მარგველაშვილმა ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწვიტა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა.

მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ შესაბამის ბრძანებულებას მარგველაშვილმა უკვე მოაწერა ხელი.

„საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 4 დეკემბრის N378 ბრძანებულებით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს, დაბადებულს 1967 წლის 21 დეკემბერს“, – ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებულებაში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ დასკვნა იუსტიციის სამინისტრომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ხელმოსაწერად გუშინ გადაუგზავნა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს წერილი მიმდინარე წლის 3 ნოემბერს ჩაბარდა. შესაბამისად, მას საკუთარი პოზიციის გამოსახატად ერთი თვე ჰქონდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.