ამ წლის 5-დან 14 აპრილამდე ვირტუალური ტელესკოპი Event Horizon Telescope (EHT), რომელიც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მზადდებოდა, ჩვენი გალაქტიკის ზემასიურ შავ ხვრელს პირდაპირ გადაუღებს ფოტოს. EHT რეალურად იმ რადიოტელესკოპების მასივია, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებშია განთავსებული მსოფლიო მასშტაბით

ძალიან გრძელი საბაზისო ხაზის ინტერფერომეტრიის ტექნიკის გამოყენებით, EHT-ს გუნდი გეგმავს, რომ პროექტში მონაწილე ყველა ობსერვატორია ერთ უზარმაზარ ტელესკოპად გადააქციოს. საჭიროა ტელესკოპი, რომელიც ძალიან დიდი და მძლავრია, რადგან მშვილდოსანი A* ჩვენთვის სხვა არაფერია, თუ არა პაწაწინა წერტილი ცაში. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მისი მასა მზის მასას 4 მილიონჯერ აღემატება, თუმცა, მისი დიამეტრი სულ რაღაც 20 მილიონი კილომეტრია, დაშორება კი – ძალიან დიდი. EHT-ს გუნდის თქმით, მშვილდოსან A*-ზე დაკვირვება იგივეა, რაც მთვარეზე მყოფი გრეიფრუტის გადაღება დედამიწიდან.

მონაწილე ობსერვატორიების მოსამზადებლად გუნდმა ისინი აღჭურვა ატომური საათებითა და უზარმაზარი ტევადობის მყარი დისკებით. მეცნიერები ელიან, რომ დიდი მოცულობის მონაცემებს შეაგროვებენ, ამიტომ ისინი 10 000 ლეპტოპის ტევადობის მყარ დისკებს იყენებენ.

მკვლევრების თქმით, შავი ხვრელის ისტორიულ ფოტოს 2018 წლის დასაწყისში ვიხილავთ. რასაც ისინი ელიან, ძალიან ემგვანება გასულ წელს მათ მიერ ჩატარებულ სიმულაციას:

ფოტო: NASA/UMass/D.Wang et al., IR: NASA/STScI / Feryel Ozel (event horizon simulation)

ალბერტ აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიის თანახმად, ჩვენ დავინახავთ სინათლის ნამგალს, რომელიც გარს აკრავს მუქი წვეთის მსგავს სტრუქტურას. ამ სინათლეს აირი და მტვერი ასხივებს, სანამ მათ შავი ხვრელი გადასანსლავს, ხოლო მუქი წვეთის მსგავსი სტრუქტურა კი ამ ქაოსზე აღბეჭდილი ჩრდილია. შეიძლება სხვა რამეც დავინახოთ ამ ყველაფერთან ერთად? გუნდის ლიდერმა შეფერდ დოლიმენმა ჰარვარდ-სმითსონიანის ასტროფიზიკური ცენტრიდან, BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა:

“როგორც უკვე ვთქვი, არასოდეს არ სცადოთ აინშტაინის თეორიების წინააღმდეგ წასვლა, მაგრამ თუ დავინახეთ ისეთი რამ, რაც ძალიან განსხვავებული იყო მოსალოდნელისგან, ჩვენ საშუალება გვექნება, გრავიტაციის თეორიას ახალი კუთხით შევხედოთ”.