მანანა კობახიძე – როგორც ჩანს, ელისაშვილს ხელში ისე შემოეფცქვნა მისივე ფანტაზიები

პარლამენტის ვიცე–სპიკერი მანანა კობახიძე თბილისის საკრებულოს დეპუტატის ალეკო ელისაშვილის მიერ ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულ ანასტასია ზაუტაშვილისთვის ადვოკატის აყვანის შეთავაზებას ეხმაურება.

“აი, როგორ არ გამოვეხმაურო ამ ყოვლად უღირსი, ცრუმოწმის ბოლო ნამოქმედარს?! როგორც ჩანს, ელისაშვილს ხელში ისე შემოეფცქვნა მისივე ფანტაზიები, რომ საშველად ციხეში პატიმარს მიაკითხა, ებოდიშა, დახმარებას შეპირდა, ახალი ადვოკატი შესთავაზა…

ვიდრე რამეს განაცხადებ და მოთხოვ პროკურატურას, ჯერ იმ საჩივრების და განცხადებების ბედი მოიკითხე, რაც პარლამენტიდან ამ საქმესთან დაკავშირებით პირადად მაქვს გადაგზავნილი, მე რომ პოლიტიკური ქულების დაწერა მდომოდა ამ საქმეზე, შენსავით ვირბენდი ეთერებში სულელური განცხადებებით!

დიახ, ყოველგვარი პოლიტიკური ქვეტექსტის გარეშე, ჩემს საქმეს ვაკეთებდი, გამოძიების განახლებას ვითხოვდი და წამებაზე ძიების დაწყებას, ხოდა შედეგი რომ ჭიანურდებოდა, ამიტომ ითხოვა იმ ხალხმა შეწყალება, (უკვე მერამდენედ ვამბობ) თუმცა ზუსტად შენ, პოლიტიკური ქულების ჩასაწერად, საბოლოოდ გაწირე ეს ადამიანები, ხოდა ახლა სინდისმა შეგაწუხა?! ამიტომ სთავაზობ ახლა დახმარებას?! ადვოკატს უნიშნავ, როცა მოქმედი ადვოკატი ყავს ადამიანს და ის არ აუცილებელია?! იქნებ საკუთარ ტყავს უფრთხილდები?! სად გაგონილა საქმეში ერთი მოწმე მეორეს დაცვას უნიშნავდეს, რატომ?! შენს ინტერესებში რომ იმოქმედოს იმიტომ?! და ახლა ვინმე დაიჯერებს, რომ შენ მართლა პატიმრის ბედი გადარდებს?!

თანაგიგრძნობ, ასე როგორ გაგიჭირდა, თავად გასაჭირში მყოფი პატიმრით ეცადო სამარცხვინო მდგომარეობიდან თავის დაღწევას?!

და ახლა, მივმართავ პროკურატურას, დროულად დაასრულოს ამ ცრუპენტელა ადამიანის მიერ გავრცელებული ჭორის საფუძველზე დაწყებული გამოძიება! ან დაამტკიცეთ, რომ ნაძირალა, მექრთამე, კორუმპირებული, უღირსი დეპუტატი ვარ ან ამ ადამიანს აგებინეთ პასუხი ცრუ დასმენისთვის, გამოძიების მიმართ ხელშეშლისთვის, ჩვენების მიცემაზე უარისთვის და კიდევ რა გითხრათ?, ორი სიმართლე არ არსებობს და ამის გარკვევას, განა რამდენი დრო ჭირდება?!

და კიდევ, იქნებ ჯობდა, თავიდანვე რიგითობა დაგეცვათ და ამ ყბადაღებულ საქმეში 2011 წლიდან მოყოლებული, ჯერ ჩემი და პატიმრების გამოგზავნილი საჩივრებისთვის გეპასუხათ სათანადოდ და შემდეგ ელისაშვილის ზღაპრებისთვის!”, – წერს მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში.

Leave A Reply

Your email address will not be published.