მამუკა მდინარაძე ნიკა გვარამიას საქმეზე – ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა არ ეფარდებათ

ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულებს პატიმრობა არ ეფარდებათ, – ასე განმარტავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე თავის პოზიციას, რომლის მიხედვითაც ნიკა გვარამიაზე თავდასხმაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ უნდა შეეფარდოს.

მისი თქმით მის პოზიციას აქვს ორი შემადგენელი ნაწილი.

”გადახედვას არ ექვემდებარება პოზიცია, რომ ძალადობა არის მიუღებელი და ჩვენ ამ მხრივ სასაყვედურო ნამდვილად არ გვაქვს, რადგან რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ კანონი, სადაც გამკაცრდა ძალადობის მიმართ სასჯელი. მეორე პოზიცია არის, რომ ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში არ ეფარდებათ ხოლმე აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა”, – განაცხადა მდინარაძემ.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 იანვარს თბილისში, რესტორან „დაინინგ რუმში“ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნიკა გვარამიას. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითალისწინებს სისტემატურ ცემას ან სხვაგვარი ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

IPN.GE

Leave A Reply

Your email address will not be published.