ლევან ვასაძე – “სამშობლო და მისთვის აზროვნების გამბედაობა”

ლევან ვასაძის გამოსვლა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეროვნული საბჭოს სხდომაზე

სამშობლო და მისთვის აზროვნების გამბედაობა

“პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული საბჭოს წევრებო, მოწვეულო სტუმრებო,
ნება მიბოძეთ მადლობა მოგახსენოთ ჩემი მოწვევისათვის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული საბჭოს სხდომაზე!
ჩემთვის დიდი პატივი და ამაღელვებელი პასუხისმგებლობაა ჩვენი ქვეყნისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი კრების წინაშე სიტყვით წარდგომა. ამიტომაც გთხოვთ მიმტევებლური განწყობით მოისმინოთ ჩემი ეს მოკრძალებული სათქმელი, და შემინდოთ, თუ კი ჩემი გამოუცდელობა, ან მეცნიერული აზრისათვის ზედმეტი სიმარტივე, ამ ჩემს სიტყვას ნაკლულსა ხდის.
მაგრამ ღმერთი გულს ხედავს და იცის, რომ როდესაც მე თქვენს წინაშე სიტყვით გამოსვლის მოწვევის შესახებ მაცნობეს, ჩემთვის არაფერი ყოფილა ამ სიტყვის მზადებისას უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე საქართველო, მისი მდგომარეობა და მის გადარჩენაზე ზრუნვის ჩემეული ხედვის მოკრძალებით გაზიარების წრფელი სურვილი.
სისტემათა შეჯახებას, რომელსაც მე ჩემს ერთ-ერთ წერილში ტექტონიკურიც კი ვუწოდე, წელს ზუსტად მეოთხედი საუკუნე უსრულდება. 1991 წელს დაინგრა ხალხთა საპყრობილედ წოდებული კომუნისტური საბჭოთა კავშირი და საქართველომ აღიდგინა თავისი ნანატრი სახელმწიფოებრიობა. ახდა თაობათა ოცნება, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, იუნკერების, მუსტაფა შელიას და სხვა გმირების სულებმა იხარეს. კაცთაგან შეუძლებელი ღვთისათვის ისევ შესაძლებელი აღმოჩნდა, ის, რაზეც ვერც კი ვიოცნებებდით, სინამდვილედ გვექცა.
ჩვენი ერი, დედამიწაზემცხოვრებ 5 ათასიოდე ერთაგან ერთერთი უძველესი და ერთერთი ყველაზე თვითმყოფადი, ერთა იმ დაახლოებით 3%-ში მოხდა, რომელთაც წილად ერგოთ იშვიათი ბედნიერება საკუთარი სახელმწიფოს ქონისა და პასუხისმგებლობა ამ სახელმწიფოში მასთან ერთად მცხოვრებ სხვა ერებსა და საკუთარ თავზე თავადვე ზრუნვისა.
თითქოსდა ამაზე კარგი რა უნდა მოგვსვლოდა?! მაგრამ ამ მეოთხედი საუკუნის გადმოსახედიდან, რიცხვებსა და უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამწუხაროდ, ეტყობა ამაზე ცუდი კარგა ხანია არაფერი მოგვსვლია.
ნუთუ ეს ნიშნავს, რომ უნდა ვაღიაროთ ქართველთაგან დამოუკიდებლობის უუნარობა და ისევ პატრონი ვეძებოთ, როგორც ამას ჩვენს ქვეყანაში ბევრი აკეთებს ამჟამად? მაღალმა ღმერთმა დაგვიფაროს ამისაგან! ეს იქნებოდა ქართველობის ღალატი ჩვენი მხრიდან და ჩვენი ერის სულიერი მისიის უარყოფა საკუთარი თავისა და მსოფლიოს წინაშე.
მაგრამ ასეთივე ღალატი არის საკუთარი შეცდომების არ დანახვა და თავის დაბრმავება, ჯიუტად უარყოფა იმისა, რომ რაღაცაში ეტყობა ძალიან ვცდებით. ამის უტყუარი დასტური კი ის შედეგებია, რომლებიც უკვე ვიწვნიეთ და ვშიშობ კიდევ ვიწვნევთ.
ამ მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ჩვენ დავკარგეთ ჩვენი მიწის დაახლოებით მეხუთედი. ქვეყნიდან გადაიხვეწა დაახლოებით ყოველი მეოთხე, ბუნებრივ ვადაზე ადრე გარდაიცვალა ნახევარ მილიონზე მეტი ჩვენებური, რაც ყველაზე საზარელია, დაბადებამდე, დედის საშოში დანით დაკლულ იქნა მილიონზე მეტი ადამიანი, დამამცირებელ, სრულიად გაუსაძლის სიღატაკეში მოექცა დაახლოებით ყოველი მერვე, ყოველი თითქმის მესამე ზრდასრული ქართველი მამაკაცი მოხვდა ციხეში, ყოველი თითქმის მესამე ზრდასრული ქართველი მამაკაცი გახდა ნარკომანი, ქვეყნის საგარეო ვალი გაიზარდა დაახლოებით თორმეტჯერ, ვიტყოდი კატასტროფულად დაეცა ერის განათლების, კვალიფიკაციისა და ინტელექტის დონე (მაგალითისათვის მოგახსენებთ, რომ შარშან ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტთაგან ჩაიჭრა ფიზიკაში 27%, მათემატიკაში 14%, ისტორიაში 12%, ორი წლის წინ განათლების სამინისტროს მიერ ქვეყნის მასშტაბით ფიზიკის მასწავლებლებისათვის ჩატარებული გამოცდა ჩააბარა ფიზიკის მასწავლებლების მხოლოდ 2%-მა და ა.შ.), ქალაქის არქიტექტურაცა და ეკოლოგიაც ყოფით ჯოჯოხეთად გვექცა, სასოფლო ყოფა სრულიად გაპარტახდა, ინდუსტრია თითქმის აღარ დარჩა, უმრავლესი ნაწილი იმისა რასაც მოვიხმართ ყოველდღიურ ცხოვრებაში, საკვების ჩათვლით, შემოდის ქვეყნის გარედან, (ამ აუდიტორიაში მსხდომთაგან ალბათ არავის არ აცვია, ან არ უკეთია არაფერი დამზადებული საქართველოში, გარდა, იქნებ, ჯვრისა, ან რაიმე სამაჯურისა,) ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება მის საიმპორტო საჭიროებებს, ეკონომიკისა თუ ეროვნული ვალუტის პროპორციული დამოკიდებულება ჩვენი ემიგრანტების მიერ სახლში გადმორიცხულ ფულზე გახლავთ ერთერთი ყველაზე მაღალი მთელს მსოფლიოში, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს დაეუფლა ცინიზმის, უიმედობისა და ურთიერთსიძულვილის სენი, სიმშვიდისა და ბედნიერების განცდა ქვეყანაში თუ არა, მის ძირითად ქალაქებში მაინც იშვიათობად იქცა, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც ეჩვენება რომ შედარებით უფრო წარმატებულია, სინამდვილეში არის საკრედიტო კაბალაში და ყველაზე ხშირ შემთხვევაში სწორედ მას ენგრევა ოჯახი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგნოზით, აგერ სულ მალე, 2050 წელს, ქართველთა რაოდენობა განახევრდება, ამიტომ ჩვენი ერი შეყვანილია გაეროს მიერ მომაკვდავი ერების სიაში და ქართული ენა – მომაკვდავი ენების სიაში. ამიტომ გადამეტების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ, სამწუხაროდ, სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემდგომ, როგორც ერი ჩვენ ჯერჯერობით ვიღუპებით და თუ არაფერს შევცვლით ძალიან მკვეთრად და ძალიან მალე, შეიძლება, ღმერთმა ნუ ქნას, ეს დამღუპველი ტენდენციები შეუქცეველადაც გვექცეს.
