”მაესტროს” სარჩენი ფული საკუთარი ჯიბიდან მომქონდა

გია გაჩეჩილაძემ შპს ”სტუდია მესტროს” წილი გაყიდა. ამის შესახებ გია გაჩეჩილაძემ ”TV პირველის” ეთერში განაცხადა.  როგორც ”მაესტროს” წილების საკონტროლო პაკეტის ყოფილმა მფლობელმა განაცხადა, მას ტელევიზიის სარჩენი ფული არ ჰქონდა და შესაბამისად, ისეთ ადამიანზე გაასხვისა, ვისაც ”მაესტროს” როგორც რჩენის, ასევე განვითარების საშუალება აქვს. 

”არაფერი უკანონო არ მომხდარა. ადამიანებმა, ვინც ფლობდნენ ”მაესტროს” წილებს, გაყიდეს საკუთარი წილები. ქალბატონმა ინა გუდავაძემ შეიძინა ეს წილი, გააკეთა მედია ჰოლდინგი. მეც მივეხმარე, ვიყავი ამ პროცესებში ჩართული, რომ ეს წილი არ წასულიყო ”რუსთავი 2”-სკენ. ამიტომ ჩავერიე მე, რომ არ გაერთიანებულიყო ”მაესტრო” ”რუსთავი 2”-თან. მინდოდა, რომ ეს ბიზნესკომბინაცია შემდგარიყო. მე ”მაესტროს” მფლობელი აღარ ვარ. ”მაესტროს” მფლობელია ინა გუდავაძე. ”მაესტროს” სარჩენი ფული ძალიან დიდი ხანია საკუთარი ჯიბიდან მომქონდა და როცა გამიჭირდა და აღარ მაქვს ფიზიკურად საშუალება ტელევიზია ვარჩინო, გადავეცი ადამიანს ვისაც ამის საშუალება აქვს”, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ განცხადების გაკეთებამდე რამდენიმე საათით ადრე ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ არ აპირებდა ”მაესტროს” გაყიდვას. 

”მე არ ვაპირებ ”მაესტროს” გაყიდვას არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ დიდი მედია-ჰოლდინგი კეთდება, რომელსაც ექნება ერთი ბიუჯეტი. აქ არ გაერთიანდებიან მხოლოდ ტელევიზიები, რადიოებიც იქნება გაერთიანებული, გაზეთები და ა.შ. რადიოებსა და გაზეთებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. შეიძლება ჰოლდინგში რადიო ”იმედი” და რადიო ”უცნობი” შევიდეს. ვნახოთ, ჯერჯერობით მოლპარაკებები მიდის”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

წყარო :  ნეწსტიმე.გე
Leave A Reply

Your email address will not be published.