მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებზე ძებნა გამოცხადდა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა და ააიპ ,,თბილისის განვითარების ფონდის’’ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულ პირებს დავით ალავიძესა და ალექსი თაბუაშვილს აღკვეთის ღონისძიება – გირაო პატიმრობით შეუცვალა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ვინაიდან, დავით ალავიძე და ალექსი თაბუაშვილი დღემდე თავს არიდებენ სასამართლოში გამოცხადებას და იმყოფებიან მიმალვაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების დაცვით, მათ მიმართ გამოცხადდება ძებნა.
“თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა და ააიპ ,,თბილისის განვითარების ფონდის’’ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულ პირებს დავით ალავიძესა და ალექსი თაბუაშვილს აღკვეთის ღონისძიება – გირაო პატიმრობით შეუცვალა.
2013 წლის 26 ივლისს, თბილისის მერის ყოფილ მოადგილეს დავით ალავიძესა და თბილისის მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს ალექსი თაბუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 – 10 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა, რაც სხვა ვალდებულებებთან ერთად, ბრალდებულების სასამართლოში გამოცხადების გარანტი უნდა ყოფილიყო. აღნიშნულმა პირებმა დაარღვიეს გირაოს პირობები და მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, თავი აარიდეს სასამართლოში გამოცხადებას. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება და იშუამდგომლა მოსამართლის წინაშე დავით ალავიძისა და ალექსი თაბუაშვილისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დავით ალავიძესა და ალექსი თაბუაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება წარედგინათ 2013 წლის 27 ივნისს. მათ ბრალად ედებათ 2011-2012 წლებში, ქ. თბილისის მერთან გიორგი უგულავასთან ერთად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ააიპ ,,თბილისის განვითარების ფონდის’’ კუთვნილი დიდი ოდენობით 48 900 822 ლარის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა.
ვინაიდან, დავით ალავიძე და ალექსი თაბუაშვილი დღემდე თავს არიდებენ სასამართლოში გამოცხადებას და იმყოფებიან მიმალვაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების დაცვით, მათ მიმართ გამოცხადდება ძებნა”,-აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

Leave A Reply

Your email address will not be published.