თუ ვინმეს საფრთხის ამგვარი შეფასება გაზვიადება ჰგონია, მოგიყვანთ ერთი ლუქსემბურგელი იურისტის ციტატას, ჩემთან საუბრისას, გასულ ზაფხულს კიკეთში, იმ საფრთხეების შესახებ რომელიც მის ქვეყანას ემუქრება შუაგულ ევროპაში: „ლუქსემბურგში მცხოვრები ექვსასი ათასი ადამიანიდან მხოლოდ 300 ათასია ლუქსემბურგელი. სანამ ჩვენ გარდავიცვლებით, ლუქსემბურგის ეკონომიკას, არსებული ცხოვრების დონის შესანარჩუნებლად, სჭირდება კიდევ 700 ათასი იმიგრანტი, რადგან ლუქსემბურგელები შვილებს აღარ აჩენენ. ესენი იქნებიან ძირითადად მუსლიმები ახლო აღმოსავლეთიდან. ამრიგად უკვე ჩვენს სიცოცხლეშვე ლუქსემბურგული ენა და ეთნოსი იქცევა სამუზეუმე ექსპონატად. სამწუხაროდ ჩვენ ამას უკვე ვერაფერს ვუზამთ, ეს არის ევროპული პოლიტიკა. თქვენც იგივე გელით თუ არაფერს შეცვლით თქვენი ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით.“
ჰოდა თუ ლუქსემბურგის კულტურა დგას ასეთი საფრთხის წინაშე შუაგულ ევროპაში, რაღა გასაკვირია ჩვენისთანა რეგიონში მცხოვრებ ჩვენს ერს კიდევ უარესი რამ ემუქრებოდეს მცდარი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კურსის პირობებში.
დარწმუნებული ვარ, ამ აუდიტორიაში ყველა იცნობს ჩვენი თანამოქალაქეების ახალ ტიპს რომლებსაც მიაჩნიათ რომ ეთნოსის გაქრობაში არაფერია ტარგიკული. ისინი რიცხობრივად მცირე, მაგრამ ძალიან ხმაურიანი და აგრესიული სექტის წევრები არიან.
მოქალაქეების ეს ტიპი მე მიმაჩნია საქართველოს ახალ მტრად და მსურს შემოგთავაზოთ მისი დახასიათეაბცა და სახელიც.
სახელად მე ამ ტიპს „Homo Urbanicus Hedonicus”-s, ან შემოკლბით უბრალოდ Homo Urbanicus-ს ვუწოდებდი.
Homo Urbanicus Hedonicus, გამომდინარე მისის სახელწოდებიდან, ძირითადად ბინადრობს ჩვენს დიდ ქალაქებში და ძალიან ადვილად ამოცნობადი ქცევითი და ფსიქიური ანომალიები ახასაითებს.
ყველაზე აშკარა თვისებებად მე დავასახელებდი მის უკიდურეს ერისმოძულეობას და სიყალბეს.
Homo urbanicus არასოდეს აღიარებს საკუთარი ერისადმი თავის ნამდვილ საწადელს, იგი პირზე დუჟით გეკამათებათ ადამიანის ე.წ. უფლებებზე, მაგრამ სინამდვილეში მისთვის მთავარია ამქვეყნიური ცხოვრებისაგან მაქსიმალურ სიამოვნებას ღებულობდეს, ყველა სურვილს იკმაყოფილებდეს და თუმცა ყოველივე ეს ამა თუ იმ წილად რომელ ადამიანს არ უნდა, მაგრამ homo urbanicus hedonicus -ისათვის, სხვებისაგან განსხვავებით, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რის ფასად და რაც მთავარია რა ენაზე იზამს ის ყოველივე ამას.
homo urbanicus -ს სურს ე.წ. „განთავისუფლება“ ყოველივე იმისაგან რაც შეადგენს მისი ერის მრავალსაუკუნოვან ზნეობრივ ხერხემალს, მაგრამ ამ ფსევდო თავისუფლებისაკენ სწრაფვაში, იგი ექცევა სრულ მონობაში საკუთარი ცხოველური ფიზიოლოგიური ინსტიქტებისა. და რაც უფრო ასაკში შედის, იგი სულ მეტი წვალებით აღვივებსა და აღაგზნებს ამ თავის ფიზიოლოგიურ ინსტიქტებს და ამ აგზნებაში შორდება სულიერსა და მარადიულს, თითქმის ყოველთვის ენგრევა ოჯახი და ივსება საკუთარი ერისა და ადამიანისადმი სიძულვილითა და ცინიზმით.
ადამიანის ეს ტიპი არის იდეალური მომხმარებელი და ამავდროულად ყურმოჭრილი მევალე იმ შეთქმული ძალებისა, რომელთა პროპაგანდამაც გამოზარდა homo urbanicus hedonicus.
ამა, თუ იმ ფორმით, homo urbanicus ყველა ეპოქაში არსებობდა, ენოქიდან მოყოლებული თანამედროვე სან ფრანცისკომდე, მაგრამ მხოლოდ გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში მოკიდა მას ხელი ასე აშკარად მსოფლიო ბატონობის მოსურნე სულელმა ძალამ, ჩაუტენა მას თავში იდეოლგიური კლიშეები, დააფინანსა, შეაიარაღა და კაცობრიობის გარდაქმნის დიად მედროშედ გამოაცხადა.
homo urbanicus hedonicus-ს, ჯეელობისას ეჩვენება, რომ ბედნიერად გრძნობს თავს, მაგრამ ეს მისი ჰორმონალური ილიუზიაა. ჩვენი სწრაფმავალი, როგორც ქართველები მას ვუწოდებთ, წუთისუფლის დასასრულს homo urbanicus-ი გვევლინება სიმარტოვის, ბოღმისადა ღვარძლის მატარებელ სადო-მაზოქისტურ, სიუციდალურ დეპრესანტად. და თუმცა იგი ყველა ასაკში უზრდელი და ხმაურიანია საზოგადეობის მიმართ, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მას შეუძლია ანონიმურად იყოს მავნე, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი, იგი უმალვე შავ დეპრესიაში ვარდება.
სწორედ ეს homo urbanicus hedonicus-ია, რომელიც ბოლო წლებში ყველაზე ხშირად გვესაუბრება საქართველოს ე.წ. „ევროინტეგრაციაზე.“ მას აყოლილა თითქმის ყველა ჩვენი პოლიტიკოსი, ორატორი, მოღვაწე და ჟურნალისტი.
