ლევან ვასაძე: სოსო ჯაჭვლიანის ინიციატივა არის უპრეცედენტო ვაჟკაცური ნაბიჯი ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში


„ეს არის უპრეცედენტო ვაჟკაცური ნაბიჯი ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში”, – ასე აფასებს „დემოგრაფიული განვითარების ფონდის” ხელმძღვანელი ლევან ვასაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოსო ჯაჭვლიანის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმადაც ანტიდისკრიმინაციულ კანონში გარკვეული ჩასწორებები უნდა შევიდეს. როგორც ვასაძემ „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჯაჭვლიანმა აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტში გაავლო ხაზი ნამუსის ერთგულებასა და ნამუსის მიჩუმათებას შორის.

„მინდა, გამოვხატო ჩემი აღფრთოვანება სოსო ჯაჭვლიანის საკანონმდებლო ინიციატივის გამო, ანტიდისკრიმინაციული კანონის ჩასწორების თაობაზე. ასევე შრომის კოდექსში და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანაზე, საიდანაც ამოღებულ უნდა იქნას გარყვნილების პროპაგანდის, რეკლამისა და წინ წაწევის ყოველგვარი მცდელობა. ამავე კანონპროექტში არის ინიცირებული გაუგებარი უცხოური ტერმინების ამოღება, როგორიც არის გენდერული იდენტობა და ამის გამოც მადლობა მინდა გადავუხადო ჯაჭვლიანს.

ჩემთვის ახალი არის, რომ დეპუტატმა ჯაჭვლიანმა გადადგა ეს ნაბიჯი. ჩემი აზრით, ეს არის უპრეცედენტო ვაჟკაცური ნაბიჯი ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში. ერთი მხრივ, ის არ შეუშინდა არც პარტიულ კონიუნქტურას და მეორე მხრივ, არ შეუშინდა მასობრივი დაცინვისა და გაქილიკების კამპანიას, რომლის ობიექტიც ის არის რამდენი ხანია. მომეწონა მისი ვაჟკაცური ნაბიჯი. ჩემი აზით, ჯაჭვლიანმა ამ საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტში გაავლო ხაზი ნამუსის ერთგულებასა და ნამუსის მიჩუმათებას შორის. დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ მოინახებიან პარლამენტარები, რომლებიც ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ. დიდი იმედი არ მაქვს „ნაციონალური მოძრაობის”, რესპუბლიკური პარტიის და კიდევ ერთი-ორი ფრაქციის, მაგრამ იქ ჩვენი მეგობრები სხედან, კიდევ ერთხელ წაიკითხონ ეს კანონი, რომელიც მათ მიიღეს და ჰკითხონ თავიანთ თავს, შეესაბამება თუ არა იმ ნორმებს, რომელშიც მათ მშობლები ზრდიდნენ.

მინდა, ხაზი გავუსვა იმ ხელოვნურობას, რომლითაც თავის დროზე ეს კანონი იქნა მიღებული. ძნელად თუ მოძებნით დემოკრატიული ქვეყნების ისტორიაში ასეთ შემთხვევებს, როდესაც ლიბერალიზმისთვის ათი მცნება აღარ არის ცალსახად მისაღები დოქტრინა და მისი ცალკეული დებულებებია საკამათო და როგორ შეიძლება კანონი იყოს უკამათო და იგი მიიღო ისე, როგორც ჩრდილოეთ კორეასა და საბჭოთა კავშირში ხდებოდა. ამ კანონის ასე მიღებით, ჩვენმა პარლამენტმა თავის დროზე კანონი მკვდრად შვა. ის ნერვიულობაც, რომელიც ახლა ჯაჭვლიანის ინიციატივას მოჰყვა, ძალიან კარგად ახასიათებს აგრესიულ ლიბერალიზმს, როგორც ტოტალიტარულ რელიგიას. არ ვარ საკანონმდებლო პროცესების ექსპერტი, არ ვიცი, რა მოჰყვება ამას. მაგრამ მე ვხედავ, რომ მედია ცდილობს, მიაჩუმათოს და ჩაფარცხოს ეს ფაქტი. ეს არის ძალიან საგულისხმო ფაქტი, რაც ხდება. იმედი მაქვს, კანონი განხილვაზე გავა. სულ რომ მარტო სოსო ჯაჭვლიანმა დააჭიროს იქ ხელი, ეს უკვე იქნება ქართული პარლამენტის მორალური გამარჯვება, რადგან ამ მოწვევის პარლამენტი არ წავა ისე, რომ ერთი კაცი არ მოინახებოდა, რომელიც წინ აღუდგებოდა ხელოვნურ ექსპანსიას ძალიან ანტიჰუმანური იდეოლოგიისა, რომელიც ცხვრის ტყავში გახვეული ცდილობს დაანგრიოს იდენტობა და არამატერიალური ფასეულობები. ჩვენს ქვეყანას არავისგან ესწავლება შემწყნარებლობა და ჩვენი მთელი ტრადიცია და ისტორია არის ნებისმიერი სახის ბუნებრივი უმცირესობების მიმართ სრულიად შემწყნარებელი და ხდება ჰარმონიაში თანაარსებობა”, – განაცხადა ვასაძემ.

