მამუკა მდინარაძე უმცირესობას – გადაახვიეთ და ნახეთ მთავარი პროკურორის 13 თებერვლის განცხადება

გადაახვიეთ და ნახეთ მთავარი პროკურორის 13 თებერვლის განცხადება, – ამ რჩევით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმცირესობას მიმართა.

მდინარაძის აზრით, გუშინდელი დღე იყო დასტური იმისა, რომ საზოგადოება ”ციანიდის საქმეზე” დაწყებულ გამოძიებას უნდა ენდოს, ოპოზიცია კი, აღნიშნული თემის პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენებას ცდილობს.

”მთავარმა პროკურორმა ბრიფინგზე თქვა, რომ მოქალაქის ინფორმაციით, იგეგმებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა. შეგიძლიათ გადაახვოით და ნახოთ, რომ მანვე განაცხადა, დაკავებულ პირს ბრალი ერთ-ერთი პირის მკვლელობის მომზადებაში ედებოდა. ამის გადახვევა ჩვენ შეგვიძლია, თქვენ არ გაწყობთ, რადგან წინა დღიდან მოყოლებული ამაზე პიარ-კამპანია იყო აგორებული. ეს არის ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის დღის წესრიგში. ამაში გაებნენ და პიარ-კამპანიის ფსიქოლიგიური ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ სხვა პირებიც. სამწუხაროდ, ეს იყო სასულიერო პირთა მხრიდანაც”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის სხდომაზე.

მდინარაძე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადადგომისა და საგანგებო პროკურორის დანიშვის შესახებ უმცირესობის ინიციატივასაც გამოეხმაურა და ოპოზიციონერ კოლეგებს ერთგვარი ირონიით მიმართა, ”ხომ არ სჯობდა ისე გაკეთება, რომელი საქმეც არ მოსწონთ ან მოსწონთ, მათი პოლიტიკური დღის წესრიგის გათვალისწინებით, ყველა ასეთ საქმეზე საგანგებო პროკურორი დაინიშნოს?”.
ipn.ge

Comments
Loading...