„მძინარე მზეთუნახავის სინდრომი“ – ვერაგი დაავადება ლამაზი სახელით

მძინარე მზეთუნახავი, რომელზეც შარლ პერო თავის ზღაპარში წერდა, შეიძლება ცხოვრებაშიც შეგხვდეთ, თუმცა რეალობა ზღაპრიდან ძალიან შორსაა. ამ ადამიანებს დარღვეული აქვთ ძილის ფაზა, არიან აღგზნებულები და აგრესიულები, უჩივიან სისუსტეს და დაღლილობას, აწუხებთ სმენითი და მხედველობითი ჰალუცინაციები, აღიზიანებთ დღის შუქი და ხმაური. ამ იშვიათი ნევროლოგიური დაავადების ოფიციალური სახელწოდება კლეინ-ლევინის, ანუ მძინარე მზეთუნახავის სინდრომია. 

დაავადების საწყის ეტაპზე პაციენტი გამუდმებულ ძილიანობას უჩივის და დღის უმეტესი ნაწილი სძინავს. იღვიძებს მხილოდ იმისთვის, რომ საკვები მიიღოს და ბიოლოგიური მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს. ასეთი მდგომარეობა დღეების, კვირების და თვეების მანძილზე გრძელდება, რაც, ბუნებრივია, ცხოვრების წესს მთლიანად ცვლის.
„მძინარე მზეთუნახავს“ საკუთარ თავზე ზრუნვა, სასწავლებელში ან სამსახურში სიარული აღარ შეუძლია. გაღვიძებისას პაციენტს აღენიშნება  მაღალი ტემპერატურა,  პულსისა და არტერიული წნევის ცვალებადობა, დეზორიენტაცია, გონების არევა და ემოციური გადაღლა. ჩნდება მეხსიერებისა და ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემები, მეტყველების დარღვევა. რამდენიმე შემთხვევაში აღინიშნა კვებითი ჩვევების შეცვლა და ჰიპერსექსუალურობა. დაავადება პროგრესირებადია და თანდათან ცვლის ადამიანის ცხოვრების სტილს. ადამიანები უბრალოდ, ეთიშებიან ოჯახს, სამსახურს, ახლობლებს და მთლიანად ძილის სამყაროში ეშვებიან.
როგორც ექიმები ამბობენ, დაავადება ძალიან ნელა ვლინდება და ხილული სიმპტომების გარეშე, ოთხი წლის განმავლობაში პროგრესირებს.
მისი განვითარების მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.
კლეინ-ლევინის სინდრომის შესამსუბუქებლად, ექიმებს გარკვეული მედიკამენტების დანიშვნა და ამით ჰიპერსომნიის ეფექტთან შეწინააღმდეგება შეუძლიათ,  თუმცა თანმდევ კოგნიტურ დარღვევებს ვერაფრით ამსუბუქებენ. ექიმები ამბობენ, რომ ასეთი პაციენტის მდგომარეობას აუცილებლად მომვლელი ან ოჯახის წევრი უნდა აკონტროლებდეს.
2005 წლიდან კლეინ-ლევინის ფონდი, სტენფორდის უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრთან ერთად, კლეინ-ლევინის სინდრომის გამომწვევი მიზეზების დასადგენად სამეცნერო-კვლევით პროგრამას ახორცელებს.
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ამ ვერაგი დაავადების გამომწვევ მიზეზს ადრე თუ გვიან დაადგენენ.

წყარო: ფანთაიმი

Comments
Loading...