ლუჟკოვის ვიზიტი – ,,ხელისუფლების ლიდერებო! საერთოდ გაჩუმებულიყავით… რეალურ სახეს მაინც დაფარავდით“

“ეროვნულ დემოკრატიული პარტიის” ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის არ აღსრულება დანაშაულია.

შესაბამისი განცხადება ქარდავამ მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში შემოსვლასა და ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევასთან დაკავშირებით გააკეთა.

“ხელისუფლების ლიდერებო! ამდენი ,,თუ” კავშირის ხმარებას, ლუჟკოვის ვიზიტის შეფასებისას, საერთოდ გაჩუმებულიყავით არ ჯობდა? რეალურ სახეს მაინც დაფარავდით. გასაგებია, რომ კანონს ოკუპაციის შესახებ ვერ იტანთ, მაგრამ მისი არ აღსრულებაც დანაშაულია, ასე რომ კანონი თქვენმა სტუმარმაც დაარღვია და თქვენც, მორალზე არც გესაუბრებით!”- აღნიშნავს ბაჩუკი ქარდავა.

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში ბოლო ოთხი დღეა იმყოფება.

როგორც შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა, იური ლუჟკოვი საქართველოს საზღვარზე ლეგალური საბუთებით შემოვიდა.

თავად ლუჟკოვი ამბობს, ის ქვეყანაში ტურისტული მიზნებით იმყოფება. მოსკოვის ყოფილი მერი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 2009 წელს იმყოფებოდა, მაშინ ამ ფაქტს საქართველოს საგარეო სამინისტროს პროტესტი მოჰყვა.

ამასთან, “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან; ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

წყარო: newposts.ge

Comments
Loading...