მერიის ზედამხედველობის სმსახურმა ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობის კონსტრუქციები აიღო

ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობის უნებართვო კონსტრუქციები აიღეს.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მისი ცნობით, ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ გათავსებული გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა გაიტანეს. ტერიტორია ,,თბილსერვის ჯგუფმა“ დაასუფთავა.

მერიის ინფორმაციით, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილეს, შეეწყვიტათ უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა.

თბილისის მერის მოადგილის გიგა ნიკოლეიშვილის განცხადებით, გარემოვაჭრეებს ბაზრობებზე საქმიანობის გაგრძელება 6 თვის განმავლობაში უსასყიდლოდ შეუძლიათ.

,,მიმდინარეობს ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა ხისა და რკინის კონსტრუქციებისგან, რომლებიც განკუთვნილი იყო გარევაჭრობისთვის. დღეიდან გარემოვაჭრეებს საქმიანობის გაგრძელების უფლება აღარ მიეცემათ. მათ ვთავაზობთ ალტერნატიულ ფართებს ვარკეთილის ტერიტორიაზე განთავსებულ ბაზრობებზე იგივე პირობებით, რომ 6 თვის განმავლობაში უსასყიდლოდ გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას“, – განაცხადა გიგა ნიკოლეიშვილმა.

მერიის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობასთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად, ის ბაზრობები და ორგანიზებული სავაჭრო სივრცეები, რომლებიც ერთიანდებიან ბაზრობების ასოციაციაში, გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ სავაჭრო ადგილებს სთავაზობენ. იმ ტერიტორიებზე მომუშავე გარემოვაჭრეების ნაწილი, სადაც გარევაჭრობა დარეგულირდა, სამეწარმეო საქმიანობას უკვე სავაჭრო სივრცეებსა და ბაზრობებზე აგრძელებს. გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ ,,დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეუძლიათ.

მერიაში აცხადებენ, რომ გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით, თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებს, ასევე მაჟორიტარ დეპუტატებს მოქალაქეებმა არაერთხელ მიმართეს. „გარდა იმისა, რომ გარევაჭრობა უკანონოდ ხორციელდება, ასევე, ირღვევა მალფუჭებადი პროდუქციის შენახვის პირობები, ხდება გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა, ჩნდება ანტისანიტარია, მახინჯდება თბილისის იერსახე და ფერხდება გადაადგილება“, – განაცხადეს მერიაში.

მათივე თქმით, თბილისის მერიამ უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 19 მარტს, მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. ანალოგიურ ღონისძიებებს მერია მომავალშიც განახორციელებს და მოვაჭრეებს უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ.

Comments
Loading...