მიხეილ ჯანელიძე ადასტურებს, რომ გია ცერცვაძის დაკავების შესახებ განცხადება მიიღეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დღეს დაადასტურა, რომ 16 იანვარს უკრაინიდან მიიღეს განცხადება გია ცერცვაძის დაკავებასთან დაკავშირებით.

“ჩვენ ნამდვილად მივიღეთ განცხადება 16 იანვარს. იმ დღესვე მოხდა ინფორმირება ჩვენი საელჩოსი უკრაინაში, ასევე, საკონსულოსი. 16 იანვარს მივმართეთ ნოტით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს.  მას შემდეგ საელჩო და ჩვენი კონსული არის ყოველდღიურ კონტაქტზე შესაბამის უკრაინის ორგანოებთან და სამსახურებთან. მათ შორის ცერცვაძის ადვოკატთან. შეთავაზებულია ყველა ტიპის დახმარება, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გვაუწიოთ ჩვენს მოქალაქეებს” ,- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მისივე თქმით,  საგარეო საქმეთა სამინისტრო ისევე, როგორც მთელი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, მხოლოდ ერთი მიზნისთვის,  რომ დაიცვას საკუთარი მოქალაქის უფლებები.
გია ცერცვაძე 2017 წლის 15 იანვარს დააკავეს უკრაინის სამართალდამცავებმა, 17 იანვარს კი, კიევის სასამართლომ 40 დღით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენაში ედავება.
ცერცვაძის საქმეზე უკრაინის სააპელაციო სასამართლოში პროცესი ხვალ გაიმართება.

Comments
Loading...