მამა იოანეს განმარტება iPhone + -ის მაღაზიის კურთხევაზე (ვიდეო)

მღვდელი, რომელმაც „აიფონი პლუსის“ მტკიცებით მათ მაღაზიაში ტელეფონები აკურთხა ამბობს, რომ აკურთხა არა ტელეფონები, არამედ მაღაზია.

ვაკის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მღვდელი იოანე საბანიძემ ტელეკომპანია „ერთსულოვნებას“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა, რომ მასთან მივიდა მაღაზიის მენეჯერი გიორგი მაჭავარიანი და თხოვა, რომ სურდა მაღაზიის კურთხევა, რაზეც მამა იოანე დათანხმდა.

მისივე თქმით, სიუჟეტის ძირითადი ნაწილი მას შემდეგ გადაიღეს, როდესაც მამა იოანემ მაღაზია დატოვა. მანამდე კი მან ვიდეოკამერა შენიშნა და როდესაც იკითხა, თუ რატომ და ვინ იღებდა მაღაზიის კურთხევის რიტუალს, აუხსნეს, რომ რადგან ეს პირველი მაღაზია იყო, რომელსაც მართლმადიდებლური წესით აკურთხებდნენ, სურდათ, გადაეღოთ რიტუალი, რომ ხელმძღვანელი პირებისთვის ეჩვენებინათ.

„როდესაც მღვდლები ვაკურთხებთ მაღაზიას, ან აფთიაქს, იმას ხომ არ ნიშნავს, რომ წამალს ვაკურთხებთ, ან სახლის კურთხვევისას – სკამს ან მაგიდას, იკურთხება ხალხი და შენობა,“- აღნიშნა მამა იოანემ.

როდესაც ვიდეოს შესახებ შეიტყო, მღვდელმსახურმა სცადა გიორგი მაჭავარიანი ენახა და ეთხოვა, ვიდეო ინტერნეტიდან აეღოთ, თუმცა მაღაზიის მენეჯერი მას დაემალა.

მამა იოანეს თქმით, გულნატკენია, რომ წინასწარ არ გააფრთხილეს თუ რისთვის სჭირდებოდათ კურთხევის რიტუალის კადრები, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ დათანხმდებოდა.

„მართლმადიდებლური მრევლიც არის ჩართული, ვთხოვ ყველას, რომ დაანებონ თავი და არ აყვნენ. ის ბიჭი ახლა ძალიან ცოდოა, შევძელი მასთან გუშინ საუბარი და ძალიან დაბნეულია, პატარა ბიჭია, მას დაავალეს და გაუაზრებლად გააკეთა,“ – აღნიშნა მამა იოანემ.


Comments
Loading...