ლევან მურუსიძემ სკანდალური საკითხების გასაჯაროვება დაანონსა

ნინო გვენეტაძის გარშემო ახალი სკანდალი მწიფდება. საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა გვენეტაძე ჯერ სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლაში დაადანაშაულა და შექმნილი ვითარებიდან ერთადერთ გამოსავლად იუსტიციის საბჭოს დათხოვნა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომა დაასახელა.

დღეს კი, მორიგი სკანდალური განცხადება გააკეთა და არასამთავრობო ორგანიზაციებს 2015 წლის 21 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით ჩატარებულ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტურ გამოცდაზე, ტესტების და წერითი კაზუსების წინასწარ გამჟღავნებაზე ინფორმაცია მიაწოდა.

მამუკა ახვლედიანის განცხადებით, მომხდარზე მთელი პასუხისმგებლობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებს, მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს ეკისრება.

„ტესტი, რომელიც წინასწარ მიეწოდებოდა კანდიდატს, მე მომაწოდეს სასამართლოს კეთილისმსურველებმა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა იმსჯელონ, თუ რა სახის დანაშაულთან გვაქვს საქმე. სწორედ ამიტომ გავაცანი ეს დოკუმენტი მათ. ჩემთვის უცნობია ვინ არიან ადამიანები, რომლებმაც ტესტის წინასწარ გამჟღავნებას ორგანიზება გაუკეთეს. ეს ინფორმაცია დიდი ხანია არსებობდა იურიდიულ წრეებში, მაგრამ დადასტურებულად, ახლა მოვიპოვე დოკუმენტი. მასალები, რომელიც მე მაქვს გადავეცი იუსტიციის საბჭოს, რომელმაც უნდა შეამოწმოს მისი ნამდვილობა. აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ეკისრება იუსტიციის საბჭოს წევრებს, მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს“, – განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

მამუკა ახლვლედიანის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, ერთ-ერთმა კონკურსანტმა წინაწარ იცოდა იმ ტესტირების პასუხები, რომელიც მას უნდა გაევლო, არასამთავრობოები ვარაუდობენ, რომ ეს მხოლოდ ერთ კონკურსანტს არ ეხება და მათი რიცხვი შესაძლოა, გაცილებით დიდი იყოს. არსამთავრობოების განცხადებით, აუცილებლია ამ საკითხზე რეაგირება მოახდინოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და მან გამოიკვლიოს ვინ გაიტანა კონკრეტული დოკუმენტაცია. თუკი გამოიკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, გამოძიება უნდა დაიწყოს.

მოსამართლეების საგამოცდო ტესტების წინასწარ გამჟღავნებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმეტს საგანგაშოს უწოდებს იუსტიციის მინისტრი.

„ჯერ გავეცნობი მისი განცხადების ტექსტს და თუ ამგვარი საგანგაშო რამ თქვა, რეაგირება აუცილებლად გვექნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სააპელაციო სასამართოს მოსამართლის ლევან მურუსიძის განცხადებით კი, ის იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ერთად, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებზე მეტად საინტერესო საკითხებზე მუშაობს. მურუსიძე ამბობს, რომ მალე ყველაფერი ცნობილი გახდება, ამ ეტაპზე კი, ის დეტალების გამჟღავნებისგან თავს იკავებს. თუმცა, აქვე აანონსებს, რომ გარდა გამოცდის პროცესებისა, სხვა უფრო საინტერესო საკითხებს გახდის საჯაროს.

„ამასთან დაკავშირებით ვმუშაობ, მაგრამ არ მინდოდა დროზე ადრე გამჟღავნებულიყო. არა მარტო ეს თემა, არის გარკვეული თემები, რომლებზეც საბჭო მუშაობს, უბრალოდ, ინფორმაციის ვადაზე ადრე გამჟღავნება არასწორი იყო. ყველას აქვს თავისი პირადი ინტერესი და ცდილობენ თავის სასარგებლოდ გააკეთონ ის, რაც არ არის საჭირო.

ეს განცხადებები ერთ რამეს ემსახურება – ადამიანები, დროზე ადრე ცდილობენ ჯავშნით აღიჭურვონ. არ იყო საჭირო, რომ ასეთი კონფიდენციალური ინფორმაცია გარეთ გამოსულიყო. არის ფაქტები, რომლებიც შესაძლოა, იყოს კორუფციული და ამიტომ არ იქნება დამალული. შეიძლება იმაზე მეტი ინფორმაცია მე მაქვს, რაც მამუკა ახვლედიანმა გაიგო“, – აღნიშნა ლევან მურუსიძემ.

