ლევან კობიაშვილი: მოვუწოდებ იმერეთის რეგიონალურ ფედერაციას და სამართალდამცავებს, რაც შეიძლება სწრაფად იქნას გამოძიებული ფაქტები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დღეს იმერეთის რეგიონალურ ფედერაციაში გამართულ შეხვედრას დაესწრო.

შეხვედრაზე განიხილებოდა 21 ოქტომბერს ვანის სტადიონზე მომხდარი ინციდენტი, სადაც ერთმანეთს მეორე ლიგაში მოასპარეზე ჩოხატაურის „ბახმარო” ვანის „სულორს” შეხვდა. თამაშის ფრედ დასრულების შემდეგ, „სულორის” გულშემატკივრები შეიჭრნენ სტადიონზე და მსაჯს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე მოხდა კლუბის წარმომადგენლების შეჭრა მსაჯის ოთახში და გასახდელში.
იმერეთის რეგიონალურ ფედერაციაში გამართულ შეხვედრაზე მომხდარი ინციდენტი განიხილეს და მხარეთა არგუმენტებს მოუსმინეს. შეხვედრაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს მსაჯმა, დამკვირვებელმა, დელეგატმა და მხარეების წარმომადგენლებმა.
ლევან კობიაშვილმა შეხვედრაზე დააფიქსირა, რომ უმკაცრესად დაისჯება ინციდენტში მონაწილე ყველა ადამიანი.
„ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, დავსწრებოდი ამ ინციდენტის განხილვას, რადგან მსგავსი შემთხვევები ხელს უშლის და აზიანებს ქართულ ფეხბურთს და უნდა იყოს აღმოფხვრილი. სამწუხაროდ, გულშემატკივრების მხრიდან ადგილი ჰქონდა დაუშვებელ ქმედებებს. ამიტომ მე მოვუწოდებ იმერეთის რეგიონალურ ფედერაციას და სამართალდამცავებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად იქნას გამოძიებული ფაქტები და მიღებულ იქნას მაქსიმალური ზომები. სამაგალითოდ დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვინც მსგავსი ქმედებით აზიანებს ქართულ ფეხბურთს. ეს არის დაუშვებელი”, – აცხადებს ლევან კობიაშვილი.

Leave A Reply

Your email address will not be published.