ეს გაუაზრებელი და ძალზედ არაზუსტი, თითქმის აუხსნელი ფრაზა ქცეულა ჩვენი სოციუმის ტერმინოლოგიურ მეინტსტრიმად. საქართველოში არსებული ყოველივე ზემოთხსენებული სასიკვდილო საფრთხეების საპირწონედა და გამართლებად, ერთგვარ ახალ დიად სოციალისტურ მიზნად, თუ გნებავთ უნივერსალურ პანაცეად, სახელდება სწორედ „ევროინტეგრაცია.“
ნურავინ იფიქრებს აქ, რომ ქართველს არ უყვარს ევროპა, ან საერთოდ დასავლეთი, ან თავი არ მიაჩნია ამ დიადი კუტლტურის ერთერთ უძველეს თანაავტორად და სრულუფლებიან წევრად. პირიქით, ევროპის ჯანსაღი მხარეები ილიასა და გერონტი ქიქოძის, დიმიტრი უზაძისა და იაკობ გოგებაშვილის, ივანე ჯავახიშვილისა და გრიგოლ რობაქიძის, ნიკო ნიკოლაძისა და ექვთიმე თაყაიშვილის, და სხვა ერის ღირსეული შვილების აღტაცების საგანი იყო. თუმცა აქვე ვიტყვით, რომ მათ ალბათ ვერც კი წარმოედგინათ რას დაემგვანებოდა სულ მალე თანამედროვე ევროპა.
და მიუხედავად ამისა, დღესაც, ყველა დროის ერთერთი უდიდესი ქართველისაგანაცა და ბევრი სხვა ჩვენი ღირსეული თანამედროვესაგან ხშირად გაიგებთ დასავლეთის სიკარგის შექებას. აქ ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ.
აქ საუბარი გვაქვს ევროპისა და დასავლეთის ბრმა გაფეტიშებაზე, მასში მიმდინარე ეროზიულ, ანტი-ჰუმანურ პროცესებზე თვალის დახუჭვაზე, ევროპაში თეოცენტრიზმის სავალალო დაღუპვის უგულებელყობაზე და მის ნაცვლად დასავლური ანტროპოცენტრიზმით აღტაცებაზე, ოჯახის ინსტიტუტის მასიური ნგრევისა და ამით გულმოკლული ბავშვების გაუბედურების იგნორირებაზე, ყოველწლიურად მილიონობით ბავშვის დედის საშოში დანით მკვლელობის მფარველი იდეოლოგიით აღტაცებაზე, ქართველების მხრიდან ევროპული ბიუროკრატების სრული მონობის მზადყოფნაზე, ერთგვარ სამარცხვინო ევროწამხედურობაზე ამ ჩვენი homo urbanicus -ის მხრიდან, რომელიც ძალიან მაგონებს პაპუა ახალი გვინეის ტომის ბინადართა ქცევას, როდესაც ისინი თვიმფრინავის ასლს აკეთებენ პალმის ტოტებისაგან და სახეებს იღებავენ თეთრად, რათა გავდენ უცხოელებს. ქალაქელობის და როგორც ჩვენში იტყვიან, სვეტობის დიდად მოსურნე ჩვენი homo urbanicus აქ სამწუხაროდ თავის პირწავარდნილ პროვინციალიზმს ავლენს, ამ ტერმინის ყველაზე ნეგატიური მნიშვნელობით.
ჩვენს ქვეყანას სწორედ ამგვარი უთავმოყვარეო წამხედურობა არ სჭირდება და სწორედ ეს საქციელია, რომ არცხვენს ჩვენი სიღრმისა და ავთენტური კულტურის ერს, ატარებს მას მისთვის არაორგანული, კონტრპროდუქტიული გზით და პროგრესის ნაცლად რეგრესი მოაქვს ჩვენთვის. ეს საქციელი და აზროვნებაა მთავარი მიზეზი ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელი სავალალო მდგომარეობისა.
ყოველივე ამის ფეტიშ ლოზუნგად ქცეულა სწორედ ეს ჩვენი ყბადაღებული „ევროინტეგრაცია.“ ბუდისტური მანტრას ხარისხში აყვანილი ეს ფრაზა ჰიპნოტიური მონოტონურობით გაისმის ყოველდღე ჩვენი ტელე და რადიო არხებიდან, იწერება ჩვენი პრესისა და ინტერნეტის ფურცლებზე.
მოდით აქ ცოტა შევჩერდეთ და ჩავუღრმავდეთ ამ ტერმინს, რადგან მას ასე გვახვევენ თავს. რამეთუ ჩემთვის ყოვლად გაუგებარია, თუ რას ნიშნავს ეს კლიშე. მალითად, საქართველოს მსგავსად, ევროასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი აქვს მოწერილი მსოფლიოში არსებული 193 სახელმწიფოდან, თუ არ ვცდები 82-ს, ანუ თითქმის ნახევარს, მათ შორის ისეთებსაც როგორებიცაა ალჟირი და ტუნისი, (ამათ შემთხვევაში ეს მგონი მოხდა გასული საუკუნის 70’იან წლებში.)
ხოლო რაც შეეხება საქართველოს წევრობას ევროკავშირში (რადაც არ უნდა ღირდეს ის დანგრევისა და გაკოტრების პირას მისული ევროკავშირის რიგი ქვეყნების პირობებში,) ევრობიუროკრატები არც კი გვიმალავენ რომ ეს არ მოხდება.
მაშ როგორ დავახასიათოთ ქვეყანა, რომელსაც ეუბნებიან, რომ მის სახელმწიფოს ევროკავშირში არ მიიღებენ, ის კი მთვარეულივით იმეორებს „ევროინტეგრაცია, ევროინტეგრაცია!“-ო?
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების რეალობაში, ეს მანტრა, ჩვენი გაწამებული ქვეყნის მხრიდან ერთგვარი ძახილის ტოლფასია, „მიშველეთ, მიშველეთო!“.
მაგრამ მაშინ ერს, თუ მას სურს თავისი მეობის შენარჩუნება, მართებს ძალიან ფრთხილად დაუკვირდეს, ეს მაშველი უანგაროდ შველის მას, თუ სანაცვლოდ ისიც რაიმეს ითხოვს, ისევე, როგორც ოკუპანტი.
და თუ ეს მაშველი შველის სანაცვლოდ ითხოვს ერის მეობის, მისი საუკუნოვანი წეს-წყობილების შეცვლას, კანონებითა და საზოგადოებრივი დირექტივებით, შეფარული პოლიტიკური მონოპოლიითა და ბავშვების სკოლებში აღზრდის ახალი წესებით, გნებავთ პროგრესის სახელით აკეთებდეს ამას, თუ ცინიკური ვაჭრობით, მაშინ რად იქცევა ესეთი მაშველი ჩვენთვის? მეორე ოკუპანტად ხომ არა, რომელიც უბრალოდ პირველ ოკუპანტს ებრძვის, თორემ საქართველო, მისი კეთილდღეობა და გამრავლება სრულიადაც არ ედარდება.
