მიხეილ ჯანელიძე – საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობები ასეთი ახლო და მჭიდრო არასდროს ყოფილა

საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობები ასეთი ახლო და მჭიდრო არასდროს ყოფილა, – ასე აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს, რომლის ფარგლებშიც აშშ-ს სახელმწიფო მდივან რექს ტელერსონთანაც გამართა შეხვედრა.

როგორც ჯანელიძემ ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა, ეს იყო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი უმნიშვნელოვანეს პერიოდში.
მისივე თქმით, აშშ-ს სახელწმიფო მდივანთან შეხვედრა არის უნიკალური შესაძლებლობა, რაც ადასტურებს აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას.

„ჩვენ მოგვიწია შეხვედრა, როდესაც ახალი ადმინისტრაცია აყალიბებს თავის ხედვებს საერთაშორისო პოლიტიკისადმი, აშშ-ს ქმედებებისადმი საერთაშორისო ასპარეზზე და ეს შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს მთავრობას მიეცა, არის უნიკალური შესაძლებლობა, რაც ადასტურებს აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას და ურთიერთობას. ეს პირველ რიგში შედეგია იმ პოლიტიკის, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის შედეგი იმისა, რომ საქართველო არის ლიდერი ქვეყანა რეგიონში, როგორც დემოკრატიული ტრანსფორმაციის, ასევე იმ რეფორმების კუთხით, რომელიც უკავშირდება სტაბილურობას, განვითარებას. არასდროს ყოფილა ჩვენი ურთიერთობები აშშ-სთან ასეთი ახლო და მჭიდრო. ამას ხაზი გაესვა ყველა შეხვედრაზე როგორც თეთრ სახლში, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესში. კიდევ ერთხელ ვიგრძენით მხარდაჭერა გამოხატული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისადმი და სუვერენიტეტისადმი“, – განაცხადა ჯანელიძემ.
მისივე თქმით, აშშ და ახალი ადმინისტრაცია, საქართველოს უყურებს როგორც ძალიან დიდი შესაძლებლობების მქონე ქვეყანას რეგიონში და ის მხარს უჭერს იმ პოლიტიკას, რომ საქართველო გახდეს რეგიონალური ჰაბი ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, ასევე საქართველომ შეასრულოს ის ფუნქცია, რომელიც უკავშირდება ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ფუნქციას.
ამასთან, ჯანელიძის თქმით, საუბარი შეეხო იმ ვიზიტებსაც, რომლებიც განხორციელდა კონგრესში. „ჩვენ ვისაუბრეთ იმ ვიზიტებზე, რომლებიც განხორციელდება კონგრესში. ჩვენი პარლამენტარების ძალიან წარმატებული ვიზიტი იყო მიმდინარე კვირაში. გაიმართა 30-მდე შეხვედრა როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ კომუნიკაციას. ის პლატფორმა, რომელიც ჩამოყალიბებულია, რომელიც შექმნილია, იძლევა აბსოლუტურად იმის გარანტიას, რომ გვექნება აქტიური კომუნიკაცია, რომლის ფარგლებშიც განვიხილავთ, ყველა ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატში არსებულ საკითხს საქართველოსა და აშშ-ს შორის“, – განაცხადა ჯანელიძემ.

Comments
Loading...