მაიკლ სესაირი – ბალტიისპირეთის გარეთ საქართველო პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა და ბოლო იმედია რეგიონში

გავლენიანი ამერიკული გამოცემა “ვაშინგტონ პოსტი” საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. მასალის ავტორი ცნობილი ანალიტიკოსი მაიკლ სესაირია. “შეიძლება ითქვას, რომ ბალტიისპირეთის გარეთ საქართველო პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ყველაზე სტაბილური და დემოკრატიული ქვეყანაა და ნამდვილად, ბოლო იმედია რეგიონში, სადაც წლების განმავლობაში პოლიტიკური სტაგნაცია და რეგრესი იყო”, – წერს სტატიის ავტორი. მისი მოსაზრებით, საქართველოს მთავრობა “თითქმის ყველაფერს სწორად აკეთებს”, მაგრამ “დაღლა გაფართოებისგან” აშშ-ში და განსაკუთრებით ევროპაში იწვევს ფატალიზმის შეგრძნებას საქართველოში და აძლიერებს ანტირურუსულ განწყობებს. “საქართველომ დასავლეთს ზურგი რომ აქციოს, ეს იქნება დარტყმა არა მხოლოდ ქვეყნის ახლად დაბადებულ დემოკრატიაზე, არამედ მისცემს რუსეთს პირდაპირ დერეფანს ახლო აღმოსავლეთზე, გადაჭრის დასავლეთის წვდომას ევრაზიის ენერგეტიკულ წყაროებთან და მოკლავს რეგიონალი დემოკრატიზაციის ყველანაირ იმედს თვალმისაწვდომ მომავალში”, – წერს სტატიის ავტორი. მაიკლ სესაირი მიიჩნევს, რომ რუსეთის ბატონობის ქვეშ საქართველო შესაძლოა, 90-აინ წლებს დაუბრუნდეს და ნაყოფიერი ნიადაგი გახდეს რადიკალიზაციისთვის. მისი მოსაზრებით, რუსეთის მცოცავი გავლენის კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოში გაიზარდა პრორუსული პარტიებისადმი მხარდაჭერა. სტატიის ავტორს მაგალითად მოჰყავს ბოლო წლებში ჩატარებული არჩევნები. “2014 წელს, რამდენიმე პარტიამ, რომელიც შეიძლება აღვწეროთ როგორც პრორუსული, საყოველთაო პროპორციული ხმის მიცემის შედეგად დაახლოებით 20 % მიიღო. ექსსპიკერ ნინო ბურჯანაძის “გაერთიანებულმა ოპოზიციამ” და პოპულისტურმა “პატრიოტთა ალიანსმა” მოიპოვეს დაახლოებით 15%, დანარჩენი 5% ანტიდასავლური ტენდენციების მქონე სხვა მცირე პარტიებმა დააგროვეს. ეს მონაცემები არ შეიცავს სხვა ამომრჩევლებს, რომლებმაც ხმა მისცეს “ნაციონალური მოძრაობის” ოპოზიციას, ხელისუფლებაში მყოფ “ქართული ოცნების” კოალიციას, რომელსაც აქვს თავისი ანტიდასავლური ფრაქციები. ეს იყო საგრძნობი დარტყმა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა ანტიდასავლურმა პარტიებმა მხოლოდ 13 % მოიპოვეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბოლო წლების განმავლობაში პრორუსულ პარტიებს მუდმივად სულ უფრო მეტი ქართველი ამომრჩეველი აძლევს ხმას”, – წერს სესაირი. “მაგრამ თითქოს სულ უფრო ნათელი ხდება, რომ საქართველო უახლოეს პერიოდში ევროკავშირში ან ნატო-ში არ შევა, მაღალი საზოგადოებრივი მხადაჭერის მიუხედავად. ამ იმედის მიმართ საზოგადოების ფატალიზმის ზრდა უკავშირდება მზარდ მხარდაჭერას ევრაზიული კავშირის ალტერნატივისადმი”, – წერს მაიკლ სესაირი და იქვე დასძენს: “საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა პროდასავლურია და ამ მიმართულებით გააფართოვა კავშირები ეკონომიკური, დიპლომატიური და უსაფრთხოების კუთხით. ესენია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დადება 2014 წლის ივნისში, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონა, ნატო-სთან სწრაფად მზარდი კავშირები და ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის მოსალოდნელი პერსპექტივა 2016-ში. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ “ქართული ოცნების” ადმინისტრაციამ ეს მიღწევები ქართველებს არაეფექტურად მიაწოდა და ვერ შეძლო ბოლო წლების ეკონომიკური შოკების შემსუბუქება სამუშაო ადგილებს მონატრებულ ქვეყანაში. ალბათ ბევრი ქართველისთვის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება უფრო ნაკლებად სასურველია, ვიდრე ევროპის წევრობა, მაგრამ ევრაზიულ კავშირს ნამდვილად შეუძლია, მოკლევადიან პერსპექტივაში მეტი გააკეთოს სამუშაო ადგილების შესაქმნელად და რიგითი ადამიანების ჯიბის შესავსებად”, – წერს ავტორი. “ვაშინგტონ პოსტში” გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოში ბევრი ადამიანისთვის ევროპაში შესვლა შორეულ ოცნებად იქცა. როგორც მაიკლ სესაირი აღნიშნავს, მიჰყვება თუ არა საქართველო დინებას რუსეთისკენ, ეს სავარაუდოდ, ოქტომბრის არჩევნების დროს გახდება ცნობილი. ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ პრორუსული პარტიები საკმარის ძალას მოიპოვებენ საქართველოს ამჟამინდელი, პროდასავლური პოლიტიკური კონსენსუსის დასაშლელად. სტატიის ავტორის მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის სამხედრო ძალები საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დგანან, თბილისის მხრიდან გარკვეულ პრაგრატიზმს დიდი მნიშვნელობა აქვს სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. “დასავლეთისთვის, საქართველოს დაკარგვა არა მხოლოდ რუსეთს გააძლიერებს, არამედ რუსეთი მიიღებს სტრატეგიულ დამაკავშირებულ რგოლს ევროპასა და ევრაზიას შორის, ასევე ძლიერი რეგიონული სახელმწიფოების – რუსეთის, თურქეთის, ირანისა და ევროპის გასაყარს”, – წერს მაიკლ სესაირი.

Comments
Loading...