აქ არ შეიძლება არ შევეხოთ კიდევ ერთ ძირეულ საკითხს: თავად ევროპა არის კი დამოუკიდებელი? მას გააჩნია საკუთარი ფინანსური და საგარეო პოლიტიკა? თუ იგი მარშალის გეგმის პერიოდიდან ქცეულა შეერთებული შტატების ვასალად, რომელსაც რასაც უბრძანებენ იმას იზამს? და ასეთ შემთხვევაში რაღას ნიშნავს ჩვენი ევროინტეგრაცია, მონის მონობას ხომ არა?
კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ უნდა უშველოს ამ ე.წ. ევროინტეგრაციამ, როგორც რაღაც ჯადოსნურმა აბმა, ყველა იმ კოლოსალურ, საშინაო, ერისათვის სასიკვდილო საფრთხეს, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ?
რას ვაპირებთ იმ ჯადოსნური დღის შემდეგ, როდესაც ვიტყვით, რომ დასრულდა ჩვენი ეს ევროინტეგრაცია? რა მიზანი ექნება ჩვენს ერს ამ ფანტომური მოვლენის მეორე დღეს? თუ ჩვენ, როგორც ერი, უმიზნოდ დავრჩებით იმ დღესვე?
რას ნიშნავს ეს მირაჟული ჰორიზონტი, რომლისაკენაც მრავალწლიანი სვლისას, იგი მარად შორდება ჩვენს გათანგულ ქვეყანას? ხომ არ არის ეს იმავე ეთნო-ფსიქოლოგიური ინფანტილიზმის ახალი გამოვლინება, რომელსაც აგერ ორიოდე საუკუნის წინ მიაჩნდა, რომ როდესაც დიდ რუსეთს შეაფარებდა თავს, ყველა მისი დაავადება ჯადოსნურად განიკურნებოდა? რა მოხდა სინამდვილეში გეორგიევსკის ტრაქტატის შემდგომ? ხომ არ გამრავლდა რუსეთის ქვეშ ჩვენი ეს დაავადებები? და იგივე, თუნდაც სახელშეცვლილი ევრო-ილიუზიის გაგრძელების პირობებში, რა ხდება ამ ახალ ეპოქაში, იგივე ხომ არა? ჩვენ ვიკურნებით, თუ ვკვდებით? მრავლდება, თუ მცირდება, ჩვენი ეროვნული დაავადებები ევროინტეგრაციის ილუზორული ნატვრისას?
და საერთოდ, მოდით ვკითხოთ საკუთარ თავს, გვინდა კი ჩვენ, როგორც ერს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა? თუ ეს არის თავის მოტყუება, და ჩვენ სრულიადაც არ გვჯერა საქართველოსათვის დამოუკიდებლობის შესაძლებლობისა? იქნებ ჩვენ უბრალოდ გვინდოდა ერთი პატრონი მეორეზე გაგვეცვალა, იმის იმედით რომ ის უკეთ გვაჭმევდა და გვიპატრონებდა? თუ ასე არაა, მაშინ რატომაა, რომ ყველას ვისაც ნამდვილი დამოუკიდებლობა სურს, ასე ჭამენ და ქოლავენ ბატონის მსურველი homo urbanicus -ები? რა ქვია ამ ეთნო-ფსიქოლოგიას, თუ არა მონის ფსიქოლოგია და რით ვუმკურნალოთ მას?
აქ ალბათ, საუბრის გასაგრძელებლად, მნიშვნელოვანია განვასხვავოთ ერი და მისი მმართველი სოციალური შრე, ვუწოდოთ მას რაც გნებავთ, ელიტა იქნება ეს, არისტოკრატია, თუ სხვა.
აქვე, სანამ ამ მმართველი შრის ჩემეულ განსაზღვრებას შემოგთავაზებდეთ, წინასწარ მოგახსენებთ, რომ ჩემის აზრით, ზემოთ ხსენებული მონის სინდრომი სჭირს არა იმდენად ჩვენს ერს, რამდენადაც სწორედ ჩვენს ამ საერო შრეს, რომელიც დაუღალავად ეწევა ერის ინტოქსიკაციას ამ მოჩვენებითი მიზნებით, აი, უკვე, საუკუნე ნახევარია მაინც.
მაშ ასე, მოდით აღვწეროთ, დავახასიათოთ და სახელი მოვუნახოთ ამ ჩვენს მმართველ შრეს.
უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ეს შრე ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში დიდად აჭრელდა, ერთდროულად კიდეც გაღარიბდა და კიდეც გამდიდრდა.
ჩვენს პირობებში ძალიან ძნელია ამ შრის განსაძღვრა რაიმე ერთი იდეოლოგიური ნიშნით, თუმცა ალბათ შედარებით მარტივია მისი იდენტიფიკაცია რიცხობრივად და გეოგრაფიულად.
ალბათ დამეთანხმებით, თუ ვიტყვი, რომ ჩვენი ქვეყნის მმართველი შრე ძირითადად მოიცავს ქალაქ თბილისისა და კიდევ ჩვენი ორიოდე დიდი ქალაქის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს. და თუმცა მე გამიჭირდება მისი რიცხობრივი დახასიათება, მაინც ვიტყოდი, რომ ჩემი სუბიექტური შეფასებით იგი 100-დან 250 ათას ადამიანამდე უნდა მერყეობდეს.
მასში გაერთიანებულია საბჭოთა ნომენკლატურისა და კონიუქტურის მემკვიდრეცა და მისივე ლიბერალიზმის მეხოტბე და კომუნიზმის მაგინებელი მედროვე შვილიც, ჩვენი სამეცნიერო ინტელიგენციაცა და მნიშვნელოვანწილად სამწუხაროდ ჩვენი ყოვლად უწიგნური ჟურნალისტული კლასიც, ჩვენი ეროვნულად მოაზროვნე სასიქადულო პროფესორ-სტუდენტობაცა და მასზე ბევრად მცირე ლიბერასტი ჭინკების სტუდენტურ-საპროფესორო სექტაც, რომელიც ბავშვობიდან ისეთ შხამიან ცინიზმსა და პროპაგანდაში გაზარდეს, რომ ზოგჯერ შეგეცოდება კიდეც და ვერც კი გაუწყრები, ამავე მმართველ სოციალურ შრეს ეკუთვნის ალბათ ბევრი ჩვენთაგანიცა და ბევრი ჩვენი ემიგრანტიც, მენივთე, „გამოსული“ საქმოსანიცა და ოჯახის მიღმა, სხვებზე მზრუნველი ფილანტროპიც, ინტელექტუალური პროფესიის მსახურიცა და ნაკითხი ხელოსანიც, ხელოვანიცა და სოფლის ინტელიგენციაც. გადახედეთ ამ იქნებ არასრულ ჩამონათვალს კიდევ ერთხელ და თავად განსაჯეთ თუ რომელი მათგანი განეკუთვნება homo urbanicus -ის ნახსენებ ტიპს.
ეს შრე ფლობს ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური სადავეებისა და მისი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების ინსტრუმენტების ძირითად ნაწილს და დიდად სამწუხარო მუდმივი ურთიერძაგების პირობებში, ასე თუ ისე, სწყვეტს საით წარმართოს ჩვენი ქვეყნის გეზი.
