მამაკაცზე, რომელმაც სვანეთში, შიშველ მდგომარეობაში ფოტო გადაიღო, შემდეგ კი საზოგადოებას ბოდიში მოუხადა, ზეწოლა არ განხორციელებულა. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლების მიერ, მიმდინარე წლის დეკემბერში სოციალური ქსელით გავრცელებულ ფოტო და ვიდეო მასალასთან დაკავშირებით, გამოიკითხნენ პირები -რუდლოფ ა. და ირაკლი ნ, რომლებიც აღნიშნულ მასალაში ფიგურირებდნენ.
“გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია. რუდოლფ ა.-მ აღნიშნა, რომ მის მიმართ მუქარა, ზეწოლა, ძალადობა ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ განხორციელებულა და მას პრეტენზია ირაკლი ნ.-ს მიმართ არ გააჩნია”,– აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
სოციალურ ქსელში სვანეთში გადაღებული შიშველი მამაკაცის ფოტო გავრცელდა, რამაც სვანების უკმაყოფილება გამოიწვია. მოგვიანებით გავრცელდა ვიდეო, სადაც ფოტოზე გამოსახული მამაკაცი საზოგადოებას ბოდიშს უხდის.