„მაესტროს“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი პრემიერ-მინისტრს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტელეკომპანია „მაესტროს“ საკონტროლო პაკეტის მფლობელ გია გაჩეჩილაძეს შეხვდა.

აღნიშნულ ინფორმაციას „მაესტრო“ ავრცელებს, რომლის თანახმადაც, შეხვედრა გუშინ, 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ტელეკომოპანიის ინფორმაციით, გია გაჩეჩილაძესა და მთავრობის მეთაურს შორის გამართული აუდიენციის დეტალები უცნობია. “მაესტრო” ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციას არ გაუვრცელებია. როგორც „მაესტროს“ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, მსგავსი ფაქტის დადასტურება არ შეუძლიათ.

პრემიერის აპარატში აღნიშნეს, რომ მთავრობის მეთაურს ბევრი ისეთი შეხვედრა აქვს დაგეგმილი, რომლის შესახებაც ინფორმაცია მათ შესაძლოა, არ ჰქონდეთ.

ამასთან, „მაესტროს“ ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, მთავრობის მეთაური არხის სხვა მეწილეებსაც შეხვდეს, რადგანაც ტელეკომპანიიის გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს მიმართა, რომ გიორგი კვირიკაშვილმა მასთან შესახვედრად დრო გამონახოს

“მე დღეს ვესაუბრე პრემიერ-მინისტრის აპარატს და საჯაროდ მინდა ვთხოვო პრემიერ-მინისტრს, რომ მიმიღოს და მომისმინოს. მინდა ჩავაყენო ის საქმის კურსში თუ რა ხდება “მაესტროში”. არ ვურჩევ, რომ ერთი თვის მოსულ პრემიერ-მინისტრს, მის მოღვაწეობას მიეწეროს კიდევ ერთი ტელეკომპანიის დახურვა და მისთვის პრობლემების შექმნა. არ ვიცი ჩრდილოვანი კაბინეტი ამ ქვეყნის, მე ვიცი ოფიციალური ვინ არის – ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მე მას ვთხოვ ჩემთან შეხვედრას“, – განაცხადა ბაია გადაბაძემ.

ტელეკომპანია „მაესტროს“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძე („უცნობი“) გახდა. მან ტელეკომპანიის 55%-იანი წილი შეიძინა. საჯარო რეესტრში უკვე ოფიციალურად რეგისტრირებულია ცვლილებები, რომლის თანახმადაც, გაჩეჩილაძემ გიორგი ებრალიძისა და ლევან ჩიკვაიძის წილები შეიძინა.

ამასთან, როგორც ბაია გადაბაძემ განაცხადა, ტელევიზიის წილების ირგვლივ განვითარებული მოვლენები „მაესტროს“ სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხის ქვეშ აყენებს.

Comments
Loading...