მამა თეოდორე – ვიტყოდი, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები არიან კრიმინალები

ზუგდიდთან ახლომდებარე ტყეში 2013 წელს ნაპოვნმა და ახლახან უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულმა ვიდეომასალამ ბევრი ადამიანი დააფიქრა იმაზე, თუ ვინ ვართ ჩვენ და სად მიექანება საქართველო. გვესაუბრება თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.

_ მამაო, ბევრი პოლიტიკოსის, საზოგადო მოღვაწის, აგრეთვე, უბრალო მოქალაქის აზრი მომისმენია იმ საშინელი კადრების ჩვენებაზე, რომლებმაც შეგვძრა. საინტერესოა, რას იტყვით თქვენ, ღვთისმსახური?

_ ჩემთვის ძალიან რთულია ამ ვიდეომასალებზე მსჯელობა, რადგან ეს ეხება არა მხოლოდ ზნეობას, არამედ პოლიტიკას. რომ დავიწყო ამ საქმეში ჩაძიება, მტყუან-მართლის გარჩევა, გამოჩნდება ჩემი პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათია, რომელიც მე, როგორც მოქალაქეს, მაქვს. ამასთანავე, გარკვეულწილად ვიცავ უდანაშაულობის პრეზუმფციას. ამ საქმეზე უნდა ჩატარდეს გამოძიება, მერე გაიმართოს სასამართლო და გამოიტანოს განაჩენი! ასი პროცენტით რომ ვიყო დარწმუნებული, ეს დანაშაულები ჩაიდინა “ნაციონალური მოძრაობის” არა რამდენიმე წევრმა, არამედ მისმა მმართველმა ჯგუფმა, რომ მან მოიფიქრა, დაგეგმა და ამ დანაშაულს მისცა სისტემური ხასიათი, რადგან ასე ემართა სახელმწიფო, მაშინ ვიტყოდი, რომ საქმე გვაქვს დანაშაულებრივ ჯგუფთან, რომელსაც არ აქვს უფლება არც პოლიტიკაში და არც თავისუფლებაზე ყოფნისა. ვიტყოდი, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები არიან კრიმინალები, თანაც _ განსაკუთრებული კრიმინალები, რომლებმაც სისასტიკით გერმანელი ფაშისტებიც დაჩრდილეს!

ფაშისტების სისასტიკეს ზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ არ მსმენია, რომ ისინი საკონცენტრაციო ბანაკებში მამაკაცებს აუპატიურებდნენ. დამეთანხმებით, რომ ჰიტლერი და მისი მთავრობის წევრები არ იყვნენ სიკეთის მომტანნი, მათი აზრები არ იკვებებოდა ღვთის მადლით; მათი აზრები და ქმედებები იყო დემონური.

_ ანუ, მამაო, ფაშისტები დემონების დაკრულზე ცეკვავდნენ? გამოდის, ეშმაკმაც კი არ შთააგონა ჰიტლერსა და მის ხროვას, მამაკაცები გაეუპატიურებინათ…

_ ვფიქრობ, მაგ დროს ჰიტლერის მსგავსი ადამიანები არ იყვნენ ისე დაცემულნი, როგორც დღევანდელები. ბოროტებას, ცოდვას, დანაშაულს აქვს თავისი ზღვარი, მაგრამ ეს, რაც ვნახე, გაუგონარია.

ბახტრიონის აჯანყება მოხდა მაშინ, როდესაც მუსლიმანებმა მღვდელი შეურაცხყვეს და ერმა ეს ვერ დაიტია.

_ რატომ ვერ დაიტია?

_ იმიტომ, რომ ძალიან სამარცხვინოა, რაც ჩაიდინა უცხო თესლმა, შემოსულმა მტერმა. პასუხიც საკადრისი იყო. ერთ დღე-ღამეში ქართველებმა 80 ათასი ყიზილბაში დახოცეს. არავინ დაინდეს _ არც ბავშვი და არც ქალი. ახლა კი ამას ჩვენვე ვაკეთებთ. ქართველებს არაერთხელ ჩაუდენიათ სამარცხვინო საქციელი _ ღალატი, ეკლესიების ნგრევა, მაგრამ ასეთი _ პირველად. დღეს მე მრცხვენია.

