მამუკა მდინარაძე – ჩვენს ინიციატივას სპეკულაციები მოჰყვა…

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებაზე გამოთქმულ კრიტიკას „პოლიტიკურ სპეკულაციას“ უწოდებს.

„ჩვენ ვუფრთხილდებით და პატივს ვცემთ თითოეული ადამიანის აზრს და პოზიციას, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გამოვრიცხოთ ყოველგვარი კითხვის ნიშნები, ამიტომ საკონსტიტუციო კომისიის წინაშე გავახმოვანეთ ვერსია, რომ პრეზიდენტის შემდეგი არჩევნები შესაძლებელია ჩატარდეს ისევ პირდაპირი წესით, მომდევნო კი იმ წესით, რომელიც გამომდინარეობს საპარლამენტო რესპუბლიკის მოწყობის ლოგიკიდან.

მიუხედავად ამისა, ჩვენს ინიციატივას მოჰყვა ისევ პოლიტიკური სპეკულაციები, რომ ცვლილებები მიმართულია მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ, თითქოს, მას მესამედ არჩევის შესაძლებლობა ჰქონოდა. შესაბამისად, თუ ჩვენს მიერ პოზიციების მაქსიმალურად გათვალისწინება მაინც უნდა იქნეს გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციებისა და საზოგადობის შეცდომაში შეყვანისთვის, მაშინ ყოველგვარ კომპრომის ეკარგება აზრი. ეს გახლდათ პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადების საფუძველი, რასაც აბსოლუტურად ვეთანხმები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ „ინტერპრესნიუსს“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა.

„დღეს საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ გაგავაცნო მისეული ხედვა ქვეყანაში მიმდინარე კონსტიტუციურ პროცესებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ქვეყანაში კონსტიტუცია უნდა იცვლებოდეს არა ფუნდამენტურ ანალიზზე დაყრდნობით, არამედ პრეზიდენტის კომენტარების ხასიათიდან გამომდინარე. თუ კომენტარის ხასიათიდან გამომდინარე უნდა იცვლებოდეს ქვეყანაში საკონსტიტუციო მოდელები, მაშინ უფრო ლოგიკური ხომ არ იქნებოდა, საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ ჩაგვეწერა ხასიათის გამოვლენის აკრძალვის ვალდებულება საქართველოს პრეზიდენტის, მედიისა და საზოგადოებისთვის“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

ipn.ge

Comments
Loading...