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე მომხდარ შემთხვევაზე ინფორმაცია არ აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ლევან თევზაძეს. მისი თქმით, ის, რომ გარკვეულმა კონკურსანტებმა წინასწარ იცოდნენ ტესტები, მისი პასუხები და ეს საბჭოდან იყო გატანილი, ამის შესახებ ინფორმაცია პირველად ესმის.

„პირველად მესმის. დოკუმენტაცია თუ არ ვნახე, ისე პასუხს ვერ გაგცემთ. ამ საკითზე საბჭოში მსჯელობა არ ყოფილა. ზოგადად, ჭორები არის ხოლმე. თუ დადასტურდა ყველამ უნდა აგოს პასუხი. აუცილებლად დავაყენებ საბჭოზე ამ საკითს. დაესწრება ალბათ, ბატონი მამუკაც და ვნახავთ რა დოკუმენტები აქვთ, ეს საკითხი უახლოეს საბჭოს სხდომაზე იქნება განხილული. კონკრეტულად, რომ ამ გამოცდაზე ვიღაც საბჭოს წევრმა რაღაც გაიტანა, ინფორმაცია არ მქონია,

თუმცა იყო ფაქტი, როდესაც გამომცდელებმა მაღალი ქულები მიიღეს. დავინტერესდით კიდეც, კონკრეტული გვარი არ მახსოვს, მაგრამ დოქტორანტი იყო. ასიდან ასი ქულა მიიღო. ნაწერი არ მინახავს. საეჭვო კი იყო, მაგრამ იმის უფლება არ მაქვს, რომ ნაწერები და ტესტები ვნახო“, – აცხადებს ლევან თევზაძე.

როგორც ირკვევა, მამუკა ახვლედიანის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს. ამ სკანდალურ ფაქტს უკომეტაროდ ტოვებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც საქართველოში არ იმყოფება. ყოფილი მოსამართლე ლალი ლაზარაშვილი კი თვლის, რომ ნინო გვენეტაძე სრულ უმცირესობაშია და მას სხვადასხვა მეთოდებით ებრძვიან.

„შიდა ბრძოლებია. ბუნებრივია, თუკი ასეთი ფაქტს ჰქონდა ადგილი, უნდა გამოვლინდეს, რადგან ეს აზარალებს სასამართლოს. თუმცა, იცით რა არის საინტერესო? – წინა პერიოდში რატომღაც ყველა დუმდა იმ ფაქტებზე, რაც ხდებოდა სასამართლო სისტემაში. დღეს გამოცდების ჩატარება აღელვებთ და წინა წლებში, როდესაც აბსოლუტურად ფეხქვეშ იყო გათელილი მართლმსაჯულება, ეს არავის აღელვებდა.

რა თქმა უნდა, გამოცდები სწორად უნდა ჩატარდეს, მაგრამ ის უსამართლობა, რომელიც წლების განმავლობაში იყო და რომელიც დაფიქსირებული აქვს სტრასბურგის სასამართლოს, ეს არავის არ აღელვებდა. მეტიც, დღეს ამ ფაქტებზე ამბობენ, რომ თურმე სწორი გადაწყვეტილება იყო. საკითხისადმი არათანაბარი და მიკერძოებულ მიდგომასთან გვაქვს საქმე“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლალი ლაზარაშვილმა.

for.ge-სთან საუბრისას იურისტი, ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ სახეზეა სასამართლო სისტემის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მცდელობა, რომელიც სასამართლო რეფორმისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის შემდეგ დაიწყო.

„ვიცით, რომ გვენეტაძე პრეზიდენტის მიერ იყო წარდგენილი. ასევე ვიცით, რომ ამ პროცესში ჩართული იყვნენ: დღევანდელი განცხადების ავტორი, თვითონ იუსტიციის საბჭოს მდივანი და მათი მხარდამჭერთა ჯგუფი. საკუთარი კანდიდატის გაყვანა სურდათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე.

როგორც ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან ჩანს, ამ ჯგუფის ამბიცია არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ახლა მსგავსი განცხადებების კეთებით, რომელიც პოლიტიკის ზღვარს გასცდა, ცდილობენ გავლენის მოხდენას იმ პროცესზე, რაც სასამართლო სისტემის შიგნით ხდება და რაც ჩვენ არ ვიცით“, – აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

წყარო:for.ge
თამთა ქარჩავა

Comments
Loading...