მატარებლებში ბიბლიოთეკები მოეწყობა – წიგნების შეგროვება უკვე დაიწყო

„საქართველოს რკინიგზის“ მატარებლებში ბიბლიოთეკები მოეწყობა.

როგორც „ინფო 9“-ს „საქართველოს რკინიგზიდან“ აცნობეს, მატარებლით სწრაფი და კომფორტული მგზავრობა კიდევ უფრო სასიამოვნო გახდება, რადგან მგზავრებს საშუალება ექნებათ, მათთვის საინტერესო წიგნები წაიკითხონ.

მატარებლის ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შეგროვება მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაიწყო. ქუთაისი, ბათუმი, ოზურგეთი – ეს ის რკინიგზის სადგურებია, სადაც მოხალისეებმა, ავტორებმა და გამომცემლობებმა მატარებლის ბიბლიოთეკისთვის წიგნები მიიტანეს.

პროექტში აქტიურად ჩაერთო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც ბიბლიოთეკებს მოამარაგებს და მგზავრებს სხვადასხვა სახის ლიტერატურას შესთავაზებს. ასევე, შეიქმნება ელექტრონული ბაზა და საძიებო სისტემა, რომლის საშუალებითაც, მგზავრი სასურველ წიგნს ადვილად აირჩევს.

„გვსურს, მგზავრობა კიდევ უფრო საინტერესო და სასიამოვნო გავხადოთ. ასევე, გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ წიგნების კითხვის პოპულარიზაციის საქმეში. ბიბლიოთეკები გათვლილი იქნება სხვადასხვა გემოვნებისა და ასაკის მკითხველზე“, – აცხადებს „საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია.

„საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს ბევრ სიახლესა და სიურპრიზს მომავალშიც ჰპირდება.

Comments
Loading...