“მე ნამდვილად ვიცი ვლადიმირ პუტინის განწყობა…”

„დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის პრეზიდენტს რეალურად სურს საქართველოსთან ურთიერთობის დარეგულირება”, – ამის შესახებ „რეპორტიორთან” საუბრისას „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთს არ სჭირდება საქართველოსთან დაძაბული ურთიერთობა, თუმცა, ეს მისთვის არ არის დიდი ტრაგედია. „რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო ვართ დაინტერესებული, რომ რუსეთთან ურთიერთობები გაუმჯობესდეს, ვიდრე რუსეთი. მაგრამ მე ნამდვილად ვიცი ვლადიმირ პუტინის განწყობა, რომელსაც უნდა, საქართველოსთან ჰქონდეს კეთილმეზობლური დამოკიდებულება”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი პოზიტიურად აფასებს რუსეთის პრეზიდენტის მზაობას საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით. როგორც ბურჯანაძე ამბობს, მისთვის ამის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისში იყო.

„პუტინის განცხადება ჩემთვის უცხო არ იყო, მე ჯერ კიდევ ივნისში ვთქვი, რომ რუსეთის პოლიტიკურ წრეებში არსებობდა მზაობა და განწყობა, გაუქმებულიყო სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩემი ვიზიტის დროს მქონდა უმაღლეს დონეზე საუბარები, სადაც დავაყენე საკითხი, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვიზების გაუქმება, რადგან მართლა ბევრი ადამიანი წუხს და სერიოზული პრობლემების წინაშე დგება ამ ვიზების გამო. სწორედ ამ შეხვედრებზე მივიღე დასტური, რომ რუსეთის ხელისუფლება მზადაა, ამ თემაზე იმუშაონ და გადაწყვეტილება მიიღონ. ამ თემის ირგვლივ მზაობა თავად რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა. მიმაჩნია, რომ გვაქვს სერიოზული შანსი, სწორედ პუტინის პრეზიდენტობის დროს, სერიოზული ნაბიჯები გადაიდგას რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზაციის თვალსაზრისით, ოღონდ ამას სჭირდება სერიოზული პოლიტიკური ნება”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ამასთან, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ქართველი პოლიტიკოსების საპასუხო განცხადებებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ თუ „ბრიყვული პოლიტიკა” გაგრძელდა, შესაძლოა, რუსეთმა ვიზების გაუქმების გადაწყვეტილება აღარც მიიღოს.

„თუ ქართული მხარე, როგორც ყოველთვის, გააგრძელებს ბრიყვულ პოლიტიკას და გააკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომელიც დღეს მესმის, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან. არ არის გამორიცხული, ეს გაკეთებული საქმე გაფუჭდეს და შეჩერდეს გადაწყვეტიელბის მიღება. განცხადებებს რომ ვისმენ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს კი არ სჭირდება ვიზების გაუქმება, არამედ თითქოს რუსეთს სჭირდება. ეს კი ასე ნამდვილად არ არის”, – განაცხადა ბურჯანაძემ „რეპორტიორთან” საუბრისას.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის გაუარესების ინიციატორი არ ყოფილა და მზად არის, ეს ურთიერთობა აღადგინოს.

„რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს პირველ რიგში ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხის საქმეა, მათთან უნდა იმუშაოთ. ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებთ”, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, მოსკოვი საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისგან “სიგნალებს ხედავს” და მზად არის, ეს სიგნალები მიიღოს.

„რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, ჩვენ ვფიქრობთ და ჩვენ მზად ვართ, სავიზო რეჟიმი გავაუქმოთ”, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

reportiori.ge

Comments
Loading...