მარიამ ვალიშვილი რუსეთის ბაზები და მათი ოჯახები აქედან ვამარაგოთ? ბოდიში, მაგრამ ეს უკვე აღარ გაგრძელდება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ვალიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აფხაზეთისთვის დამატებით ელექტროენერგიას აღარ შეიძენს. როგორც “ჰაინრიხ ბიოლის ფონდის” მიერ გამართულ საჯარო დისკუსიაზე ვალიშვილმა განაცხადა, „ენგურჰესზე“ შესაძლო შეზღუდვების შესახებ აფხაზეთს ერთი წლის განმავლობაში აფრთხილებდნენ.
“ენგურჰესზე დღეს არსებობს შეზღუდვები. ერთი წლის განმავლობაში ვაფრთხილებდით, რომ ასე იქნებოდა და ჩვენ აღარ განვახორციელებდით იმპორტს რუსეთისგან აფხაზეთის დასაკმაყოფილებლად“,-აღნიშნა ვალიშვილმა.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის განმარტებით, თებერვლის ბოლოს აფხაზეთი შესაძლოა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს. ვალიშვილის თქმით, დღეს ქართულ მხარეს “ენგურჰესი” 100 მილიონი აშშ დოლარი უჯდება.
„არ ვაპირებთ ელექტროენერგიის შემოტანას ჩვენი აქეთა მომხმარებელების ხარჯზე. თბილისზე, მილიონნახევრიან ქალაქზე მეტი მოხმარება აქვს აფხაზეთს. რუსეთის ბაზები და მათი ოჯახები აქედან ვამარაგოთ? ბოდიში, მაგრამ ეს უკვე აღარ გაგრძელდება. მათ მოუწევთ იმ რესურსში ჩატევა, რომელიც დღეს აქვთ“, – განუცხადა ვალიშვილმა ჟურნალისტებს.

Comments
Loading...