მამა შალვა: რაც არ უნდა ედებოდეს ბრალად მამა გიორგი მამალაძეს, თუნდაც პატრიარქის მკვლელობა, უნდა გასაჯაროვდეს

დეკანოზი შალვა კეკელია, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადებისთვის ბრალდებულ გიორგი მამალაძის პოზიციას აკრიტიკებს.

მისი თქმით, ბრალდებულმა დეკანოზმა დუმილი უნდა დაარღვიოს და საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს.

„ეკლესიისთვის რამდენად მტკივნეულიც არ უნდა იყოს, თუნდაც მამა გიორგი დამნაშავე აღმოჩნდეს, აქ არაფერი დასამალი არ არის და სიმართლე უნდა გამოცხადდეს. თუ ადამიანი დამნაშავეა, უნდა ითქვას, რაც არ უნდა ედებოდეს ბრალად ჩვეულებრივი ადამიანის მკვლელობა, თუ პატრიარქის მკვლელობა. ეს საჯაროდ უნდა ითქვას და გაცხადდეს იმიტომ, რომ ადამიანებს აინტერესებთ რა მოხდა ეკლესიაში. მე არ მესმის გაუთქმელობის პირობა. თუ ადამიანი მართალია, არ მესმის, როგორ შეიძლება ვინმემ რამე დამაბრალოს. მღვდელი ვარ, რისი უნდა მეშინოდეს“, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

მისივე თქმით, დუმილის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის გადაწყვეტილებას ვერ ამართლებს.

„დამაბრალონ მკვლელობა რომელიმე ადამიანის და მე გამოძიებასთან ვითანამშრომლო, ასეთი რამ დამაბრალოს სახელმწიფომ, ან ნებისმიერმა ადამიანმა და მე რაიმე პირობა დავიცვა, გამორიცხულია. ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს არ დავემორჩილებოდი. მდუმარებასთან დაკავშირებით ვერაფრით ვამართლებ მამა გიორგის. რისი უნდა მეშინოდეს, მღვდელი ვარ, ღმერთი ყველაფერს ხედავს ჩემთან დაკავშირებით და რა სასჯელი უნდა მომისაჯონ ამაზე მეტი“, – აცხადებს მამა შალვა.

მაღალი სასულიერო პირის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე შესაძლოა, დღეს საპატრიარქოში გადაიყვანონ.

დაკავებულის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მამა გიორგი დუმილს არღვევს და შესაძლოა, გამოძიებას ჩვენება დღეს მისცეს.

Comments
Loading...