ღმერთმა დამიფაროს ვფიქრობდე, რომ ეს შრე მთლიანად შხამიანია, პირიქით მასში უამრავ ჯანმრთელ და ღირსეულ ჩვენს თანამოქალაქეს ნახავთ, ჩვენი ერის იმედსა და საყრდენს, მაგრამ მაინც მეჩვენება, რომ საერთო ჯამში, მასზე დაშხამული homo urbanicus-ის მომრავლებით საქართველოში არცერთი სხვა სოციალური კლასი არ არსებობს.
მოდით ნუ ვიწვალებთ ამ ჩვენი შრისათვის რაიმე მორიგი ბარბარიზმის მატარებელი სახელის შერჩევით და ჩვენი საუბრის გასაგრძელებლად უბრალოდ ვუწოდოთ მას ქართული სახელი – „ნაღები.“ არა მხოლოდ იმიტომ, რომ დუღილის ხარისხიან დასრულებას ხშირად სწორედ ნაღები უშლის, არამედ იმიტომაც, რომ (აქ წინასწარ შენდობას გთხოვთ ამ მომდევნო ალეგორიისათვის) ამ ჩვენი შრის ზოგიერთი წარმომადგენლის ქცევის შემხედვარე ხშირად ჩვენს ერს ღებინების სურვილიცა და აუცილებლობა უჩნდება.
არისტოტელეს მიერ შემოთავაზებული პოლიტიკური კლასიფიკაცია მუდმივია, და მას, აგერ, მესამე ათასწლეულია კაცის აზრმა ალტერნატივა ვერ მოუნახა. იგი ისეთივე მდგრადი აღმოჩნდა პოლიტიკური მეცნიერებისათვის, როგორც ისააკ ნიუტონის მექანიკის კანონები ფიზიკაში და დიმიტრი მენდელეევის ელემენტების პერიოდული სისტემა ქიმიაში. მაშ მოდით გავიხსენოთ, არისტოტელე გვასწავლის რომ ნებისმიერ სახელმწიფოში უზენაესი ძალაუფლება სამი წყაროსაგან მომდინარეობს. ესენია სახალხო (თუ გნებავთ პლებეური, თუ დემოკრატიული), არისტოკრატიული (ჩვენს ტერმინოლოგიაში ეს ჩვენი „ნაღები“) და სამეფო, ანუ მონარქიული. ნებისმიერ დროში, ნებისმიერი საზოგადოების უზენაესი ძალაუფლება ამ სამი წყაროს სხვადასხვა დოზით ნაზავს წარმოადგენს, ამერიკის შეერთებული შტატები იქნება ეს, თუ ანტიკური კართაგენი, ჩრდილო კორეის სახალხო რესპუბლიკა, თუ ევროკავშირში არ გაწევრიანებული თანამედროვე შვეიცარია, ბონაპარტის ფრანგული რესპუბლიკა, თუ პოლ პოტის წითელი კხმერების კამბოჯა, ელისაბედის ბრიტანეთიცა და პუტინის რუსეთიც.
ჩვენი საზოგადოებრივი სტრატაც, ბუნებრივია, ამ კანონს ექვემდებარება. და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება პლებეურისა და არისტოკრატიულის გარდა ჩვენში მესამე, ანუ მონარქიული მძლავრი საწყისის არსებობაში, მაშინ ჰკითხოს საკუთარ თავს, თუ რა არის ასეთ შემთხვევაში მისი აზრით პოსტსაბჭოთა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ისეთი სოციალური მიმდინარეობები, როგორებიცაა ზვიადიზმი, შევარდნაძიზმი, მიშიზმი და ბოლოს ყველაზე ილიუსტრაციული ამჟამინდელი ჩვენი სახელმწიფოებრივი კონსტრუქცია, როდესაც გვყავს ჩვეენივე ნებით არჩეული ახალი დემიურგი, რომელიც არ მართავს, მაგრამ თუ საჭიროა ერევა, სჯის და ასწორებს მმართველთა საქციელს და მერე უბრუნდება თავის ოლიმპს. რა არის ესენი, თუ არა უტყუარი იურიდიული და სოციოლოგიური დასტური ჩვენს ერში ბოლშევიკ-ლიბერალების მიერ ვერ მოკლული, გაუცნობიერებელი მძლავრი მონარქისტული საწყისის არსებობისა. და რაოდენ ირონიულია, რომ სწორედ ეს ჩვენი გაუცნობიერებელი, თანამედროვე მონარქისტები იწყევლებიან ხოლმე ყველაზე მეტს, როდესაც ვამბობთ, რომ აუცილებელია ჩვენს ქვეყანაში არსებული მონარქისტული საწყისის მეცნიერულ-აკადემიური და საზოგადოებრივი გააზრება.
მაგრამ დავუბრუნდეთ ამ ჩვენს ნაღებს. როგორც უკვე ვთქვი, ჩემის აზრით, სწორედ მისი ბრალია ის სავალალო შეცდომები, რომლებმაც გამოიწვიეს ერისათვის სასიკვდილოდ სახიფათო შედეგები. ვფიქრობ, რომ ამ შედეგების დაბრალება მხოლოდ გარე მტერზე სიბრმავე იქნებოდა ჩვენი მხრიდან.
ამრიგად ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუ როგორ წარიმართება აწი ამ ნაღების შიგნით დისკუსია, რომლიც ერთი მაგალითის მონაწილენიც დღეს ჩვენ ვართ ამ აუდიტორიაში. გაჩნდება, თუ არა გასული მეოთხედი საუკუნის განმავლობაში დაშვებული უმძიმესი შეცდომების ხარისხიანი ანალიზი და მასზე დაყრდნობით შემუშავდება თუ არა საქართველოს განვითარების ინტეგრალური სახელმწიფოებრივი იდეოლოგია, რომელიც საბოლოოდ გაიყვანს ჩვენს უძველეს ერსა და ახლად აღდგენილ უძველეს სახელმწიფოს სამშვიდობო გზაზე.
ამისათვის, ჩემი აზრით, პირველ რიგში საჭიროა აღიარებულ იქნას, რომ საქართველო არ უნდა იყოს არც რუსეთის და არც ევროპის ჭაობიანი პერიფერია, რომელსაც ერთიცა და მეორეც იყენებს ერთმანეთთან ბრძოლის მიზნებისათვის.
ჩვენი ქვეყნის განვითარების ძირითადი აქცენტი, ბრტყელ-ბრტყელი აბსტრაქიებიდან კონკრეტიკაზე უნდა გადავიდეს, ციდან მიწაზე დაეშვას.
საშინაო პოლიტიკაში ჩვენი საწარმოო, ბიუროკრატიული, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, სოციალური, სამხედრო და სხვა საჭიროებები ჩვენივე რეალობიდან გამომდინარე უნდა მოვაგვაროთ და არა უცხოელების დიქტატის ქვეშ. მათი რჩევა საჭიროა, მაგრამ მას მხოლოდ რჩევის სტატუსი უნდა ჰქონდეს და არა შეფარული, დე-ფაქტო დირექტივებისა, როგორც ეს ახლა ხდება უმრავლეს სფეროებში ჩვენი სახელმწიფოს მმართველობისა.
