მიხეილ სააკაშვილი: მზად ვართ დავიბრუნოთ ხელისუფლება

“ჩვენ გვჯეროდა იმისა, რაც არც ფულით იყიდება, არც ტყვიით ჩერდება და ეს იყო ჩვენი პასუხიმსგებლობა საქართველოს წინაშე”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელმა მიხეილ სააკაშვილმა პარტიის ყრილობაზე აშშ-დან ჩართვისას განაცხადა.

“ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია საქართველოს ისტორიაში, რომელიც უსისხლო რევოლუციით მოვიდა ხელისუფლებაში, ერთადერთი პარტია ვართ, რომელმაც მაშინ აიღო პასუხისმგებლობა ქვეყანაზე, როცა ყველას ხელი ჰქონდა ჩაქნეული საქართველოზე, უშუქობის, უბედურების, კრიმინალის თარეშის პირობებში. ჩვენ ვართ პარტია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს განახორციელა ის რეფორმები, რომელზეც საუბრობდა რომანი, ლარის კურსის სიმყარე გაიზარდა, ბიუჯეტი გაიზარდა, დაავიწდა ხალხს უშუქობა, უპენსიობა. ჩვენ ვართ ის პარტია და ახლა ლევანი მიზის აქ გვერდით, რომელმაც გაათავისუფლა და საქართველოს დაუბრუნა აჭარა და ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როცა პუტინს კონტროლიდან დაუძვრა რომელიმე პოსტსაბჭოთა რეგიონი, რომლებზეც ის არის ჩაფრენილი თავისი კლანჭებით.

ეს არის ერთადერთი შემთხვევა ამ ათწლეულების განმავლობაში. იმათ გასაგონად, ვინც იძახის, რომ ნაციონალური მოძრაობა არჩევნებს ემტერება, ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, ათწლეულების განმავლობაში, რომელმაც ჩაუყარა საფუძველი ამ ტრადიციას და ხელისუფლება გადააბარა მშვიდობიანად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე, მხოლოდ ჩვენმა პარტიამ გაუძლო ამ გამოცდას, ვიყავით ოპოზიცია, გავხდით ხელისუფლება, შემდეგ ისევ გარდავიქმენით ოპოზიციად და ახლა ისევ მზად ვართ დავიბრუნოთ ხელისუფლება და ასეთი რამ საქართველოს პოლიტიკურ ისტორიასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკურ ისტორიას არ ახსოვს”,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ipress.ge

Comments
Loading...