მელორ ვაჩნაძე პოლიტიკაში მიდის – “ნომერში 800 ლარი გადავიხადე, რომ არ გავეჩერებინეთ”

„ნიუპოსტზე“ გავრცელებულმა მასალამ სახელწოდებით – SU 001 SS – მელორ ვაჩნაძე სუს-ის მაღალჩინოსანის მანქანით ნადირობს? საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოწვია.
მასალაზე განმარტება გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. უწყების პრესსამსახურის უფროსის განცხადებით, „ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ SS-US სერიით სარგებლობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები“.

ნინო გიორგობიანმა აღნიშნა, რომ აღნიშნული სერიის მანქანები სუს-ს საერთოდ არ ჰყავს და განმარტავს,რომ SU-SS და SS-US სერიით ნომრის აღება მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

„ნიუპოსტის“ რედაქციაში თავად ვაჩნაძემ დარეკა და იმის გარკვევას შეეცადა, რატომ ან ვისი დავალებით მომზადდა აღნიშნული მასალა.

ე.წ პოლიტპატიმრის განცხადებებს უცვლელად გთავაზობთ.

მელორ ვაჩნაძე: ძალიან მაინტერესებს რამ ან ვინ შთაგაგონათ ამ მასალის მომზადება?

– ვის ეკუთვნის აღნიშნული ავტომიბილი?

– ეს ავტომობილი ნამდვილად იყო ჩემს საკუთრებაში. თუმცა წელიწადზე მეტია რაც გავყიდე, ჩემმა ძმაკაცმა მიყიდა.

– რატომ SU 001 SS ?

– ამ ნომერში 800 ლარი გადავიხადე. ვინაიდან წელიწადნახევარი აკრძალვა მაქვს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის, ავიღე ეს სერია, რომ არ გავეჩერებინეთ.

– ანუ აკრძალვის მიუხედავად, მაინც მართავდით ავტომობილს?

– დიახ ვატარებდი. ავტომობილი რომ მიყიდეს, იმ პერიოდში შემეძინა ქალიშვილი. მას სჭირდებოდა ექიმთან მიყვანა, ძალიან ბევრ ადგილას უნდა წამეყვანა. ამიტომ ვიჯექი ხოლმე ამ მანქანაზე. მართვის მოწმობა ამ წუთსაც არ მაქვს. მეტსაც გეტყვით, ორჯერ ვარ დაჯარიმებული, იმიტომ რომ ავტომობილს აკრძალვის მიუხედავად ვატარებდი. რა პრობლემებს ქმნით ვერ გავიგე?

– საჯარო ფიგურა ბრძანდებით, სოც.ქსელში საინტერესიო ფოტო დადეთ და ბუნებრივია გაჩნდა კითხვა…

– იცით, რომ ეს ავტომობილი ნახევრად ბანკს ეკუთვნოდა, რადგან უმუშევარი ვარ და ვალები მქონდა? ორი შვილი მყავს, დამჭირდა და გავყიდე.

– მელორ თქვენ ახალი ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერი ბრძანდებოდით. როგორ ფიქრობთ, რატომ ხართ უმუშევარი, რატომ ვერ დასაქმდით “ოცნების ხელისუფლების” პირობებში?

– ერთი წამი შენ შემოგევლე, მე „ნაციონალების“ წინააღმდეგი ვიყავი. მატერიალური მხარის გამო არასდროს დავპირისპირებულვარ ვინმეს. ნაციონალებს მათი პოლიტიკის გამო ვებრძოდი. რაც შეეხება ჩემს დაუსაქმებლობას, ეს ამ მთავრობის არჩევანია. მე სხვა – პოლიტიკური მიზნები მაქვს. მანქანის საკითხს სანამ დაწერთ, გადაამოწმეთ – მორჩით ჭორაობას.

– ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით თქვენთან დაკავშირებას, თუმცა მიუწვდომელი ბრძანდებოდით.

– ხო, ნომერი გამორთული მაქვს. სერიოზული სააგენტოა როგორც ვიცი და არ გინდათ ეს ჭორებზე დაყრდნობით ინფორმაციების გავრცელება. მასალის ბოლოს მიაწერეთ – მელორამ ბოღმიანები მოგიკითხათქო.
წყარო

დავით ჯაბაშვილი

Comments
Loading...