ლორა თორნტონი: არჩევნებზე მოსახლეობის წასვლის მთავარი მოტივაცია მოქალაქეობრივი ვალდებულების გრძნობა იყო, რაც საკმაოდ საინტერესო ფაქტია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი აცხადებს, რომ არჩევნებზე მოსახლეობის წასვლის მთავარი მოტივაცია მოქალაქეობრივი ვალდებულების გრძნობა იყო, რაც საკმაოდ საინტერესო ფაქტია.

როგორც მან NDI-ის კვლევის შედეგების პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაციის შემდეგ აღნიშნა, სხვა ქვეყნებში არჩევნებში მონაწილეობის მთავარი მოტივი ძირითადად, კონკრეტული პარტიისა და იდეოლოგიის მხარდაჭერაა.

„მთავარი გზავნილი, რომელიც ამ გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა ისაა, რომ მოსახლეობის 92%-ის აზრით, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში და მოწესრიგებულად ჩაიარა, რაც ძალიან კარგი შედეგია. გამოსაკვეთია ის ფაქტიც, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ კითხვაზე – თუ ვის მისცემდა ხმას, არჩევნებში წასვლამდე მიიღო გადაწყვეტილება. არჩევნებზე მოსახლეობის წასვლის მთავარი მოტივაცია და მიზეზი მოქალაქეობრივი ვალდებულების გრძნობა იყო. ეს საკმაოდ საინტერესო ფაქტია, ვინაიდან, სხვა ქვეყნებში ძირითადად, პარტიისა და იდეოლოგიის მხარდასაჭერად მიდიან“, – განაცხადა ლორა თორნტონმა.

მისი თქმით, პარლამენტის ნდობის საკითხთან დაკავშირებით, მოსახლეობა 2016 წლის მარტთან შედარებით, ოპტიმისტურად არის განწყობილი, თუმცა გამოსაკვეთია პარტიული ნიშნით განსხვავება.

“ქართული ოცნების” მომხრეებს ახალი პარლამენტის მიმართ უფრო მეტი ნდობა აქვთ, ვიდრე ნებისმიერ სხვას. აქ გზავნილის სახით შეიძლება გამოიკვეთოს, რომ პარლამენტის წევრები უნდა შეეცადონ, არა მარტო მათ მხარდამჭერებს წარმოადგენდნენ პარლამენტში, არამედ მთლიანად მოსახლეობას“, – განმარტა NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 42%-ს მიაჩნია, რომ 2016 წელს არჩეული პარლამენტი 2012 წელს არჩეულზე უკეთესად იმუშავებს. 30%-ის აზრით კი, ახალი პარლამენტი იგივენაირად იმუშავებს, როგორც ძველი პარლამენტი მუშაობდა.

რაც შეეხება არჩევნეში მონაწილეობის მთავარ მიზეზს, გამოკითხულთა 68% აცხადებს, რომ ეს მათი სამოქალაქო ვალია, 12% ფიქრობს, რომ არჩევნებზე იმ პარტიის მხარდასაჭერად წავიდა, რომელიც მის მოსაზრებებთან ყველაზე ახლოს დგას, ხოლო 10%-მა ჩათვალა, რომ არჩევნებში მონაწილეობა იმის გამო მიიღო, რათა მისი ხმა გაყალბებისთვის არ გამოეყენებინათ.

Comments
Loading...