მერაბ მეტრეველმა პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა

ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა პოლიტიკური გაერთიანება „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ დატოვა.

მეტრეველმა დღეს გამართულ ბრიფინგზე საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა.

„არსებობს რაღაც მიზეზები, რის გამოც, ვთქვათ, ვიღაცასთან ერთად ყოფნა მიუღებელია. ეს მიზეზები უკვე ითქვა, რომ ეს გაერთიანება ჩემთვის იყო მიუღებელი. სწორედ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. მინდა, პარტიას ვუსურვო წარმატებები და გამარჯვება არჩევნებზე“, – განაცხადა მეტრეველმა.

ამასთან, თავად პაატა ბურჭულაძემ მერაბ მეტრეველს წარმატებები უსურვა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„მერაბ მეტრეველი ტოვებს ჩვენს პარტიას. ჩვენ ამაზე გვქონდა უკვე საუბარი. ეს ძალიან დიდი დანაკარგია ჩვენთვის. მინდა გზა დავულოცო და მადლობა ვუთხრა გაწეული სამუშაოსთვის“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

მერაბ მეტრეველი პაატა ბურჭულაძის პარტიისა და საარჩევნო ბლოკ „ვაშაძე-ჯაფარიძე ახალი არჩევანის“ გაერთიანებით უკმაყოფილო იყო. პაატა ბურჭულაძის პარტია და საარჩევნო ბლოკი „ვაშაძე-ჯაფარიძე ახალი არჩევანი“ გაერთიანდნენ. გაერთიანების შედეგად, შეიქმნა ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომლის სახელწოდება „პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ იქნება.

Comments
Loading...