თბილისის სააპელაციო სასამართლომ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ მაგდა პაპიძის სარჩელზე გადაწყვეტილება მიიღო. მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად სცნო და ზეპირი მოსმენითაც არ განიხილა.
როგორც “პრაიმტაიმს” მსჯავრდებულის დამ, ლანა პაპიძემ განუცხადა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ოჯახს დაახლოებით სამი კვირის წინ მიუვიდა. მისი თქმით, ოჯახი ზუსტად ამ გადაწყვეტილებას ელოდებოდა, რადგან სიმართლის გარკვევის იმედი აღარ აქვთ.
“იმ ქვეყაში, სადაც მაია რჩეულიშვილს სასამრთლო ასე ექცევა, რისი იმედი უნდა გვქონდეს. ძალიან უკმაყოფილები ვართ ჩემი დის საქმის გამოძიებით, ძალიან ბევრი უზუსტობაა, რომლის გარკვევასაც არავინ ცდილობს. წერილებსაც კი ბლოკავენ ციხიდან. იშვიათად გვაქვს კონტაქტი მაგდასთან. ძალიან ცუდად არის და წარმოდგენა არ მაქვს, რისი გაკეთება შეგვიძლია მისთვის”, – აცხადებს ლანა პაპიძე.
პაპიძის ადვოკატები სააპელაციო სასამრთლოსგან ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული ვერდიქტის გაუქმებას ითხოვდნენ, თუმცა ადვოკატების აღნიშნული არგუმენტი სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
მეუღლისა და შვილის მკვლელობისთვის პაპიძეს 2016 წლის ივლისში უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.