მანანა კობახიძე: პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურები ჯერ არ განხილულა

საპარლამენტო უმრავლესობაში არ ადასტურებენ ინფორმაციას იმაზე, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია და ის ირაკლი კობახიძე იქნება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე „აიპრესთან“ საუბრისას აცხადებს, ამ საკითხის განხილვა პოლიტსაბჭოზე უნდა მოხდეს, რაც ჯერ არ ყოფილა.

„ჯერჯერობით ახალი უმრავლესობის ფორმატში ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. რაიმე გადაწყვეტილება საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით მიღებული არ არის. ამას სჭირდება შესაბამისი პროცედურები. ჯერ რა თქმა უნდა, პოლიტსაბჭოში უნდა განვიხილოთ ეს საკითხი და შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა განიხილავს ამ კანდიდატურას“, – აღნიშნავს კობახიძე.

კობახიძე ამბობს, რომ საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობა არ ყოფილა.

„დღემდე არ ყოფილა მსჯელობა, ვინაიდან ყველანი საარჩევო პროცესში ვიყავით ჩართული. ჩვენი ამოცანა მეორე ტურში დამაჯერებელი გამარჯვება იყო. თანამდებობები მეორე ეტაპია.

ვერც იმას დაგიდასტურებთ, რომ ერთ-ერთ კანდიდატურად ირაკლი კობახიძე სახელდება. გამორიცხული არაფერია, მაგრამ იმისათვის რომ განხილვა შედგეს პოლიტსაბჭოს შეკრებაა საჭირო. თუმცა, ვიმეორებ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული“, – განუცხადა მანანა კობახიძემ „აიპრესს“.

შეგახსენებთ, „20/30“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პარლამენტის თავმჯდომარის შესახებ უმრავლესობამ გადაწყვეტილება მიიღო. სააგენტოს ცნობით, პარლამენტის ახალი თავმჯდომარე ირაკლი კობახ;იძე იქნება.

წყარო:ipress.ge

 

Comments
Loading...