მამუკა მდინარაძე: პაპუაშვილმა მოსამართლეების განმარტების გარეშე ჩაშალა სხდომა

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი, მამუკა მდინარაძე, 23 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის საორგანიზაციო სხდომის ჩაშლას გიორგი პაპუაშვილს აბრალებს.

როგორც “ღამის კონტაქტის” პირდაპირ ეთერში მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ივარაუდა, რომ მოსამართლეთა უმრავლესობა მისი მხარდამჭერი არ იყო და ისინი დასკვნაში ჩაწერდნენ, რომ ადგილი ჰქონდა სარჩელების შეცვლას.

“გავრცელდა ინფორმაცია, რომ პლენუმის სხდომა ჩაიშალა. ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს გაუგონარი ქმედებების გაგრძელებასთან. პაპუაშვილმა ივარაუდა, რომ უფრო მეტი მოსამართლე არ იყო მისი მხარდამჭერი, ისინი სიმართლეს დაადგენდნენ და დასკვნაში დაწერდნენ, რომ იყო დარღვევა და ადგილი ჰქონდა სარჩელების შეცვლას.

პაპუაშვილმა მოსამართლეების განმარტების გარეშე ჩაშალა ეს სხდომა. ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია, რომელიც მნიშვნელოვან ინსტიტუტს შეეხება.

ჩვენ გვაქვს კითხვები, ამ ფაქტით რატომ არ ინტერესდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები. ვრცელდებოდა გარკვეული ინფორმაციები იმის შესახებ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, იმ მოსამართლეების დისკრედიტაციას აპირებენ, რომლებიც მათი მხარდამჭერები არ არიან.

ჩემი აზრით, ეს არის მათი სტრატეგიის გარკვეული ნაწილი – ისინი გაწელავენ დროს და შეეცდებიან ის მოსამართლეები, რომლებიც მათი გავლენის სფეროდან გავიდნენ (მე ამ მოსამართლეებს ბოდიშს ვუხდი, ასე საუბარი რომ მიწევს) დააშინონ, დააშანტაჟონ. არ არის გამორიცხული, ამ ლოგიკითვე, შემდეგ კვირაში, ამ მოსამართლეებზე დისკედიტაციები ვიხილოთ”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Comments
Loading...