უხარია ახალ-ახალი წევრები?! ვკითხოთ “ფორუმს”, “ქართულ ოცნებას”, რას ფიქრობენ ისინი. მე ჩემი პარტიის გულშემატკივარი ვარ და გაჩეჩილაძესა­ და ჟორჟოლიანს ეს რატომ სწყინთ, ვერ გამიგია. მათ თავისას უგულშემატკივრონ.

ათეულზე საუბარი კი მართლაც არასწორი იყო. თუ გია გაჩეჩილაძეს ვახტანგ ხმალაძეზე უკეთესი იურისტი ჰყავს, საზოგადოებას ნუ დაუმალავს.”- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა „კვირის პალიტრის” ჟურნალისტ რუსუდან შელიასთვის მიცემულ ინტერვიუში.

წყარო

Leave A Reply

Your email address will not be published.