“მას პირდაპირ სწყურია, რომ პოლიტიკური ოპონენეტები დაიჭიროს და ციხეში ჩასვას”

გავლენიანი ამერიკული გამოცემა «Foreign Policy» -ი, საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის შესახებ მასალას აქვეყნებს. „საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინის ყველა პრობლემის გადაწყვეტისათვის ჯვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა, მაგრამ ასეთი მოქმედება მხოლოდ დროებითი ეფექტს მოიტანს. საჭიროა სიფრთხილის დაცვა
ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მოქმედება, რომელიც ხშირად გამოდის უკრაინის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმართული ბრალდებებით – „ყველანი კორუფციონერები ხართო“, ქვეყანას კორუფციასთან ბრძოლაში ვერ დაეხმარება“, – ნათქვამია გავლენიანი ამერიკული ჟურნალის სტატიაში.

პუბლიკაცია, რომლის ავტორია ამერიკის ატლანტიკური საბჭოს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, პოლიტოლოგი ადრიან კარატნიცკი, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერის ასახვით იწყება:

„მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა: მან თავისი სამშობლო საქართველო მას შემდეგ დატოვა, როცა ამომრჩევლებმა მის პარტიას უნდობლობა გამოუცხადეს, თვითონ კი პრეზიდენტობის ვადა ამოეწურა. მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თავისი პოლიტიკური ბედი სხვა სათამაშო მოედანზე ჰპოვა – უკრაინაში. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და სწრაფად იქცა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ მოღვაწედ… და არცთუ უსაფუძვლოდ: იგი მამაცი და რიხიანია (თუმცა მოჩვენებითად), აქვს ენერგიის ამოუწურავი მარაგი, მაცდუნებელია – მან უკრაინელები სიღარიბისა და კორუფციის პრობლემების იოლად და სწრაფი მოგვარების დაპირებებით მოხიბლა.

მიხეილ სააკაშვილის უკრაინული კარიერა 2015 წლის მაისში დაიწყო, როცა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ იგი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა – იმ ოლქში, რომელიც ტრადიციულად კორუფციითა და დამნაშავეობის მაღალი დონით იყო განთქმული. საქართველოს ექს-პრეზიდენტი საზოგადოებასთან ურთიერთობის ოსტატია და როცა იგი ოდესის ოლქის მოსახლეობას ხვდებოდა, მათ წინაშე პირობა დადო, რომ ოლქს კორუფციონერებისაგან გაწმენდდა. მართლაც, გუბერნატორმა ბევრი მაღალი და საშუალო რანგის ჩინოვნიკები თანამდებობიდან გადააყენა. თუმცა დიდ დროს არ გაუვლია, რომ მან განაცხადა, რომ კორუფციასთან ბრძოლაში ხელს უკრაინის მთავრობა მიშლისო.

„მიხეილ სააკაშვილმა ასევე აქეთ-იქით სირბილი დაიწყო და ოდესის ოლქში არ ჩერდებოდა, უფრო მეტ დროს კიევში ატარებდა, სადაც მის ქარიზმატულ ფიგურას ათასნაირი ხმაურიანი თოქ-შოუების მოწყობით, უკრაინულმა ტელეარხებმაც პოპულარობა მიამატეს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მაშინაც კი, როცა ამბობდა – არანაირი შორს მიმავალი პოლიტიკური ამბიციები არ მაქვსო – აშკარაა, რომ მაინც უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენ იაცენიუკის სავარძელს უმიზნებდა“, – წერს ადრიან კარატნიცკი.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში სწრაფად გახდა ანტიკორუფციონერ აქტივისტთა სულიჩამდგმელი. ექს-პრეზიდენტის მტკიცებით, უკრაინა წელიწადში კორუფციის გამო ხუთ მილიარდ დოლარს კარგავდა, განსაკუთრებით ხაზს უსვამდა, რომ ამ თანხის 20% კომპანია „უკრაინის რკინიგზების“ ხელმძღვანელთა ჯიბეში ილექებაო, თუმცა ეს განცხადება გაკეთდა ზეპირად, ყოველგვარი აუდიტისა და დეტალური ანალიზის გარეშე, – აღნიშნავს ავტორი. გარდა ამისა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა მსგავსი განცხადებები გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაქოვის მიმართაც, რაც ლანძღვა-გინებით, შეხლა-შემოხლით და წყლით სავსე ჭიქების ერთმანეთისადმი სროლით დასრულდა.

