მამუკა არეშიძე: ყველაზე საშიში მესამე ძალაა

„ნაციონალურ მოძრაობას” დიდი ხანია სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის სურვილი აქვს”, – ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „კვირის პალიტრას” განუცხადა.

მისი თქმით, მთავარია, ხელისუფლება მოვლენების ესკალაციისთვის მზად იყოს.

„მმართველ გუნდზე ზეწოლა კიდევ უფრო აგრესიული გახდება. მეტიც, არ გამოვრიცხავ, ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, პროცესში ხელისუფლებაში მყოფი ე.წ. მეხუთე კოლონის წარმომადგენლებიც ჩაერთონ. სახელმწიფო სტრუქტურებში, განსაკუთრებით ძალოვან უწყებებში, მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ორ ფრონტზე იბრძვიან – ხელისუფლების მიმართ ლოიალურობას აფიქსირებენ, რეალურად კი, „ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებს ატარებენ. თუმცა, ყველაზე საშიში მესამე ძალაა – წინა ხელისუფლებისგან გამწარებული ხალხი”, – განაცხადა არეშიძემ.

24 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლების დასამხობად და მის ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, საგამოძიებო მსვლელობას საფუძვლად კონტრდაზვერვის მიერ ჩატარებული სამძებრო ღონისძიებები და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაედო. მოგვიანებით აღნიშნულ საკითხზე „მოდულის” შენობაში მოწმის სტატუსით „ნაციონალური­ მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერიაც დაიბარეს და დაჰკითხეს.

Leave A Reply

Your email address will not be published.