საგარეო პოლიტიკას რაც შეეხება, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენს კარს მომდგარ, ორ დაპირისპირებულ ზე-ძალასთან დაბალანსებული დიალოგის გასამართავად. ამისათვის სამწუხაროდ მხოლოდ ესეთი ლოზუნგები არ არის საკმარისი, უნდა შეიცვალოს ჩვენი სახელმწიფოს კურსი. არა რუსეთისკენ, როგორც ამაში ხშირად ედება ბრალი ყველას ვინც ამაზე ბედავს საუბარს, არამედ საქართველოსკენ. ეს კი ნიშნავს რომ ჩვენ უნდა გავხდეთ არა ევროპის ან რუსეთის პერიფერია, არამედ კავკასიის ცენტრი. ამ პროცესში უნდა მიიღოს მონაწილეობა დასავლეთმაც, რუსეთმაც, სომხეთმაც, აზერბაიჯანმაც, თურქეთმაც და ირანმაც.
კავკასია, როგორც მრავალ მილიონიანი და მრავალ კულტურული სოციო-პოლიტიკური რეგიონი აღარ არსებობს, ძირითადად იმიტომ რომ ქართველებმა ვუღალატეთ მას, ვთქვით უარი ჩვენს ერთადერთ ისტორიულ, გეოპოლიტიკურ და გეო-კულტურულ როლზე და უცენტროდ და უპატრონოდ დავტოვეთ ჩვენი მშობლიური და ორგანული მხარე.
საქართველო უნდა იყოს კავკასიური სახელმწიფოებრიობის ავტორი და მისი გამავრცელებელი რეგიონში, მისი კანონდმებლობაცა და პოლიტიკაც ზედმიწევნით უნდა ასახავდეს კავკასიური ტრადიციების რეალობას.
უმეცარი homo urbanicus-ის გასაგონად აქვე ვიტყვი, რომ ეს ნიშნავს არა პირქუშ, შუასაუკუნოვან, არქაულ, სახიფათო კულტურას, როგორც ამას ხშირად ხატავენ ვითომ ჰუმანისტი ლიბერალები, არამედ, თანამედროვე, ბედნიერ, ოჯახისა და სტუმრის მოყვარულ მძლავრ პან-ნაციონალურ კულტურას, რომელსაც ყველა იძულებულია პატივი სცეს და მასთან სტუმრობისას მისი წესები დაიცვას.
მისი მშენებლობისას ჩვენ უნდა ავიღოთ ყველაფერი რაშიც ვარგიან დასავლეთიცა და აღმოსავლეთიც, აშშ-ევროპაცა და რუსეთიც, შემოვიტანოთ ის ჩვენთან, მაგრამ სანაგვეზე უნდა გადავყაროთ ყველაფერი უვარგისი ჩვენი ქვეყნისა და მისი რეგიონისათვის.
ვფიქრობ ეს ნიშნავს პირველ რიგში ტექნოლოგიურ და ინსტიტუციონალურ იმპორტს დასავლეთიდან და ამავე დროს სრულ მიუღებლობას მათი ამჟამინდელი მორალური, საზოგადოებრივი ნორმებისა, რომლებსაც მხოლოდ ამორალური და არანორმალური შეგვიძლია ვუწოდოთ.
მეორეს მხრივ, ვფიქრობ ეს ნიშნავს კულტურულ და ეკონომიკურ გაცხოველებას რუსეთთან მიმართებაში, რადგან ჩემი აზრით მისგან ინსტიტუციონალური მშენებლობისა და ტექნოლოგიური თვალსაზრისით ჯერჯერობით ცოტა რამ გვაქვს სასწავლი.
მხოლოდ ასე შევძლებთ ჩვენ ვაქციოთ საქართველოცა და შემდგომ მთელი კავკასიაც არა რუსეთისა და დასავლეთის საომარ პოლიგონად, რომელიც იგი ამჟამად არის, არამედ მათ შორის დიალოგის ერთერთ იშვიათ ადგილად.
მაგრამ არც ესაა საკმარისი წარმატებული კავკასიური სახელმწიფოებრივი მოდელისათვის. ბევრი რამ, მაგრამ არა ყველაფერი, ჩემი აზრით, უნდა გადმოვიღოთ (თუნდაც სახეცვლილი ფორმით) ისრაელის სახელმწიფოსაგან და ამაში დიდი როლი უნდა ითამაშოს ჩვენმა მრავალსაუკუნოვანმა მფარველობამ ებრაელებისა საქართველოში. ოთხ სფეროში, ესენია სამხედრო, საემიგრაციო, ფინანსური და სასულიერო-საერო სახელმწიფოებრივი კონსტრუქცია, ჩვენ ბევრი რამ უნდა გავაანალიზოთ ისრაელის მაგალითზე.
ჩემი აზრით, ჩვენი ერისა და ქვეყნის მთავარი მიზანი არის არა ევროინტეგრაცია, არამედ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს უპირობო დაბრუნება საქართველოს შემადგენლობაში, დაცლილი საქართველოს უხვად დასახლება ძლიერი და ჯანმრთელი ოჯახებით, ქართული უნიკალური კულტურისა და მასთან ერთად საუკუნეების მანძილზე მცხოვრები სხვა ერების კულტურების სათუთი გაფრთხილება და მათთან ერთად გახარება საქართველოში. სხვა ყველაფერი კი, საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა ხერხების ჩათვლით, უნდა იყოს ამ მიზნის მისაღწევი ინსტრუმენტები.
აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საქართველოსაგან ამპუტაცია, რასაც ცდილობენ რუსეთიცა და დასავლეთიც საქართველოში ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, ნიშნავს, როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე თითოეული ჩვენთაგანის ინდივიდუდალური ფსიქიკის დახეიბრებას. ამ დახეიბრების ნიშნებს ვატყობთ ჩვენ საკუთარ თავს ამჟამად, როდესაც კუდამოძუებულები ვაძლევთ უფლებას homo urbanicus-ს გვაჭიჭყინოს ყალბ მიზანზე, რომელსაც ქვია ევროინტეგრაცია, და აგვიკრძალოს ხსენებაც კი მთავარი მიზნისა, რომელსაც ქვია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება და ქართველების და მათი ისტორიული თანამოქალაქეების გამრავლება და გაძლიერება. და ევროინტეგრაცია, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ის, არ უდრის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებას, ეს არის ტყუილი. და ასევე ევროინტეგრაცია არ უდრის ქართველებისა და მათი ისტორიული თანამოქალაქეების გამრავლებასა და გაძლიერებას, ეს არის კიდევ უფრო დიდი ტყუილი.
გადავიდეთ ყველაზე მწვავე თემაზე. ბუნებრივია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება შეუძლებელია რუსეთის ნების გარეშე, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს შესაძლებელია დასავლეთის ნების გარეშე. ესეც არის ძალიან საგულისხმო.