თავდაპირველად ისე ჩანდა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეტევები უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პოზიციების განმტკიცებისა და მისი ოპონენტის არსენ იაცენიუკის გავლენების დასუსტების მიზნით ხორციელდებოდა, მაგრამ ახლა ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ოდესის გუბერნატორის მოქმედება მხოლოდ პირადი მიზნებით, პირადი ამბიციებითაა განპირობებული. სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის ქარიზმამ და პოპულარულმა განცხადებებმა უკრაინის ბევრი პოლიტიკოსი და საზოგადოებრივი ლიდერი მოხიბლა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც უკვე უკმაყოფილონი არიან კორუფციასთან ბრძოლის ნელი ტემპების გამო.

ავტორი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტობის ჟამს, კორუფციასთან ბრძოლის დროს გარკვეულ წარმატებებს მიაღწია. პოლიტოლოგი არ ივიწყებს მის მიერ გატარებულ საბაზრო რეფორმებსაც, მაგრამ იმავდროულად მიუთითებს, რომ ექს-პრეზიდენტრს საერთაშორისო არენაზე არაერთგვაროვანი რეპუტაცია აქვს:

„კონფიდენციალურ საუბრებში ევროპის მაღალჩინოსანი ლიდერები მიხეილ სააკაშვილს ექსცენტრიულ, გაუწონასწორებელ, არამდგრადი და იმპულსური ხასიათის მქონე პიროვნებად მიიჩნევენ, რომლის გამოც მან თავისი სამშობლოს ბედი საფრთხის წინაშე დააყენა. საბოლოო ჯამში, უკრაინის პოლიტიკაში მის მზარდ როლს ბრიუსელში და სხვა ევროპულ დედაქალაქებში სკეპტიკურად უყურებენ“, – წერს პოლიტოლოგი.

ყველაზე საგანგაშო კი ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილს ავტორიტარული სტილით მართვა უყვარს. „მას პირდაპირ სწყურია, რომ პოლიტიკური ოპონენეტები დაიჭიროს და ციხეში ჩასვას. იმის ნაცვლად, რომ იგი თავის ოპონენტებს ნორმალურად, დემოკრატიული წესის დაცვით შეედაოს, პირიქით მოქმედებს – მათ ბრალს სდებს დანაშაულის ჩადენაში და დევნის. კორუფციას ოპონენტებისადმი ზეპირი ბრალდებებით კი არ უნდა ებრძოლო, არამედ აწონილ-დაწონილი, კარგად დოკუმენტირებული კონკრეტული დანაშაულის მამხილებელი მასალებით“, – აღნიშნავს ავტორი და უკრაინელ კორუფციასთან მებრძოლებს აფრთხილებს, რომ მიხეილ სააკაშვილისაგან თავი ცოტა შორს დაიჭირონ და დანაშაულობები დეტალურად გამოიძიონ.

„უკრაინამ რევოლუციის შემდგომი ორი მძიმე წელი, ეკონომიკური კრიზისი და ომი გადაიტანა. ქვეყანა დაიღალა. ხალხს მოთმინების ფიალა აევსო იმის გამო, რომ კორუფციასთან რეალური ბრძოლა ძალიან ნელი ტემპით მიდის. შეიძლება მოსახლეობა ამ ფონზე მოუთმენელი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურმა აღმასვლამ და განცხადებებმა აცდუნოს, შეიძლება მან შექმნას ილუზია იმისა, რომ ყველაფერი სწრაფად განხორციელდება. ეს ცდუნება შეიძლება ისე გაძლიერდეს, რომ მას უკვე წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევენ. ყოველივე ეს კი ქვეყანას იქამდე მიიყვანს, რომ უკრაინა კონვულსიაში აღმოჩნდება. აი, სწორედ ასეთ გარემოში გრძნობს თავს მიხეილ სააკაშვილი კომფორტულად“, – ასეთ დასკვნას აკეთებს ავტორი.

marshalpress.ge

Comments
Loading...