ლევან ლორთქიფანიძე „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს აფასებს

ორგანიზაცია „მწვანე მუშტის” დამფუძნებელი ლევან ლორთქიფანიძე „რუსთავი 2″-ის ირგვლივ განვითარებულ ბოლოდროინდელ პროცესებზე სოციალურ ქსელში წერს:

„1) ‪„რუსთავი 2″-თან დაკავშირებით ტელეკომპანიის სხვადასხვა ყოფილი მფლობელის საჩივარი პროკურატურაში 2012 წელს შევიდა. „რუსთავი 2″-ის საინფორმაციო ძალაუფლების გაძლიერების და ჩაუნაცვლებლობის, ხელისუფლების მწვავე კრიტიკის შედეგიანობისა და სამთავრობო კოალიციის რეიტინგის მუდმივი დაცემის ფონზე, 2012 წელს დასაწყები გამოძიებისა და სასამართლო პროცესების არჩევნებამდე ერთი წლით ადრე გააქტიურება თვალშისაცემი უსამართლობა, უდავოდ შეიცავს უხეში პოლიტიკური ჩარევის ნიშნებს. რაც ხდება, არ ვარგა, პროცესი სამი წლით ადრე უნდა დაწყებულიყო.

2) საკუთარი ჯიბის უსაფრთხოებისათვის მებრძოლი, ყველაფერზე წამსვლელი და ყველა მთავრობისადმი ლოიალური, მშიშარა ბიზნესმენების არ მწამს. ცხადია, რომ ისინი არც თავიანთი ქონებისთვის და არც თავისუფალი მედიისთვის იბრძვიან. მათი ერთადერთი ამოცანა ლოიალობის მოპოვება და საკუთარი კაპიტალის დაბინავება გახლავთ.

3) არ მჯერა, რომ „რ2″ სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის იბრძვის. ცხადია, რომ იგი „ნაციონალური მოძრაობის” ოფიციალურ ორგანოს წარმოადგენს. ისინი იმართებიან და ფინანსდებიან ექს-პრეზიდენტის გარემოცვისაგან. ეს მათი უფლებაა. არც იმის მჯერა, რომ ერთ დროს მედიის პლურალიზმის კრიტიკულ მინიმუმამდე შემამცირებელი მთავრობის, ქვეშევრდომი პარლამენტისა და რეპრესიული პროკურატურის წამყვანი ფიგურა დღეს საქართველოს დასავლური ინტეგრაციისთვის იბრძვის. ექს-მინისტრი, ექს-დეპუტატი, ექს-პროკურორი და ექს-გენდირექტორი ჩემთვის ყოველთვის დარჩება სუბიექტად, რომელმაც „ნოემბრიდან ნოემბრამდე” გადაიღო (იქ აღწერილი არც ერთი ბრალდებისათვის არავინ არ დასჯილა, ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა) და „იმედის” დარბევა მისი მიკერძოებულობის გამო აბსოლუტურად ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნია.

4) ნიჭიერი ადამიანების ცენზორებად მოხსენიება უსამართლობა და უტიფრობაა. შეიძლება ვიღაცებს ჰგონიათ, რომ მათ ეშლებათ, ასე არ უნდა მოქცეულიყვნენ და ა.შ. მაგრამ ისინი ცენზორები ნამდვილად არ არიან და მჯერა, რომ დემოკრატიული კულტურა და ღირსება აქვთ. ისინი იქ „ვრემიას” არ გახსნიან.

5) არსებობს დიანა ტრაპაიძის შესანიშნავი „ქრონიკის სტუდია”, რომელსაც სულ ველოდები ხოლმე, არსებობს პროგრესირებადი „მაესტრო” (უბრალოდ, მე ვძულვარ ვიღაცას იქ, მე მატყუებენ, თორემ ყველას უთმობენ თავისუფალ მიკროფონს), არსებობენ უკვდავი და მუდმივად მომუშავე ტრადიციული ტელესადგურები, არსებობენ „რ2″-ის მსგავსი, ოღონდ მარგინალური ტელეარხებიც.

2007 წელთან შედარებით მილიონჯერ გაზრდილია სოციალური ქსელების მნიშვნელობა, მათი გავლენა უკვე მთელ საქართველოზე ვრცელდება. ციფრული მაუწყებლობა, Must-carry და სხვა ამგვარი მექანიზმები წარმოუდგენლად ამარტივებენ სატელევიზიო საქმიანობას.

მაშასადამე, დროებითი საფრთხე ემუქრება მედიის პლურალიზმის ერთ კომპონენტს და ჩრდილოეთკორეული მოდელის საქართველოში განხორციელებაზე მოთქმა გადაჭარბებულია.

შეგახსენებთ, რომ დემოკრატიის გზა მხოლოდ სამოქალაქო-პოლიტიკურ უფლებებზე არ გადის (ეს უფლებები უმნიშვნელოვანესს, მაგრამ არა ერთადერთ როლს ასრულებენ). დემოკრატიის გზა ამ ყველაფერთან ერთად ჩვენი კეთილდღეობის არეალსაც კვეთს. სანამ ადამიანებს შიათ, სწყურიათ, შემოსავალი ტანსაცმელზეც კი არ ჰყოფნით, სანამ ისინი უხარისხო განათლებას იღებენ ნაკლებად ხელმისაწვდომ ფასად, სანამ მდიდართა ფენა თავად წყვეტს ყველაფერს, სანამ ადამიანები სამუშაო ადგილებზე იღუპებიან, მანამდე დემოკრატიასა და ევროინტეგრაციაზე საუბარი ისედაც ნაადრევია.

მოკლედ, რისი თქმა მინდა, რომ ჩვენი პოლიტელიტიდან ყველას ფეხზე ვკიდივართ … თვითონ ხოცავენ ერთმანეთს. ბოლოს ბედნიერები იქნებიან ყველანი, ჩვენი უბედურების ხარჯზე. მშვიდობაც არ უნდათ, რომ დაგვიტოვონ”, – წერს ლორქიფანიძე.

Leave A Reply

Your email address will not be published.