შეგახსენებთ, დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო წინადადებით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც, კანონიდან უნდა ამოიღონ ტერმინები „გენდერული იდენტობა” და „სექსუალური ორიენტაცია”.

„პირველ რიგში, მინდა, გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის მხოლოდ ქალის და კაცის თანაცხოვრება. მეორე მხრივ, მინდა, დავაფიქსირო სინანული და გულისტკივილი იმ ფაქტის გამო, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების დროს, ჩვენ თვითონვე ვუყარეთ კენჭი მამათმავლობას – ამ უკანონო ცხოვრების წესის დაკანონებას. ამ კანონის საფუძველზე მათ უკვე მოიპოვეს სრული უფლება, მოევლინონ ჩვენს შვილებს პედაგოგებად სკოლებსა და ბაღებში. ამ კანონის საფუძველზე მათ უკვე მოიპოვეს სრული უფლება, თავიანთი ცხოვრების წესს გაუწიონ პროპაგანდა, აგიტაცია. ამ კანონის საფუძველზე ჩვენს მიერ მათი მხილება, პროპაგანდაში ხელის შეშლა, დასჯადი გახდა. აქედან გამომდინარე, ვსარგებლობ რა ჩემი სადეპუტატო მანდატით, შემოვდივარ საკანონმდებლო წინადადებით, ანტიდისკრიმინაციულ კანონში შევიტანოთ ცვლილებები და მისი ჩამონათვალიდან ამოვიღოთ მამათმავლობის განმსაზღვრელი ტერმინები – „გენდერული იდენტობა” და „სექსუალური ორიენტაცია”, რათა მომავალში ვეღარ დაშენდეს მასზე, იქნება ეს ერთსქესიანთა ქორწინება, ერთსქესიანი წყვილების მიერ ბავშვის აყვანა და ასე შემდეგ. იმედს გამოვთქვამ, რომ დეპუტატები მხარს დაუჭერენ ინიციატივას. თუნდაც დღეს ეს კანონი არ გავიდეს, მომავალში მაინც შევქმნით პრეცედენტს, რათა გაიმარჯვოს რწმენამ და ზნეობამ. დედამიწაზე შეუცდენელი ადამიანი არ არსებობს, შეუცდენელია მარტო უფალი. კარგია, როცა შეგიძლია გამოთქვა სინანული. ძალიან ბევრი ადამიანია ამ პარლამენტში, ვინც ფიქრობს ისე, როგორც მე. ყველამ ძალიან კარგად იცის ჩემი და გიორგი ბარამიძის დამოკიდებულება. გიორგი ბარამიძე ახლა დარბაზში არ იმყოფება და მინდა, მისმა მეგობრებმა გადასცენ: – თუ ამ ცვლილებებს გიორგი ბარამიძე მხარს დაუჭერს, მე მისი მეგობარი გავხდები, რა თქმა უნდა, თუ მისი სურვილი იქნება, ხოლო თუ ამის სურვილი არ ექნება, მაგრამ მხარს დაუჭერს, ჩემთვის ჩავთვლი, რომ მყავს ერთი სულიერი მეგობარი”, – განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა

Leave A Reply

Your email address will not be published.