საქართველოსათვის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დასაბრუნებლად რუსეთის დანგრევის მოლოდინი არის ჩვენი ნაღების ზოგიერთი ჰიპნოტირებული წარმოამდგენლის იდიოტიზმი. თუ ღმერთმა ნუ ქნას, დასავლეთმა რუსეთი დაანგრია, ეს ნიშნავს მსოფლიო ომს, რომელიც ჩვენ მხოლოდ კიდევ უფრო მეტ უბედურებას მოგვიტანს.
რუსეთის ნება საქართველოსათვის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დასაბრუნებლად არასოდეს იქნება, თუ ჩვენ ნატოში მივისწრაფით. ჩემთვის, სამწუხაროდ, ეს არის პირველი აქსიომა.
ასევე ნატო ვერასოდეს მიგვიღებს თავის რიგებში სანამ უარს არ გვათქმევინებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე. ჩემი აზრით, ასევე სამწუხაროდ, ეს არის მეორე აქსიომა, რასაც არ უნდა გვატყუებდენ დასავლეთიდან.
ხოლო ასეთ შემთხვევაში, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე, ნატო იმ დღესვე სიამოვნებით დაგვითრევს და გადაგვაქცევს კიდევ ერთ ანტი-რუსულ, ან ანტი-ისლამურ პოლიგონად. გვინდა ჩვენ ეს?
ამიტომ შესაძლებელია, ამ რეალობიდან გამომდინარე, უნდა ვთქვათ უარი ნატოში შესვლაზე. არა ვარ საბოლოოდ დარწმუნებული ამაში, მაგრამ მზად ვარ ამაზე ვიფიქრო და ვისაუბრო. ვიცი, რომ ტაბუს ვარღვევ, მაგრამ ეს ტაბუ ჩემთვის ხელოვნური კერპია და მე მას თავისუფალი აზროვნება მირჩევნია.
დავუბრუნდეთ ჩვენს მთავარ მიზანს, საქართველოს გამთლიანებას.
საქართველოსაგან უარის თქმა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებაზე შეუძლებელია ტრადიციული, მეოჯახე ქართველების პირობბებში, მაგრამ ეს შესაძლებელია სინგაპურიზირებული homo urbanicus-ის პირობებში, რომელსაც არც კი სწამს რახანია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების შესაძლებლობისა და დიდად არც კი ედარდება ეს.
სწორედ ეს არის ჩვენი პოლიტიკური რეალობა ბოლო მეოთხედი საუკუნეა და სწორედ ამის ხმამაღლა თქმა გვეშინია ყველას.
და თუსწორედ ეს იგულისხმება ჩვენს ევროინტეგრაციაში, მაშინ ყველაფერი გასაგებია: ჩვენს ევროინტეგრატორებს სურთ, რომ ჩვენ ვუღალატოთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს და ტერიტორიის ნარჩენებით შევიდეთ ნატოში. კიდევ ერთხელ, ეს ასეა, რასაც არ უნდა გვეუბნებოდენ ევროინტეგრატორები ამჟამად მათი მხრიდან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღიარების შესახებ.
ჩემი აზრით, მათ, სრულიადაც არ ადარდებთ დავიბრუნებთ თუ არა ჩვენ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. თუ დავიბრუნებთ – არც კი გაეხარდებათ, თუ ვერ დავიბრუნებთ – არც კი ეწყინებათ.
სწორედ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დავიწყება და მათ გარეშე ილიუზორული ევროინტეგრაცია უნდა ჩვენს homo urbanicus-ს და უკვე ვეღარც კი მალავს ამას მოუთმელად. ამიტომ არის ის შერვაშიძეების, მაჩაბლების და სრულიად საქართველოს უსულგულო მოღალატე და მტერი.
ვინმე იტყვის და რა გარანტია გვაქვს, რომ თუ ჩვენ ნატოში შესვლაზე უარს ვიტყვით რუსეთი მადლიერებისგან აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაგვიბრუნებსო.
სამწუხაროდ ასეთი რამის არც მე არ მჯერა და ჩემი აზრით საქართველოს ღალატის ტოლფასი მიამიტურობა იქნება კრემლის მოწყალებაზე მინდობა და დასავლეთთან დაპირისპირება.
მაგრამ მოდით ნუ დავიკარგებით ამ ორ ხეს შუა, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით ამ 25 წლის განმავლობაში. ნატოში ჩვენი არ შესვლა, ჩემი აზრით, არ არის არც დასავლეთთან დაპირისპირება და არც კრემლზე მინდობა. მაგრამ შესაძლოა ეს არის ერთადერთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს კავკასიურ (და არა რუსულ და არა ევროპულ) პოლიტიკასთან ერთად, იძლევა თეორიულ შანსს მაინც საქართველოს გამთლიანებისა, შანსს, რომელიც სხვანაირად ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს.
და თუ რა არის კავკასიური სახელმწიფოებრივი პოლიტიკა საქართველოს შემთხვევაში, ამაზე როგორმე ცალკე ვისაუბროთ, ახლა ამის დრო არ არის.
მაგრამ მაინც რა ვქნათ, თუ რუსეთი საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის შემთხვევაშიც მოგვატყუებს? (აქ ნურავის აერევა სამხედრო ნეიტრალიტეტი ლიბერალურ პაციფიზმთან, ქვეყანა შეიძლება იყოს ნეიტრალური, მაგრამ ჰყავდეს ძლიერი ჯარი, არა კომპაქტური და მობილური, ნავთობსადენის დასაცავად, არამედ მთელს საზოგადოებრივ ფაქტურაში ინტეგრირებული და საჭიროების შემთხვევაში მომხვდურისათვის მრისხანე პასუხის გამცემი, ისეთი, როგორიც მაგილათად არის ისრაელის არმია.)
მაშ რა ვქნათ, თუ რუსეთი საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის შემთხვევაშიც მოგვატყუებს? რა ვქნათ და ღმერთმა დაგვიფაროს, ვიყოთ, ისევე უპერსპექტიოდ, როგორც ამდენი წელია ვართ. განა შეიცვლება რამე? რა, რუსეთი მეორედ წაგვართმევს უკვე წართმეულს?
ამბობენ რომ საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის პირობებში რუსეთი გააძლიერებს და გააგრძელებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. კი მაგრამ, თუ მას ეს სურს, მე ვერ ვხედავ რაში უშლის მას ამაში ჩვენი ამჟამინდელი ნატოში სწრაფვა. რა, ნუთუ ნატოს მხრიდან წლების მანძილზე უკვე სასაცილოდ ქცეული ფრაზეოლოგია, მისული გრამატიკულ აბსურდიზმამდე, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: „ნატოს მზადყოფნა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების დადებითი საბოლოო გადაწვეტილების გარდუვალი და შეუქცევადი აფირმაციის დასტურის მტკიცებულების პოზიტიური ტენდენციის განვითარებისა და ხორცშესხმის კონკრეტული პერსპექტივების მოლოდინისა და ღია კარის პოლიტიკისა.“ ნუთუ, აი ეს მარაზმი აკავებს რუსეთს საქართველოს ტერიტორიების მეტი ოკუპაციისაგან? განა სამწუხაროდ ერთი მისი არმიათაგანი არ ეყოფოდა ჩვენს სრულ დაპყრობას?
