მასშტაბური საკადრო ცვლილებები საქართველოს პროკურატურაში

საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ამის შესახებ განცხადებას, მთავარი პროკურატურა აქვეყნებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ შოთაძემ საკადრო ცვლილებების გადაწყვეტილება პროკურატურის მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით მიიღო.

“საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურის მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით შიდა საკადრო ცვლილებები განახორციელა. საკადრო გადაადგილებების შედეგად ძირითადად ცვლილებები საოლქო და რაიონული პროკურატურების ხელმძღვანელებს შეეხო. კონკრეტულად კი შეიცვალა რამდენიმე ოლქის და რაიონული პროკურორი და მოადგილეები: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად ლევან პაქსაშვილი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორად ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად ლევან გეგეჭკორი, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორად შოთა ტყეშელაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად ილია ჯალაღანია დაინიშნა. რაც შეეხება თბილისის პროკურატურას და სხვა რაიონულ პროკურატურებს, შიდა საკადრო გადაადგილებების შედეგად თბილისის პროკურორის მოადგილედ-საგამოძიებო ნაწილის უფროსად მერაბ ჯერანაშვილი, ექვსი პირი სხვადასხვა რაიონულ პროკურორად, ხოლო ორი რაიონული პროკურორის მოადგილედ დაინიშნა. საკადრო ცვლილებები ასევე საქართველოს მთავარ პროკურატურასაც შეეხო. გადაადგილებები განხორციელდა რამდენიმე დეპარტამენტში, კერძოდ კი შეიცვალნენ უფროსები და მოადგილები. ასევე, პროკურატურის უწყებაში შიდა საკადრო გადაადგილების ფარგლებში, საქართველოს მთავარი პროკურორის ინიციატივით შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა სხდომაზე ოთხი რიგითი პროკურორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურების საკითხზე იმსჯელეს და მთავარ პროკურორს დადებითი რეკომენდაციები წარუდგინეს, რის შემდეგაც მთავარი პროკურორის ბრძანებით აღნიშნული პირები დააწინაურდნენ და სხვადასხვა თანამდებობაზე დაინიშნენ. საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები პროკურატურის მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებას ემსახურება, რის შედეგადაც თანამდებობებზე საერთო ჯამში ოცდაათი პირი დაინიშნა. ყველა განხორციელებული ცვლილება პროკურატურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება.,”-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

Comments
Loading...