მამუკა ღლონტი მაკა ასათიანს მოუწოდებს „მაესტროს“ წილი „იმედს“ არ მიჰყიდოს და კეთილსინდისიერ მყიდველზე საუბრობს

ტელეკომპანია მაესტროს ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე მამუკა ღლონტი მაკა ასათიანს მოუწოდებს, არ მიყიდოს საკუთარი წილი „იმედს“.

მისი თქმით, შესაძლოა, სულ მალე კეთილსინდისიერი მყიდველი გამოჩნდეს, რომელიც „მაესტროს“ წილებს იყიდის.

ღლონტის განცხადებით, გია გაჩეჩილაძეს, მის მფლობელობაში არსებული 55%-დან 25%-იანი წილის გასხვისების უფლება, ღლონტის ნებართვის გარეშე, არ აქვს.

„მე არ გამოვრიცხავ, რომ გამოჩნდეს, თუ არ გამოჩნდა უკვე, კეთილსინდისიერი ინვესტორი, რომელიც დააფინანსებს მაკას წილის შესყიდვას და რომელიც აწარმოებს მოლაპარაკებას გია გაჩეჩილაძესთან მისი 25%-ის შეძენაზე და ჩვენ უფლება მივცეთ გია გაჩეჩილაძეს იმ კეთილსინდისიერ ინვესტორს მიჰყიდოს თავისი წილი და იმავდროულად, ჩვენც მივცეთ იმ კეთილსინდისიერ ინვესტორს ჩვენი 20%. შესაბამისად, ის საპნის ბუშტი, რომელიც დახატეს ირაკლი რუხაძემ და ინა გუდავაძემ, რომ თითქოს მათ შეიძინეს მაესტროს საკონტროლო პაკეტი, შეიძლება გასკდეს“, – განაცხადა მამუკა ღლონტმა.

მაკა ასათიანის ადვოკატი კი ამბობს, რომ ასათიანმა „მაესტროს“ წილის გასხვისების გადაწყვეტილებაზე განცხადება უკვე გააკეთა.

„თუ ჩვენ ამ დროისათვის წილი გასხვისებული გვექნა, ჩვენ ვერაფერს ვეღარ შევცვლით, გუშინ განვაცხადეთ, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება წილის გასხვისებასთან დაკავშირებით „იმედის“ წარმომადგენლებზე და დღეს საუბარი სხვა გარიგებაზე ჩვენი აზრით, არასწორია. ხოლო ბოლოს განვითარებული მოვლენების გამო, მაკა ასათიანი აღმოჩნდა უმცირესობაში, ვეღარ ახდენდა გავლენას გადაწყვეტილებებზე. შესაბამისად, ბიზნესის თვალსაზრისით, ასეთი წილის ფლობა ყოველგვარ აზრს იყო მოკლებული“, – განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.

Comments
Loading...