მეტრეველი: პრეზიდენტ მარგველაშვილის კომპეტენტურობასა და გულწრფელობაში ეჭვი მეპარება

ტექნიკური უნივერსიტეტის კავკასიის ისტორიის, გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის დირექტორი ნიკოლოზ მეტრეველი პრეზიდენტის არჩევის წესზე საუბრობს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის არჩევა საქართველოში არაპიდაპირი წესით უნდა ხდებოდეს.

 

„რაც შეეხება პრეზიდენტის ინსტიტუტს და პრეზიდენტის არჩევის წესს, ვფიქრობ, დამეთანხმებით, რომ სააკაშვილის  მმართველობის პერიოდში  ამ ინსტიტუტის სრული დისკრედიტაცია მოხდა საქართველოში და სამწუხაროდ, ვერც გიორგი მარგველაშვილმა შეძლო  ინსტიტუციის ავტორიტეტის აღდგენა.

პრეზიდენტი  მარგველაშვილი, რომლის  კომპეტენტურობასა და  გულწრფელობაშიც  ეჭვი მეპარება,  ხშირად აპელირებს იმაზე, რომ ის ამ მაღალ თანამდებობას საერთო სახალხო გადაწყვეტილებით იკავებს, რაც ჩემთვის პირადად და ალბათ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისათვისაც, სამწუხაროდ,  საკამათოა.

მაგრამ ეს ფაქტი მას სრულიად არ  ათავისუფლებს იმ წილი პასუხისმგებლობიდან, რომელსაც მას ამჟამინდელი თანამდებობა აკისრებს. არ მინდა დავიჯერო, რომ მას კიდევაც აწყობს ამჟამინდელი კონსტიტუციის ნაკლოვანებები.

შეუძლებლად მიმაჩნია, პრეზიდენტი მარგველაშვილი ერთხელ მაინც არ დაფიქრებულიყო, თუ როგორი ბუნდოვანი და სამართლებრივი წინააღმდეგობითაა დატვირთული  საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი კონსტიტუციაში. ამიტომაც, თუ მას არ შეუძლია ან არ სურს ქვეყნისათვის  ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში მონაწილეობა, პროცესს ხელი მაინც არ უნდა შეუშალოს.  

ახალი დემოკრატიის ქვეყნებში და, რა თქმა უნდა, საქართველოშიც  ყოველთვის არსებობს იმის საშიშროება, რომ პრეზიდენტად იქნას არჩეული გაუწონასწორებელი და ავტორიტარიზმისადმი  მიდრეკილი ადამიანი.

მივუბრუნდები სააკაშვილის მმართველობის სამარცხვინო მაგალითს, ეს ადამიანი სერიოზულად ცდილობდა, საქართველო  ველურ აღმოსავლურ სატრაპიად ექცია.  თუ  გადავხედავთ  ისტორიას,  მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში აღმოვაჩენთ ანალოგიებს.

ჩვენს  ქვეყანას კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი  კლასიკური დემოკრატიისაკენ. ამ გზაზე სიარულისას ყველა შესაძლო  რისკ ფაქტორია გასათვალისწინებელი. პრეზიდენტის  არჩევის  წესი, იმ ფუნქციით, რასაც საქართველოს მოქმედი კოსტიტუცია და  ახალი კონსტიტუციის რედაქცია პრეზიდენტის ინსტიტუტს განუსაზღვრავს, დარწმუნებული ვარ, არჩევა არაპირდაპირი წესით უნდა ხდებოდეს”, –  განაცხადა ტელეკომპანია „ობიექტივის” ეთერში, ტექნიკური უნივერსიტეტის კავკასიის ისტორიის, გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის დირექტორმა ნიკოლოზ მეტრეველმა.

Comments
Loading...