მდინარაძე გირჩის ინიციატივაზე: ლიბერალურები უნდა ვიყოთ, მაგრამ ამ ფორმით მიუღებელია

დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 20 თებერვლის სხდომაზე, გირჩის მიერ შედგენილი საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანას გულისხმობს.

მიიღებენ თუ არა აღნიშნულ ინიციატივას, კომიტეტმა საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოიტანა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, გირჩის ინიციატივაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მომდევნო სხდომაზე გამოაცხადებენ.

ინიციატივის თანახმად, კანონპროექტის მიღების შედეგად კანაფის (ზეთი, ფისი, ნაყენი, მცენარე) და მარიხუანის (გამომშრალი, ნედლი) მცირე ოდენობით უკანონოდ შენახვისთვის ან შეძენისთვის, გასაღების მიზნის გარეშე, ან ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის, უნდა გაუქმდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ასევე, ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის,უნდა გაუქმდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

კომიტეტის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია არსებული ფორმით შეთავაზებული ინიციატივა:

“ამ მიმართულებით უნდა ვიყოთ აბსოლუტურად ლიბერალურები, თუმცა, ამ ინიციატივაზე უარი იქედან გამომდინარე კი არ უნდა ვთქვთ, რომ იგი ნარკოტიკია და ჩვენ ამით დავამთავრეთ, არამედ, ამ ფორმით არის მიუღებელი და ვინაიდან ჩვენ ვმუშაობთ შესაბამის პაკეტზე, შესაბამის მიდგომებს ვავითარებთ და ჩვენი წინადედებები უნდა იყოს განხილული, ამის გამო ჩვენ დღეს უნდა ვთქვათ ამაზე უარი”

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის დავით მათიკაშვილის თქმით, “ხელაღებით ნარკოტიკულ საშუალებების დეკრიმინალიზაცია”, არ იქნება სწორი გადაწყვეტილება:

“ლიბერარული მიდგომა ერთგვარად ეფექტურობის განმსაზღვრელიც იქნება, თუმცა ასე ბრძოლა უნდა იყოს ეფეტური და ამ დროს უნდა იყოს ლიბერალური. ამ სახით, ეს კონკრეტული პოზიცია მიუღებელია, სწორედ იმიტომ რომ ჩვენ ჩვენს შემდგომ ნაბიჯებში უნდა განვავითაროთ”

on.ge

Comments
Loading...