მაგდა პაპიძის დედა პროკურატურის მიერ გასაჯაროებული მისი ჩვენების ტექსტს არ ადასტურებს

მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის დედა ლია შამუგია პროკურატურის მიერ გასაჯაროებული მისი ჩვენების ტექსტს არ ადასტურებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ლია შამუგია სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”, საკუთარი შვილის, ლანა პაპიძის პირადი გვერდის საშუალებით ავრცელებს და გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.

„ინფო 9“ აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გათავაზობთ:

“მე, ლია შამუგია, მაგდა პაპიძის დედა გავეცანი მთელ ონფორმაციას, რაც დღეს გავრცელდა. ვგულისხმობ პროკურატურაში ჩემი და ჩემი შვილის ლანა პაპიძის ჩვენებებს, კერძოდ: “ჩემი შვილი მაგდა იყო თავნება და რომ შვილს ცუდად ექცეოდა”.

მე, დედა მაგდა პაპიძის, ვაცხადებ, რომ ეს ინფორმაცია, რაც დღეს გავრცელდა (ვგულისხმობ ჩვენებებს) არის სიცრუე და არც მე და არც ჩემს შვილს ასეთი ჩვენება არ მიგვიცია და ვუცხადებ უნდობლობას პროკურატურას, ასევე, აღვნიშნავ ჩემი შვილის ლანა პაპიძის მიცემულ ჩვენებას, რაშიც აშკარად დარღვეულია მიცემული რეალური ჩვენებები.

რაც შეეხება ჩემი შვილის, მაგდას მიერ ნაწარმოებ ე.წ “დღიურს”, მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ მიუხედავად კალიგრაფიის ექსპერტიზის დასკვნისა პროკურატურის მხრიდან, აღვნიშნავ, რომ ეს კალიგრაფია არ ეკუთვნის ჩემს შვილს – მაგდა პაპიძეს, არის მიმსგავსებული და არანაირად არ ვენდობი ექსპერტიზის დასკვნებს. ამ მოვლენებით მე ვხედავ მიმდინარე საქმის გაყალბებას და არასწორი მსვლელობა ეძლევა პროცესს”, – წერს ლია შამუგია სოციალურ ქსელში.

Comments
Loading...