და ნუთუ ვინმეს მართლა გონია, რომ თეთრჯიპიანი ევროდამკვირვებლები მავთულხლართების ხაზთან აკავებენ რუსულ არმიას? და რომ ღმერთმა ნუ ქნას, მას რომ, გალაქტიონის არ იყოს, “…მოსწყინდეს ერთსახეობა აღმოსავლეთის დღეების თბილის, გადმოანგრიოს მტკვარის ხეობა და ასაკლებად მოადგეს თბილისს,“ როგორც ეს 2008 წელს იყო, ნუთუ ვინმეს გონია, რომ მას ევროშეშფოთება, ან ამერიკული პამპერსები შეაჩერებს?
საერთოდ რაც შეეხება ჩვენი მისწრაფებების გავლენას ჩვენსავე რეალობაზე, მე ვთვლი, რომ იგი ისედაც საკმაოდ შეზღუდული ხასიათისაა. ეს იმიტომ, რომ ჩვენ, როგორც მცირე ქვეყანა, არა ვართ ამ სავალალო რუსულ-დასავლური დაპირისპირების სუბიექტი.
ჩვენ ვართ ამ დაპირისპირების საგანი, ანუ ობიექტი. ხოლო მოქმედი მხარეები, ანუ სუბიექტები, არიან დავალეთი და რუსეთი.
აქედან გამომდინარე, ობიექტს, ერთის მხრივ არავინ ეკითხება რა უნდა თავად მას. გინდა თქვი ნატოში შევდივარო, გინდა თქვი არ შევდივარო, თუ ერთი შეძლებს – შეგათრევს და თუ მეორე შეძლებს – არ შეათრევინებს შენს თავს.
მე ჩვენი ეს მდგომარეობა სოლომონ მეფის სიბრძნის ერთ ბიბლიურ იგავს მაგონებს, რომელიც 1945 წელს ბერტოლდ ბრეხტმა გამოიყენა თავის პიესაში „კავკასიური ცარცის წრე“ და რომელიც შემდგომში უკვდავ ჰყო რობერტ სტურუამ თავის შედევრალურ სპექტაკლში.
ალბათ დამეთანხმებით, თუ ვიტყვი, რომ სისულელე იქნებოდა ჩვენი მხრიდან ან რუსეთისა ან დასავლეთისაგან გრუშეს მსგავსად ჩაფრენილზე ხელის გაშვების მოლოდინი, არიქა საქართველო არ გაიგლიჯოსო, ყოველ შემთხვევაში ბოლო მეოთხედი საუკუნეა ამის იოტისოდენი დასტურიც კი არ გაგვაჩნია არც ერთი ამ სუბიექტის მხრიდან.
მეც და დარწმუნებული ვარ აქ დამსწრე საზოგადოებაც, არასოდეს გავაიგივებთ ჩვენს მშობელ ქვეყანას ვინმეს შვილთან, ან მითუმეტეს მისთვის მებრძოლ იმპერიებს მის ჭეშმარიტ დედასთან.
მაგრამ მაინც მოდით გამოვიყენოთ ეს ალეგორია და კვითხოთ საკუთარ თავს, რა გვინდა ჩვენ საქართველოსათვის, მისი გვამის ნაწილების რომელიმე იმპერიაში მოხვედრა, თუ მისი მთლიანობა? და თუ მთლიანობა გვინდა, ვაკეთებთ კი ჩვენ ამ მთლიანობისათვის, როგორც პიროვნებები ყველაფერს, ამ კავკასიურ ცარცის წრეში მოხვედრილები. თუ ჩვენ ცინიკოსებსა და ბრიყვებს ვნებდებით, აქაოდა ვინმემ მოღალატეობა არ დამაბრალოსო?
მაშ როგორ გამოვიდეთ ამ ჩიხიდან, ამ ეშმაკის ლაბირინტიდან. მიმაჩნია რომ ვერც მხოლოდ ემოციებით, როგორც ამას ვაკეთებდით 90’იან წლებში და ვერც მხოლოდ რაციოთი, როგორც ამას ვაკეთებდით 0’-ვან წლებში, ამას ვერ ვიზამთ.
დავესესხები აქ ერთ ჩემს ადრეულ წერილს და მივმართავ ჩვენს კულტურაში დამარხულ უზარამზარ პლასტს სულიერი აზროვნებისა, იმისა რასაც ჩვენი ხალხი გულის გონიერებას უწოდებს. იგი მიუწვდომელია ემოციური ბრიყვისათვის და გაუგებარია უსულგულო homo urbanicus-ისათვის. მას უნდა ვუერთგულოთ აწი, როგორც არასოდეს. ამ დაკარგული მდგომარეობის აღდგენა არის ჩვენში აუცილებელი, ეს კათარზისი კი შეუძლებელია ღმერთისა და ადამიანის ნების თანსხვედრის გარეშე. თუ ამას ინებებს ღმერთი და თუ ამას ვისურვებთ ჩვენც, მაშინ ამ მახეს თავს დავაღწევთ და გავიმარჯვებთ, ამის სათქმელად გესტუმრეთ მე დღეს, პატივცემულო საზოგადოებავ.
თუშებს დღემდე სჩვევიათ ასეთი მისალმება: „გულთგონთხართა?“ და ეს არის ის კითხვა, რომელიც ამ ურთულეს საკითხებზე მსჯელობისას უნდა დავსვათ საკუთარ თავს.
და როგორი სუსტიც არ უნდა ვიყო პირადად, მე მირჩევნია ცილისწამებაში მომკლან, ვიდრე გავაგრძელო ეს უაზრო, უფიქრალი სპექტაკლი, რომელსაც ჩვენი საერო შრე, ჩვენი ეს ე.წ. ნაღები, თამაშობს საერთაშორისო არენაზე აგერ მეოთხედი საუკუნეა.
მე მირჩევნია ჩემი ნათქვამი დაამახინჯონ, გაუგონარი დამაბრალონ, რისი მსხხვერპლიც მუდმივად ვარ, ვიდრე უარი ვთქვა თავისუფალ აზროვნებაზე.
მე მირჩევნია, ღმერთმა დამიფაროს აღარ ვიყო, ვიდრე ასე ვიყო მთელი ჩემი ცხოვრება.
ამიტომაც მოვუწოდებ საკუთარ თავს და ყველას ვისაც სურს იგივე, სანამ არ დაღუპულა საბოლოოდ ჩვენი სამშობლო, გამოვფხიზლდეთ, ვიაზროვნოთ, ვისაუბროთ, ვიმოქმედოთ, მოვინდომოთ ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა, ვიპოვოთ ჩვენს თავში, ჩვენი წინაპრების გენი ვაჟკაცობისა და აღვიდგინოთ კულტურა დაკარგული გულთგონიერებისა.
და გვქონდეს იმედი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისაგან საქართველოს მფარველობისა და ვმადლობდეთ ღმერთს ამისათვისაც!
დიდი მადლობა ყურადღებისათვის!”

ლევან ვასაძე
12.02.16 თბილისი

Comments
Loading...