მარგველაშვილი: იმისთვის, რომ მიაღწიო თავისუფლებას და იყო თავისუფალი ადამიანი, განათლება და საკუთარი თავის გააზრებაა საჭირო

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის 22-ე საზეიმო ცერემონიას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ქვეყნის პირველმა პირმა კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა და სახელმწიფოს დემოკრატიზაციისა და განვითარებისათვის განათლების, როგორც უდიდესი ღირებულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მომავალი წელი მე გამოვაცხადე განათლების წლად! დღეს, აქ, უნივერსიტეტის რექტორმა მაკა იოსელიანმა ისაუბრა იმ თავისუფლებაზე, რომლითაც ცოცხლობს და ვითარდება ეს ინსტიტუტი და ჩემთვის ეს ორივე ღირებულება ძალიან მნიშვნელოვანია.

წელს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა აღვნიშნეთ და ხაზი გავუსვით, რომ ეს 25 წელი არის გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ. მომავალ წელს ამ გზას განვაგრძობთ სწორედ იმ ლოზუნგით, რაც ვახსენეთ, ეს არის განათლების გზა.

ეს ღირებულებები ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია; ისინი უნდა გაძლიერდეს ჩვენს საზოგადოებაში და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, რომლის 22-ე გამოშვებასაც ჩვენ დღეს ვზეიმობთ, მნიშვნელოვანწილად ჩემთვის ამ ღირებულებების განხორციელების სიმბოლოა.

პირველ რიგში, იმისთვის, რომ მიაღწიო თავისუფლებას და იყო თავისუფალი ადამიანი, საჭიროა განათლება და საკუთარი თავის გააზრება; საჭიროა გაიაზრო შენი ინტერესები და მიდრეკილებები, ის უნარები, რომლებიც შენ გაგაჩნია. ყოველივე ამას ვერ განახორციელებ, თუ არ გაქვს განათლება, ცოდნა და მისწრაფება, რომ შეიცნო როგორც საკუთარი თავი, ასევე სამყარო შენს ირგვლივ. GIPA სწორედ ამის ადგილი იყო და არის სწორედ პიროვნულ კონტექსტში. აქ შემოსულ სტუდენტს ეძლევა თავისუფლება შემოქმედების, განათლებისა და ცოდნის მეშვეობით შეიმეცნოს საკუთარი თავი. ეს ძალიან რთული და გარკვეულწილად მძიმე გზაა, რომელიც სტუდენტმა უნდა გაიაროს და ამ გზის გავლაში მას ლექტორები და ის ხალხი ეხმარება, რომლებიც GIPA-ში ამ ძნელ გზას სტუდენტთან ერთად გადიან.

დამერწმუნეთ, ვისაც საგანმანათლებლო სისტემაში უმუშავია, ძალიან რთულია, არა უბრალოდ დამახსოვრებული მატრიცებით გქონდეს ურთიერთობა სტუდენტებთან, არამედ სტუდენტთან ერთად დაიწყო საკუთარი თავის, საკუთარი გზის, იმის შემეცნება, თუ რა გაინტერესებს და როგორ გინდა, რომ გაიაზრო სამყარო შენს ირგვლივ. ეს ნამდვილად ხდება აქ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ემოცია და ის ენერგია, რომელსაც თქვენ ამ ემოციაში დებთ, იღებს განსაკუთრებულ ძალას იმ ადამიანებში, რომლებსაც GIPA უშვებს თავის კურსდამთავრებულების სახით.

მაგრამ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არა ინდივიდუალური ადამიანის თავისუფლება და მისი თვითშემეცნება, არამედ ის, თუ როგორ ახორციელებს ეს ადამიანი თავისუფლებას სოციალურად და პოლიტიკურად, და ეს სწორედ ის გზაა, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენმა სახელმწიფომ უნდა გაიაროს.

ჩვენ გავხდით დამოუკიდებლები 25 წლის წინ, ჩვენ შევძელით ბევრი რაღაცისგან გამიჯვნა; ამ პროცესში ჩვენ ძალიან რთული გზა გავიარეთ; ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია; გარდა ამისა, ბევრი ადამიანის ბიოგრაფიაც დაინგრა ამ რთულ გამოყოფაში, ჩვენი ქვეყნისა და დამოუკიდებლობის მოპოვებაში. მაგრამ, ამავე დროს გზა თავისუფლებისკენ, გზა იმისაკენ, რომ პიროვნული თავისუფლება გახდეს პოლიტიკური და სოციალური თავისუფლების ნაწილი, ჯერ კიდევ მნიშვნელოვანწილად გასავლელია; და კიდევ ერთხელ, მე GIPA-ს ვხედავ, როგორც იმ რესურსს სხვა ძალიან მნიშვნელოვან პროცესებთან და ინსტიტუტებთან ერთად, რომელიც ამ თავისუფლების პროცესს კვებავს. თავისუფლების პროცესი ნიშნავს საკუთარი და, რაც მთავარია, სხვათა პოლიტიკური უფლებების, თავისუფლებების გააზრებასა და აღიარებას, და სწორედ ამ თანაცხოვრებით ჩვენ ვქმნით ერთიან სოციალურ პოლიტიკურ სივრცეს.

ასეთი მიზნის მიღწევა მართლაც რთულია. არ არის მხოლოდ საჭირო უნარი, ცოდნა და ძალა საკმარისი იმისთვის, რომ შენი ინტერესები დაიცვა; მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უნარი, ცოდნა და ძალა იმისთვის, რომ საკუთარი ინტერესები საზოგადოების ინტერესებს მოარგო. ამ თვალსაზრისით, მართლაც მნიშვნელოვანი პრეცენდენტებია შესაქმნელი.

ამ თვალსაზრისითაც მსურს აღვნიშნო, რომ GIPA არის განსაკუთრებული და მინდა ბევრად მეტი ასეთი თავისუფალი გარემო, თავისუფლების შემქმნელი ინსტიტუტები და ადამიანები იყვნენ ჩვენს ირგვლივ. მადლობა მინდა ვუთხრა სტუდენტებს, რომლებიც რეალურად წარმოადგენენ და გაიტანენ ამ თავისუფალ სულსა და გარემოს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ბევრად უფრო დიდი მიღწევებისკენ უბიძგებენ ჩვენ ქვეყანას”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორმა მაკა იოსელიანმა მუდმივი თანადგომისათვისა და 2017 წლის განათლების წლად გამოცხადებისათვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი ოჯახთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ღონისძიებას საზღვარგარეთის პარტნიორი უნივერსიტეტებიდან, საელჩოებიდან, საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორიდან მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ.

Leave A Reply

Your email address will not be published.