„მე მეყოფოდა ჭკუა, რომ ჯერ საერთოდ არ შევხებოდი “რუსთავი 2”-ს და მერე დროებითი მმართველი ასე სწრაფად არ შემეყვანა“

„ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, მე მეყოფოდა ჭკუა, რომ ჯერ საერთოდ არ შევხებოდი “რუსთავი 2”-ს და მერე დროებითი მმართველი ასე სწრაფად არ შემეყვანა , – ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა შესაბამის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
მთავრობის ყოფილი მეთაურის განმარტებით, პოლიტიკურად მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებები მთავრობას აზიანებს, თუმცა “სამართლებრივად ჯერ არავის დაუსაბუთებია, რომ მან კანონი დაარღვია”.
“შექმნილი სიტუაცია არ არის მთავრობისთვის ხელსაყრელი, ეს არის ხელსაყრელი სწორედ “ნაციონალური მოძრაობისთვის”. როგორ აწიეს თემა, ნახეთ. ოსტატები არიან. განა არ ვიცოდი, რომ ამას იზამდნენ? ეს რომ ჩემზე ყოფილიყო დამოკდებული, მე მაგის ჭკუა მეყოფოდა, რომ ჯერ საერთოდ არ შევხებოდი “რუსთავი 2”-ს და მერე ეს დროებითი მმართველი ასე სწრაფად არ შეგვეყვანა. მე ამის ჭკუა მეყოფოდა. რა მოყვებოდა ამას, ძალიან იოლი დასანახი იყო – “ნაციონალური მოძრაობის” ხელმწერა ხომ კარგად ვიცით, მაგრამ ამავდროულად რა ვუყოთ დვალს, აქიმიძეს და ხალვაშს? მათ აქვთ კანონიერი უფლება, იდაონ იმაზე, რაც წაართვეს”, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.