„მერიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებები ცირკს ემსგავსება,”- ალეკო ელისაშვილი

თბილისის მერიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს საკრებულოს დეპუტატები ეხმაურებიან. დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი, მიიჩნევს, რომ დედაქალაქის მერის მოადგილედ გიორგი ლილუაშვილის წარდგენა ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება.

„მერიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებები ცირკს ემსგავსება, ორმოები არ ივსება და ეს კარუსელი ტრიალებს და ტრიალებს, ბარემ მერია გავაუქმოთ და ქართუ ჯგუფი იყოს თბილისის მმართველი,“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საკრებულოს ნაციონალურ მოძრაობაშიც მიაჩნიათ, რომ მერიაში განხორციელებული საკადრო გადაადგილებები ყოფილ პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის, სახელს უკავშირდება.

“დედაქალაქის საქმიანობაში არაფერი სასიკეთო არ იცვლება. ლილუაშვილის საზოგადოებას გაეცნო, როგორც პანორამა თბილისის პროექტის ხელმძღვანელი და ახლა ამ პროექტის ლობისტი იქნება,” – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მერიაში საკადრო ცვლილებას თბილისის საკრებულოს ფრაქცია გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობაც არ უჭერს მხარს. ამის შესახებ ფრაქციის წევრმა, ზაზა ვეკუამ, განაცხადა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი, და მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე, კი გიორგი ლილუაშვილის პროფესიონალიზმზე ამახვილებენ ყურადღებას დ აღნიშნავენ, რომ ის ძლიერი კადრია.

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი

Leave A Reply

Your email address will not be published.