მიხარია, რომ ჩემს იუბილეს სწორედ საქართველოში აღვნიშნავ

რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერალი ვალერი მელაძე დღეს თბილისში, სპორტის სასახლეში, 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს გამართავს. ესტრადის უკანასკნელი რომანტიკოსის ოდისეა სამშობლოში სრულდება.

კონცერტის ორგანიზატორია საერთაშორისო პროდაქშენ ჯგუფი „ტრიდა” და კომპანია „არტ მედეა”.

როგორც „სითი კვირას” კონცერტის ორგანიზატორებმა განუცხადეს, კონცერტი იქნება ვალერი მელაძის ერთგვარი შემოქმედებითი ანგარიში ქართველი მსმენელის წინაშე.

მათივე თქმით, ძმების, ვალერი და კონსტანტინე მელაძეების შემოქმედებითი ტანდემი, ქართულ ბრენდად აღიქმება, ალბათ, იმიტომ, რომ ყველგან სამშობლოს ქომაგია.

„მსოფლიოს მრავალი სცენა, უფრო მრავალი თაყვანისცემელი, დიდი აღიარება და უფრო დიდი სურვილი საქართველოში სიმღერისა, იქ, სადაც ყველაზე ამაღელვებელია, იქ, სადაც ადვილად ვერ იმღერებ. ყველგან და ყოველთვის, სადაც ხმა მიუწვდება და ამოეღება, საქართველოს ქომაგია. ძმები მელაძეების შემოქმედებითი ტანდემი ქართულ ბრენდად აღიქმება, თუმცა, აქ არ ჩამოყალიბებულა. დიდი გზა სიმღერის შესრულების ქართული მანერიდან საკუთარ მანერამდე”, – აცხადებენ ორგანიზატორები.

ცნობილმა მომღერალმა – ვალერი მელაძემ, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას” რამდენიმე კითხვას უპასუხა:

– რას ნიშნავს თქვენთვის საქართველო და ქართველი მსმენელი?

 

– მოგეხსენებათ, რომ საქართველოში, კერძოდ კი, ბათუმში დავიბადე, შესაბამისად, ეს ქვეყანა ჩემთვის მნიშვნელოვანია და განსაკუთრებულად მიყვარს. ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ ვარ ქართველი. მიხარია, რომ ჩემს იუბილეს სწორედ საქართველოში აღვნიშნავ და მსმენელის წინაშე ყველაზე ძვირფასი და საყვარელი სიმღერებით წარვდგები.

 

– როგორ ემზადებით კონცერტებისთვის?

 

– არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ვღელავ. ვიცი, რომ ბოლომდე დავიხარჯები, რადგან მინდა დიდი სითბო და სიყვარული გამოვხატო ქართველი აუდიტორიის მიმართ, რა თქმა უნდა, იგივეს ველი მათგან. რეპერტუარი, რომელიც შევარჩიე, ჩემთვის ყველაზე საყვარელი სიმღერებია, დარწმუნებული ვარ, ორივე კონცერტი თბილისშიც და ბათუმშიც დიდხანს მემახსოვრება მეც და ჩემს მსმენელსაც.

ვალერი მელაძის საიუბილეო ტური დედაქალაქიდან, მომღერლის მშობლიურ ქალაქ ბათუმში გაგრძელდება. ის თბილისში გუშინ ჩამოფრინდა და მისი ვიზიტი 10 მაისამდე გასტანს.

თბილისის შემდეგ მომღერალი კონცერტს ბათუმში, სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში – 9 მაისს გამართავს.

„ბილეთებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. იმედი გვაქვს, რომ ორივე კონცერტი წარმატებული იქნება და ქართველ მსმენელს დიდხანს გაჰყვება ის ემოცია და სითბო, რომელსაც ცნობილი მომღერალი მათ გაუზიარებს. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ გადაწყვეტილი და დაგეგმილი ეს კონკრეტული დღეები, დროა, შეიძინოთ ბილეთები და მოემზადოთ ყველასთვის ცნობილ მომღერალთან – ვალერი მელაძესთან შესახვედრად”, – აცხადებენ კონცერტის ორგანიზატორები.

წყარო: http://reportiori.ge/

Comments
Loading...