მაჟორიტარული სისტემა არ გაუქმდება!

საინფორმაციო პორტალი for.ge, საარჩევნო საკითხევზე, საინტერესო სტატიას გვთავაზობს:

პრემიერ-მინისტრი და არასაპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. გიორგი კვირიკაშვილისა და არასაპარლამენტო ინტერპარტიული ჯგუფის წევრების შეხვედრის თემა 2016 წლის საარჩევნო გარემო და საარჩევნო სისტემა იყო. როგორც ცნობილია, ინტერპარტიული ჯგუფი 2016 წლის საპარლამეტო არჩევნებზე მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და სამხარეო პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვს. მმართველი პარტია კი საარჩევნო სისტემის შეცვლას 2020 წლისთვის გეგმავს.

შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტიკურ პროცესში მაღალი ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ინტერპარტიული ჯგუფის მოსაზრებებზე ერთობლივი მსჯელობის მზადყოფნა გამოთქვა. პრემიერის განცხადებით, მთავრობა აბსოლუტურად მზად არის პოლიტიკურ პროცესში ჩართულობა იყოს გაცილებით უფრო მაღალი. კვირიკაშვილის შეფასებით, ეს ასევე მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ საქართველო იმყოფება ევროკავშირთან ასოცირების პროცესში და ბოლო პერიოდში, ქვეყანამ, ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

„აბსოლუტურად მზად ვართ იმისთვის, რომ ჩართულობა პოლიტიკურ პროცესში გაცილებით უფრო მაღალი იყოს. გვინდა, რომ დავამკვიდროთ ურთიერთობის მაღალი კულტურა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში ვაჩვენოთ ჩვენს პარტნიორებს მთელ მსოფლიოში, რომ ჩვენ შეგვიძლია ცივილიზებულად ვისაუბროთ ერთმანეთთან და არა მხოლოდ ვისაუბროთ, არამედ მოვისმინოთ ერთმანეთის და მართლაც სამაგალითო არჩევნები ჩავატაროთ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვიმყოფებით მნიშვნელოვან, ასოცირების პროცესში ევროკავშირთან“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის მამუკა კაციტაძის განცხადებით, პრემიერთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება ფორმატი, სადაც მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები პრობლემატურ საარჩევნო საკითხებზე იმსჯელებენ. კაციტაძის განცხადებით აღნიშნულ ჯგუფს ერთი თვის ვადა უნდა განესაზღვაროს, რადგან როგორც კაციტაძე აცხადებს, ეს ვადა საკმარისია პოზიციების შესაჯერებლად.

„ჩვენს მიერ დაყენებული თემებიდან, გლობალურ ცვლილებაზე, რასაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილება ჰქვია, პრემიერმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ ეს საკითხი განხილვის საგანი კვლავ გახდება მმართველ კოალიციაში და თუ საჭირო იქნება, ამ განხილვის პროცესში ჩვენი ჩართულობაც კი შეიძლება იყოს. ასევე, შეიქმნება უახლოეს დღეებში ფორმატი, რაც საარჩევნო გარემოს ყველა პრობლემატურ საკითხს გახდის მსჯელობის საგნად, დაწყებული სისტემიდან, დამთავრებული სხვა საკითხებზე, რითაც დღეს ჩვენ მივედით. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესი“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

მისი თქმით, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს კონკრეტულ და ფიქსირებულ დროსა და ვადაში. კერძოდ, უახლოეს დღეებში უნდა შეიქმნას ახალი ფორმატი და მისი მუშაობის ვადად 1 თვე განისაზღვროს.

„პირადად მე ვუთხარი პრემიერს, რომ თუ უახლოეს დღეებში მაგალითად, ერთ კვირაში, 10 დღეში შეიქმნება ეს ფორმატი და ფორმატის სამუშაო ვადად განისაზღვრება მაქსიმუმ ერთი თვე, აბსოლუტურად საკმარისია იმაზე, რომ შესაჯერებელზე შევჯერდეთ. ამის მერე იქნება საპარლამენტო იმპლემენტაცია და ჩათვალეთ, რომ 6 თვით ადრე არჩევნებამდე ჩვენ გვექნება შეცვლილი საარჩევნო სისტემა, რაც უკვე კარგია“, – ამბობს მამუკა კაციტაძე.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლებმა პრემიერთან შეხვედრაზე მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულზე გადასვლაზე ისაუბრეს, თუმცა შეხვდრაზე მაჟორიტარული სისტემის 2016 წლის არჩევნებისთვის გაუქმების საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა და ვერც იქნებოდა.

„პრემიერ-მინისტრის წინაშე ინტერპარტიულმა ჯგუფმა დააყენა ის მოთხოვნა, რომელიც ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მაჟორიტარული სისტემა არა 2020 წლისთვის, არამედ 2016 წლისთვის გაუქმდეს. დღეს ამ თემაზე გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა და ვერ იქნებოდა. ჩვენ მოვინიშნეთ ეს საკითხი. ვიცით, რომ როგორც ერთ, ისე მეორე მოდელს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები და პრემიერ-მინისტრის მხრიდან იყო დაპირება, რომ ის მმართველი კოალიციის ფარგლებში, გუნდურ რეჟიმში მიიღებს გადაწყვეტილებას“
, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, პრემიერის გადაწყვეტილებაა, რომ შეიქმნას დიალოგის ფორმატი, რომელიც ერთი მხრივ, ინტერპარტიულ ჯგუფს, ამ შემადგენლობით ან უფრო გაფართოებული შემადგენლობით და მეორე მხრივ, პრემიერს და მთავრობას მიეცეს საშუალება იყვნენ აზრთა გაცვლა-გამოცვლის რეჟიმში, რის შედეგადაც საარჩევნო პროცესში სხვადასხვა საინტერესო და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე მიღებულ იქნება გადაწყვეტილებები. თეა წულუკიანის განცხადებით, ეს შეთანხმება შედგა და ჯგუფის შეხვედრაც უახლოეს მომავალში დაიგეგმება პრემიერ-მინისტრის გრაფიკის მიხედვით.

Comments
Loading...