მგონი, კანონიც არ არსებობს, რომ ასეთი დანაშაულისთვის პირი გაასამართლო. დიდი-დიდი, მიუსჯიან რამდენიმე წელს და მორჩა, მაგრამ მანიაკს ხომ არ უშვებენ გარეთ, ის სამუდამო პატიმარია და ესენი მანიაკები არ არიან?! ადამიანი ხომ არ არის ხორცის გროვა, მას უკვდავი სული აქვს, ხატია ღვთისა, აქვს ღირსება, ამიტომ ადამიანის ასეთ შეურაცხყოფას, მისთვის სიცოცხლის მოსწრაფება სჯობია. ადამიანი რომ მოკლა, მის ღირსებას ვერ გათელავ. ადამიანის პირადი ღირსება უფრო ძვირფასია, ვიდრე მისი სიცოცხლე. ილია ჭავჭავაძე სასტიკად მოკლეს, მაგრამ მისი ღირსება ვერ გათელეს! ესენი კი პირდაპირ ღირსებას შეეხნენ! არ მყოფნის სიტყვები…

_ ზოგიერთი პოლიტიკოსი მოითხოვს იმ ადამიანების დასჯას, რომლებმაც ეს ვიდეომასალები გამოამზეურა.

_ ნებისმიერი ქმედება მოტივაციით განისაზღვრება. თუ ამ საშინელი კადრების გამომქვეყნებელს ამოძრავებდა პირადი ინტერესები, ეს უზნეო საქციელია, მაგრამ, თუ ამ ქმედებით ვინმეს უნდოდა მიძინებული ხალხის გამოღვიძება სამშობლოს საკეთილდღეოდ, მაშინ ეს გამართლებულია.

_ ხომ შეიძლებოდა, ეს მასალები ამჟამინდელ ხელისუფლებას გამოექვეყნებინა? არჩევნებია კარს მომდგარი.

_ უკვე გითხარით: თუ არ ჩატარდება გამოძიება და არ იქნება სასამართლოს განაჩენი, ვერავის დავადანაშაულებ _ ვერც წინა ხელისუფლებას, ვერც ამჟამინდელს. ამ საქმეში მთავარია ფაქტი და არა ლოგიკა. მარტო ლოგიკური დასკვნით ადამიანს ვერ დაადანაშაულებ.

_ მამაო, ჩემი დაკვირვებით, ადამიანები დანაშაულს, ძირითადად, თანამდებობის ხელში ჩაგდების მიზნით სჩადიან…

_ ქართული სიტყვა თანამდები ნიშნავს ვალს. თანამდებობა ნიშნავს ვალში ყოფნას და, რაც უფრო მაღალ თანამდებობაზეა ადამიანი იერარქიულად, უფრო დიდ ვალში იმყოფება ღვთისა და ერის წინაშე. უფალი ამბობს: მე მოვედი არა იმიტომ, რომ მემსახუროთ, არამედ იმიტომ, რომ გემსახუროთო. ეს სიტყვები ეკუთვნის, ასევე, ქრისტიანებს, ღვთისმსახურთ და, რა თქმა უნდა, თანამდებობის პირებს, ხელისუფლება ხომ ღმერთის მიერ დადგენილი იერარქიაა და მისი ვალია, ხალხს ემსახუროს. როგორც წინა, ასევე დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა ნახევარს მაინც რომ ჰქონოდა პასუხისმგებლობა, ანუ მათ რომ ეგრძნოთ თითოეული ადამიანის ტკივილი, ჩვენ არ აღმოვჩნდებოდით ასეთ სავალალო მდგომარეობაში. არავინ ფიქრობს, როგორ გამოიყვანოს მოსახლეობა სიდუხჭირიდან, ამ გაუგებარი მდგომარეობიდან, რომელშიც ჩვენ ვართ.

_ დავუშვათ, მამაო, რომ ამ ვიდეომასალების საქმეზე ჩატარდა გამოძიება და დასახელდნენ დამნაშავეები. რა სასჯელის ღირსნი იქნებიან ისინი?

_ დამნაშავეები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ, ისე, რომ მომავალში არავის აზრადაც არ მოუვიდეს ასეთი საზიზღრობის ჩადენა.

ესაუბრა გიორგი კორძაძე
წყარო: geworld.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.