საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ნაცმოძრაობის” დაყოფასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ პარტიასთან მიმართებით ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის გეგმა ვერ განხორციელდა.
“ჩვენმა ხალხმა აჩვენა თავისი ძალა და არ დაუშვა “ნაციონალური მოძრაობის” ხელში ჩაგდებისა და ჩემი პარტიიდან გაშვების ივანიშვილისეული გეგმის განხორციელება.
“განდგომილების” რაოდენობა დღეს ყველამ ნახა, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” მრავალრიცხოვანებასა და ძალაში ყველა დარწმუნდება 20 იანვრის ყრილობაზე. გიგიმ კი, რომელმაც ჩემზე უფრო მეტი ისაუბრა, ვიდრე მის ციხეში ჩამსმელ ოლიგარქზე, ოქრუაშვილი გამახსენა და ადამიანურად შემეცოდა. დამთავრდა ნაცრის თავზე დაყრა და ლუზერების მმართველობა. პარტია ერთიანი და ძლიერია, როგორც არასდროს ბოლო 4 წლის განმავლობაში, ვინაიდან მისი კონტროლი დაიბრუნა რამდენიმე ათეულმა ათასმა აქტივისტმა. მომავალში უნდა მივიღოთ კანონი, რომელიც საშუალებას მისცემს ამომრჩეველს, მოტყუების შემთხვევაში უკან გაიხმოს დეპუტატი”, – წერს სააკაშვილი საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გამიჯნულმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პარტიის დატოვებისა და ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნის შესახებ განაცხადეს.
პარტია ე.წ. ბოკერია-უგულავას ფლანგი გამოეყო.
“ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება თავმჯდომარის საკითხმა გამოიწვია.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრთა ნაწილი პარტიის თავმჯდომარედ მიხეილ სააკაშვილის დარჩენის მომხრეა, დარჩენილი ნაწილი კი, ყოფილ პრეზიდენტს უპირისპირდება. პარტიაში ასევე დაპირისპირებაა 20 იანვრის ყრილობასთან დაკავშირებითაც.